ფეხბურთი

19:07 | 10.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

დახეული ბუცებიდან ჩემპიონთა ლიგამდე: სადიო მანე მაგარი ფეხბურთელი და სამაგალითო ადამიანი

სადიო მანემ „ლივერპულში“ სადებიუტო მატჩიშივე შეძლო შთაბეჭდილების მოხდენა, როდესაც კალუმ ჩემბერსსა და ნაჩო მონრეალს თავგზა აუბნია და „არსენალის“ კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.

ისევე, როგორც ორი წლით ადრე, როდესაც „საუთჰემპტონში“ დებიუტი იმავე „არსენალთან“ ჰქონდა ინგლისის ლიგის თასზე და პენალტი გამოიმუშავა.

მანეს თვისებები კარგად იყო ცნობილი სენეგალის პატარა ქალაქ სედიუში, სადაც პურით და ფეხბურთით გაიზარდა მტვრიან ქუჩებში. 15 წლის ასაკში სადიო ქვეყნის ჩრდილოეთით გაემგზავრა, დაკარში, სადაც მისი კარიერა დაიწყო.

„როდესაც ჩემთან გასაუბრების დრო მოვიდა, ერთი მოხუცი ისე მეკითხებოდა, თითქოს არასწორ ადგილას ვიყავი: „ამ ბუცებით? შეხედე, როგორ შეიძლება თამაშზე იფიქრო ასეთი ბუცებით"?, - მეკითხება. სინამდვილეში ბუცები მართლაც ძველი და დახეული იყო. შემდეგ კი ისევ მან განაგრძო კითხვების დასმა: „და, შორტები? ფეხბურთის შორტები არ გაქვს?“ ვუპასუხე, რომ მე იქ საუკეთესო აღჭურვილობით მივედი, რაც მქონდა და მხოლოდ ფეხბურთის თამაში მსურდა, რომ ჩემი თვისებების დემონსტრირება მომეხდინა. როდესაც მოედანზე გავედი, ის მაშინვე გაოცდა და მალევე მითხრა: „მე შენ აგიყვან. შენ, ჩემს გუნდში ითამაშებ“.

სადიო მანე დახეული ბუცებით მოხვდა აკადემიაში, სადაც ასევე ვარჯიშობდნენ დიაფრა სახო და პაპის სისე. თუმცა, ეს ადვილი არ ყოფილა, რადგან მშობლებს სადიოს ფეხბურთელობის დიდად არ სჯეროდათ და ეს ამბავი არც ხიბლავდათ:

„ჩემს ქალაქში ფეხბურთს ქუჩაში ვთამაშობდი, ან, სადაც ეს შესაძლებელი იყო ყველგან. ყველა მეუბნებოდა, რომ საუკეთესო ვიყავი, მაგრამ ჩემს ოჯახში ფეხბურთის პერსპექტივა არ მოსწონდათ. ისინი ძალიან რელიგიურები არიან და ჩემთვის განსხვავებული მომავალი სურდათ. თავიდან წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს ერთადერთი რამ იყო, რაც მინდოდა და მეხმარებოდნენ“.

დღეს ისინი დიდი სიამაყით უყურებენ მანეს, როდესაც პრემიერლიგის მცველებს სისხლს უშრობს და მასთან ახლოს არიან, როდესაც სამშობლოში ბრუნდება. ყოველჯერზე, როცა სენეგალის ნაკრებს იცვამს, საშუალება აქვს მთელ მსოფლიოს აჩვენოს მთელი თავისი მადლიერება.

მისი კარიერა ეტაპობრივად ვითარდებოდა. ჯერ იყო „მეცი“, შემდეგ „ზალცბურგი“, „საუთჰემპტონი“ და პირველი შეხვედრა იურგენ კლოპთან“, მისი ბედის ადამიანთან, რომელსაც სადიოს შეძენა ჯერ კიდევ „ლივერპულამდე“, 2012 წელს „დორტმუნდში“ სურდა.

„ჩემს თავს უბრალოდ ვუთხარი, რომ უნდა ვიშრომო მაქსიმალურად, რადგან ადრე თუ გვიან რაღაც კარგი მოხდებოდა. ეს შევძელი. გადავედი „საუთჰემპტონში“, კარგად ვთამაშობდი და კლოპს ჩემი შეძენა ისევ მოუნდა“.

როდესაც „ემირეითსზე“ სადებიუტო თამაშში „არსენალს“ გაუტანა, მანე სათადარიგო სკამისკენ გაიქცა, კლოპისკენ. ეს იყო აღნიშვნა და გათავისუფლება იმ რთული პერიოდისგან, რომელიც მან წარსულში გამოიარა.

„მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და წასვლა ადვილი არ იყო. მენატრებოდა ჩემი ოჯახი, დედასთან და დებთან ყოფნა. მაგრამ ფეხბურთელი რომ გავმხდარიყავი, ეს ყველაფერი უნდა გამეკეთებინა და ვიცოდი, რომ იმ რთულ დღეებში ჩემი მიზნისკენ სწრაფვა მეხმარებოდა. ბევრი, ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი იყო ჩემს გარშემო, სადაც გავიზარდე, მაგრამ არ ჰქონიათ შესაძლებლობა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელები გამხდარიყვნენ. მე ახლა აქ ვარ, სინანულის გარეშე და ჩემი ოცნებით ვცხოვრობ“.

ოცნება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე და აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელობამდე მიიყვანა, დაამარცხა რა, მოჰამედ სალაჰი და რიად მაჰრეზი. არ დაგვავიწყდეს „ოქროს ბურთის“ ნომინაციაში მეოთხე ადგილი ლიონელ მესის, ვირჯილ ვან დეიკისა და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ.

მანეს არაფერი ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი აქვს. მიუხედავად ამისა, იგივე ბიჭია, რომელმაც თავისი კარიერა დახეული ბუცებით დაიწყო:

„რატომ უნდა მინდოდეს ათი ფერარი, ოცი საათი და ორი თვითმფრინავი? რას იზამენ ეს ნივთები ჩემთვის და მსოფლიოსთვის? დღეს, იმის წყალობით, რასაც ფეხბურთი მაძლევს, შემიძლია დავეხმარო ჩემს ხალხს, ავაშენე სკოლები და სტადიონები, ვუგზავნი ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და საკვებს უკიდურეს სიღატაკეში მყოფ ადამიანებს. მირჩევნია, რომ ჩემმა ხალხმა მიიღოს გარკვეული რაღაც, რაც მე ცხოვრებამ მომცა“.

დღეს, შესანიშნავი ფეხბურთელი და უპირველეს ყოვლისა, სამაგალითო ადამიანი, სადიო მანე 28 წლის გახდა...

0.077032