ფეხბურთი

19:28 | 7.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

სახელის და წარსულის ამარა

XX საუკუნის მიწურულსა და XXI საუკუნის დასაწყისში ესპანურ ფეხბურთში ამინდის ერთ-ერთი შემქმნელი ლა კორუნისს „დეპორტივო“ იყო. თუმცა დღევანდელი რეალობა რადიკალურად განსხვავებულია.

„დეპორი“ უკვე კარგა ხანია ლა ლიგისა და ლა ლიგა 2-ს შორის მოგზაურობით „იწონებს“ თავს და სტაბილურობა მისთვის უცხო ხილად იქცა.

თუმცა როგორც უკვე ვთქვით, კლუბის ისტორიაში ფერადი და მზიანი დღეებიც იყო. 1999-2000 წლების სეზონში „დეპორტივომ“ ისტორიულ შედეგს უწია და ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ამავე ტიტულთან გალისიელები კიდევ ხუთჯერ იყვნენ ახლოს, 1950, 1994, 1995, 2001 და 2002 წლებში მეორე ადგილს შესწვდნენ და ერთი საფეხური დააკლდათ საჩემპიონო ტიტულამდე. ამასთან1995 და 2002 წლებში ესპანეთის თასი მოიგო, ხოლო 1995, 2000 და 2002 წლებში ესპანეთის სუპერთასიც.

„დეპორტივოს“ ოქროს ხანა ხავიერ ირურეტას სახელს უკავშირდება, რომლის თავკაცობით თეთრ-ლურჯებმა 1998-2005 წლებში ოთხი ტიტული შემატეს მონაგარს და პარალელურად ჩემპიონთა ლიგაზეც არაერთ ხმაურიან გამაჯვებას მიაღწიეს.

მაქსიმუმი ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირში ნახევარფინალი გამოდგა, ეს 2003-2004 წლებსი სეზონში, როდესაც მომავალ ჩემპიონ „პორტუსთან“ ორი მატჩის ჯამში 0:1 დამარცხდა და ფინალს მიღმა დარჩა. თუმცა, იქამდე იტალიური ფეხბურთის მეტრები დაამარცხა. „იუვენტუსს“ ორჯერ მოუგო 1:0, ხოლო უფრო აღსანიშნავი „მილანთან“ დაუვიწყარი ქამ-ბექი იყო. მეოთხედფინალის პირველი მატჩი ესპანურმა გუნდმა „სან სიროზე“ 1:4 წააგო და რა უნდა მომხდარიყო, რომ შემდეგ ეტაპზე „როსონერი“ ვერ გასულიყო. მაგრამ „რიასორზე“ „დეპორტივო“ დაფრინავდა და კარლო ანჩელოტის „მილანს“, რომელიც ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტი გახლდათ, 4:0 გადაურბინა.

მართლაც საოცარი გუნდი იყო მაშინდელი „დეპორტივო“, სხვადასხვა პერიოდთ საოცარი ფეხბურთელები ჰყავდა - როი მაკაი, ხუან კარლოს ვალერონი, მაურო სილვა, ვალტერ პანდიანი, რივალდო, დიეგო ტრისტანი, ალბერტ ლუკე, ნურედინ ნაიბეტი, ხოსე მოლინა და სხვანი.

მაგრამ დრო წარსულმა წაიღო და აწმყო „დეპორისთვის“ საგანგაშოა. გასულ სეზონში ერთი ნაბიჯი დააკლდა პრიმერაში დაბრუნებამდე, პლეი-ოფში დამარცხდა. და ახლა? სეგუნდა დივიზიონში 31 ტურის შემდეგ 35 ქულით გასავარდ ზონაშია მე-19 ადგილზე და კაცმა არ იცის, რა ელოდება. დიდი შანსია, ერთ დროს ეფექტური „დეპორი“ ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში ვიხილოთ...

თეგებიდეპორტივო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.10845