კალათბურთი

18:49 | 8.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

NBA - ეპილოგი

NBA დიდი ლიგაა. დიდი და საინტერესო ბიჭებით. NBA განუმეორებელი კრებულია, ერთდროულად საოცარი და მძიმე მოგონებებით სავსე.

ამ ლიგას ყველაფერი უნახავს - ცალი ფეხით ჩატარებული ფინალით, 20 წლიანი ერთგულებებითა და გაწყვეტილი მყესებით თამაშიდან დაწყებული, Load Management-ითა და სუპერ-გუნდში გადასვლით დასრულებული...

უნახავს უამრავი სწორი თუ არასწორი არჩევანი - მეჯიქიდან და ლებრონიდან დაწყებული, ენტონი ბენეტითა და კვამე ბრაუნით დამთავრებული...

ამ ლიგის ნაწილია ყველაფერი სტივ კერის საოცარი ტყორცნისა და ფინალის გადამწყვეტ მომენტში დანკანის სკამზე დასმის ჩათვლით...

NBA ერთი დიდი ორგანიზმია, რომელიც უკვე (და მხოლოდ) 73 წლისაა და ამ დროში მან ბოსტონით დაწყებული, ჩიკაგოთი, ლოს-ანჯელესითა და ოკლენდით დამთავრებული, ყველაფერი გვაჩვენა.

გვაჩვენა როგორც ცუდი, ისე ოქროს ბიჭები. ვნახეთ მისი განვითარების თითოეული ეტაპი - ინდივიდების დომინაციიდან ვარსკვლავურ ხუთეულამდე...

ყველაფერი...

?!

ერთგვარი ტომ რიდლის დღიური ავიღოთ და ამ თემაზე საუბარი 10-15 წლის წინ დავიწყოთ.

რომელ წელზე შევჯერდეთ? 2004? 2007? ან, იქნებ 2010?

იყოს ყველაზე ახლო - 2010. რა ხდება ახლა ლიგაში?

  • გვახსოვს ბილი, უილტი, მეჯიქი, ლარი, ჯაბარი... მაიკლი...
  • ვუყურებთ ლებრონს, უეიდს, დირკს, დანკანს, მანუს, მელოს, ჰოვარდს, გარნეტს... მამბას...
  • „ლეიკერსმა“ „სელტიქსზე“ შური იძია და სხვაობა ერთ ბეჭდამდე შეამცირა - 17:16 კელტების სასარგებლოდ. თავის მხრივ, მხოლოდ ერთი ბეჭედი უკლია ბრაიანტს ჯორდანამდე;
  • დრაფტზეპირველ ნომრად ჯონ ვოლი აირჩიეს, რომლის თამაშს ყველა მოუთმენლად ელის. მასთან ერთად, ლიგაში სხვა ბიჭებიც მოვიდნენ - მე-5 არჩევანი „კინგსმა“ ქაზენსზე შეაჭერა, მე-9 და მე-10 პიკები კი, შესაბამისად, გორდონ ჰეივორდი და პოლ ჯორჯი გახდნენ. ჩვენში დარჩეს და ეს 3 პატარა ბიჭი შემთხვევით ამოვარჩიე, ისე კი, პირველი ათეულიდან ყველაზე დიდ იმედებს ევან ტერნერზე, უესლი ჯონსონზე, ეკპე უდოსა და ალ-ფარუქ ამინუზე ამყარებენ;
  • გვაინტერესებს, მოერევა თუ არა ახლახანს შექმნილი ვარსკვლავური „ჰიტი“ კობისა და მის „ლეიკერსს“;
  • ნელ-ნელა იმაზე ფიქრიც კი გაგვიელვებს თავში, თუ რა შემადგენლობით წავა 2 წლის შემდეგ აშშ ოლიმპიადაზე - ვიხილავთ მორიგ DREAM TEAM-ს თუ პეკინის ოქროს დასჯერდებიან და ვარსკვლავებს აღარ დატვირთავენ;
  • ერთი შეხედვით, აშკარაა, თუ რა უნდა მოხდეს უახლოეს რამდენიმე წელიწადში და მეტ-ნაკლებად მაინც ვიცით, თუ ვისგან უნდა ველოდოთ ამას.

მოლოდინები გავიარეთ, მაგრამ რა ხდება რეალურად ამ დროს? მაშინ, როდესაც უმეტესობა კობისა და ლებრონის ფინალს ველით, ჩემპიონი „მავერიქსი“ ხდება - გუნდი, რომელშიც დეშუან სტივენსონსა და ბარეას მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ და გზად კობისაც და ლებრონსაც ხახამშრალს ტოვებენ. ფინალური სერიის შემდეგ, ალბათ, გულშემატკივართა დიდი ნაწილი ისეთივე გაოგნებულია, როგორც რამდენიმე კვირის წინ, როდესაც დირკმა და მისმა გუნდელებმა „ლეიკერსი“20 სამქულიანითა და თითქმის 40 ქულიანი სხვაობით 6 თვიან შვებულებაში გაუშვეს.

  • კიდევ რა ხდება?

ის, რომ ლიგის მომავალი ვარსკვლავი საინტერესო პროექტის ნაწილია და შედეგამდე, თითქოს, არც ისე ბევრი უკლია, მაგრამ სულ რაღაც 2 წლის შემდეგ, სიეტლიდან ოკლაჰომაში დიდი ამბით გადატანილი „პროექტი“ იმედების გამართლების ნაცვლად, მათ გაცრუებას დაიწყებს, 6 წელიწადში კი ისე დასამარდება, რომ მისგან ყველაზე დიდ „მოგონებებად“ ფინალში გამანადგურებელი მარცხი, ჰარდენის ჰიუსტონში გაქცევა და 3:1-დან წაგებული სერია დარჩება. დიდი იმედგაცრუება...

კობი, ლებრონი და დურანტი 2010-შიც, 2020-შიც და ორი ათას რომელიც გინდათ, იმ წელშიც ლაპარაკის ობიექტები იქნებიან და მოდი, ისეთ თემებზე გადავიდეთ, რომლებზეც 2010 წელს არ ვლაპარაკობთ და სულ ტყუილად.

შარშან ლიგაშიმოვიდა ბიჭი, რომელსაც ბევრი ეუბნებოდა, რომ NBA მისი ლიგა არ იყო და რომ აქ დიდი და კუნთიანი ბიჭები მარტივად დაჩაგრავდნენ, თუმცა არაერთი მიკრო თუ მაკრო ტრავმის მიუხედავად, ამ ბიჭმა, მარტივად რომ ვთქვათ, იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე იმავე დრაფტზე მასზე წინ არჩეულმა ტაირიკ ევანსმა, ჰაშიმ ტაბიტმა და ჯონი ფლინმა (სუბიექტურობაში არ ჩამომართვათ) ერთად.

მალევე ეს ბიჭი დაიმტვრა და მოულოდნელად კარგად ათამაშებულ გამთამაშებელზე თითქმის ყველამ ხელი ჩაიქნია. მარტივია - „ჯერ აქამდე რა იყო და ასეთი ტრავმების მერე რაღა იქნება?“. ეს რეაქცია ბევრს გვქონდა და თითქოს სრულიად ლოგიკურადაც, რადგან ტრავმების შემდეგ ძველ დონეზე დაბრუნება ყველას არ შეუძლია, უფრო მაღალ დონეზე გასვლა კი თითზე ჩამოსათვლელთა ხვედრია.

ყველაფერი დღესავით ნათელია, მაგრამ რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ ეს ბიჭი შემდეგი 8 წლის განმავლობაში კობის, ლებრონს, დურანტსა და სხვა დანარჩენს არაერთხელ დაჩაგრავს და გახდება პირველი (!) მოთამაშე ისტორიაში, რომელიც რეგულარული სეზონის MVP-ის გამოკითხვაში ქულათა მაქსიმუმს დააგროვებს, პროცესში კი კალათბურთს 180°-ით შეცვლის? სავარაუდოდ, დამცინებთ და მეც დავნებდები ან ჯიუტად გადავალ „მე თქვენ გაჩვენებთ“ რეჟიმში. სინამდვილეში, მე ვერაფერს გაჩვენებთ და ვერსად გადავალ, უბრალოდ სტეფ კარი აფეთქდება და ისეთებს დაატრიალებს, აქამდე რომ ნამდვილად არ გვინახავს. დიახ, სწორედ ის კარი, რომელზე წინაც მინესოტამ თავის დროზე რიკი რუკიო და ჯონი ფლინი დააყენა.

დიახ, ჩვენ არ ვიცით სტეფი, ჯერ ჰარდენიც პატარა ბიჭია, მოკლე წვერით. აქ მეფე ჯერ 25 წლისაა და ჩემპიონობის გემო არ გაუსინჯავს. არარეალურად დომინირებს სუპერმენი, რომელიც სულ რამდენიმე წელიწადში ჯავალ მაკგის (ხო, იმის, “ვიზარდსში“ რომაა და ტენის) შემცვლელი გახდება...

  • და რა ხდება ამ დროსNBA-ს გარეთ?

სადღაც, სერბეთში, რთულად გადაადგილდება ჭარბწონიანი ბიჭი, რომელიც მალე მთელ მსოფლიოს დაანახებს, რომ ცენტრის მოვალეობა, შესაძლოა, ფარქვეშ მუშაობის გარდა, სხვა ბევრი რამაც იყოს.

ჩიკაგოს ერთ-ერთი სკოლის გუნდში სათვალეებიანი გამთამაშებელია, რომელიც სიმაღლეში უეცრად გაიზარდა და ახალი სხეულის სამართავად იმდენს იშრომებს, რომ 7-8 წელიწადში ლიგის (ერთ-ერთი) საუკეთესო „მაღალი“ გახდება.

კამერუნიდან ამერიკაში გადაბარგებაზე ფიქრობს მაღალი და გამხდარი ბიჭი, რომელსაც ჯერ კიდევ უჭირს კალათბურთსა და ფრენბურთს შორის არჩევანის გაკეთება.

სლოვენიაში 11 წლის ბავშვი გაუაზრებლად დასდევს ბურთს მხოლოდ იმიტომ, რომ ამით უდიდეს სიამოვნებას იღებს და NBA-ში კი არა, „რეალსა“ და ეროვნულ ნაკრებში თამაშიც არ წარმოუდგენია, მაგრამ ამ ბიჭის სახელი 10 წელიწადში აბსოლუტურად ყველა გულშემატკივარს პირზე ეკერება.

დიახ, ჩვენ საერთოდ არ ვიცით იოკიჩი, დევისი, ემბიდი და დონჩიჩი... არც კლეიზე, დრეიმონდზე, ლილარდსა და სიმონსზე გვაქვს რაიმე ინფორმაცია... იანისიკი საერთოდ 3 წელიწადში გამოჩნდება და თამაშზე მეტად იმით მიიპყრობს უმრავლესობის ყურადღებას, რომ ზურგზე ასოთა საოცრად რთულად წარმოსათქმელი წყობა ეწერება.

არც ტეიტუმის სახელი გვსმენია და არც ლონზო-ინგრამი-ზაიონის ტრიოზე ვიცით რამე...

ახლა სხვა დროა და აქ ყველა სხვა ტრიოზე საუბრობს...

ეს მხოლოდ საოცარი ათწლეულის დასაწყისია...

ეს სტატიაც მხოლოდ დასაწყისია იმ ყველაფრის, რაც მომავალში გელით, რადგან NBA პატარა ლიგაა, ახალგაზრდა და პერსპექტიული ბიჭებით...

წყარო - NBA დიდი ლიგაა...

თეგებიNBA
0.121308