დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის წარმომადგენელ გუნდებთან ვიდეოკონფერენცია გამართა. შეხვედრას ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი შალვა გოგოლაძეც ესწრებოდა.
როგორც სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განაცხადა, მოცემულ ვითარებაში თითქმის შეუძლებელია, რომ სეზონი გეგმისამებრ, 36 ტურად ჩატარდეს, ამიტომ, ცვლილებები მოსალოდნელია. ფორმატის ცვლილება იმაზე იქნება დამოკიდებული, როდის განახლდება სეზონი:
"დღევანდელ ვიდეო კონფერენციაზე ჩვენ კლუბებს მივაწოდეთ სრული ინფორმაცია იმ სიახლეების შესახებ, რომელზეც ჩვენ 1 აპრილს უეფასთან გამართულ ვიდეო კონფერენციაზე ვისაუბრეთ. კლუბებს ასევე მოვახსენეთ იმის შესახებ, რომ აღნიშნულმა სიახლეებმა შესაძლოა ფორმატის ცვლილებაც გამოიწვიოს. მოგეხსენებათ, რომ მომავალი ევროტურნირების სეზონი უეფამ ერთი თვით გადადო და ის ივლისის მაგივრად აგვისტოში დაიწყება, თუმცა ეს მხოლოდ სავარაუდო სცენარია.
აქედან გამომდინარე, დღევანდელ ვიდეო კონფერენციაზე ჩვენ კლუბებს გავაცანით ფეხბურთის ფედერაციის სამოქმედო გეგმა. ეროვნული ჩემპიონატის აღდგენა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, დღევანდელი მოცემულობით შეიძლება ითქვას, რომ უკვე ფიზიკურად შეუძლებელია სეზონის 36 ტურად ჩატარება. ამიტომ როდესაც ცნობილი გახდება ჩემპიონატის დაწყების სავარაუდო თარიღი, კლუბებთან ერთად, სამუშაო ჯგუფი და ჩვენი საშეჯიბრო განყოფილება მაქსიმალურად შეეცდება, რომ 2020 წლის სეზონის ფორმატი რეალობას მოარგოს.
ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როდის დაადასტურებს უეფა საევროტურნირო და სანაკრებო კალენდარს. ამასთან ერთად რა თქმა უნდა, ჩვენ საშუალება უნდა გვქონდეს, რომ ჩვენი ქვეყნის შიგნით განვაახლოთ ჩემპიონატი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით რაიმე კონკრეტულ სცენარზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია. მითუმეტეს, რომ ის გუნდები, რომლებიც საქართველოს მომავალ ევროტურნირებზე წარმოადგენენ უკვე გამოვლენილი არიან. იმედს ვიტოვებ, უეფას პოზიტიურ გათვლებზე დაფუძნებული სცენარი გამართლდება და ის კიდევ ერთხელ არ შეიცვლება“, - განაცხადა დავით მუჯირმა.
გარდა ამისა, ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კლუბების საბაზისო დაფინანსება სრულად შეუნარჩუნდებათ:
"დღევანდელ ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების ხელმძღვანელები. დღევანდელ კონფერენციაში ასევე ჩართული იყო ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი, შალვა გოგოლაძე, რომელმაც დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე ყველა კლუბს შეუნარჩუნდება ის საბაზისო დაფინანსება, რომელიც 2020 წლის ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული“, - დასძინა მუჯირმა.
შეგახსენებთ, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ამ დროისთვის მხოლოდ ორი ტურია ჩატარებული და როდის განახლდება სეზონი უცნობია.