იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ექიმმა ენრიკო კასტელაჩიმ კორონავირუსის პანდემიის ფონზე საფეხბურთო სეზონის განახლებაზე ისაუბრა. იტალიელი პროფესორი საკმაოდ პესიმისტური განცხადებით გამოვიდა და აღნიშნა, რომ მანამდე ჯერ ძალიან ადრეა.
კასტელაჩი ფიქრობს, რომ თუ სეზონი განახლდება და ერთ ფეხბურთელს ვირუსი აღმოაჩნდება, ეს კატასტროფა იქნება.
„სეზონის განახლების შემდეგ თუნდაც ერთი შემთხვევის გამოვლენა კატასტროფა იქნება. ჩინეთი ჩვენთან შედარებით ორი თვით წინაა, მაგრამ ვარჯიში ახლახან განაახლეს და ჯერ არ გადაუწყვეტავთ როდის დაიწყებენ სეზონს. ამას დიდი სიფრთხილე სჭირდება, მესმის, რომ ფინანსურ პრობლემებს იწვევს სეზონის შეჩერება, მაგრამ არამხოლოდ ბიზნესს, არამედ ექიმებსაც უნდა მოვუსმინოთ.
გერმანიაში ვარჯიში დაიწყეს? გულწრფელად გეტყვით, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. ფეხბურთი კონტრასტული სპორტია, შეგიძლია ივარჯიშო, მაგრამ ადრე თუ გვიან თამაში საჭიროა. ვირუსის მოშორება ადვილი არაა, თუნდაც გარკვეული ზომებით ივარჯიშო“, - განაცხადა კასტელაჩიმ.