ფეხბურთი

20:07 | 3.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ერთი სეზონის სხვაგან თამაში "რომაში" ყველაფერს წამიშლიდა" - ტოტის გულახდილი ინტერვიუ

იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ფრანჩესკო ტოტიმ Sky Sport-ს მეტად საინტერესო ინტერვიუ მისცა. ტოტიმ ისაუბრა, როგორც ნაკრებში, ისე „რომაში“ გატარებულ პერიოდებზე.

ფრანჩესკომ ისიც განაცხადა, რომ კარიერის გაგრძელება 2017 წლის შემდეგაც შეეძლო, მაგალითად გენუის „სამპდორიაში“, მაგრამ არ სურდა, რომ „რომაში“ გატარებული 25 წლისთვის ხაზი გადაესვა.

ტრავმა მსოფლიო ჩემპიონატამდე

თებერვალში ძალიან სერიოზული ტრავმა მივიღე, ცუდად ვიყავი. პროფესორ მარიან ოპერაცია გამიკეთა და იმ ეტაპზე დარწმუნებული ვიყავი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვითამაშებდი. მან მითხრა, რომ მისი მხრიდან ყველაფერი გააკეთა და ოპერაციის მომენტიდან ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული. მეორე დღეს მარჩელო ლიპი მეწვია, მან დიდი სურვილი და სიყვარული დამანახა. იმ გვირაბიდან გამოსვლის ძალას მაძლევდა, სწორედ მისი და თანაგუნდელების წყალობით შევძელი ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულის მოგება.

იტალიის ნაკრებიდან წასვლა 30 წლის ასაკში

ეროვნული ნაკრების დატოვება ჯერ კიდევ ამ ტრავმამდე გადავწყვიტე. წელიწადში 60 თამაშს ვთამაშობდი, ზურგის პრობლემა მქონდა და რაღაცაზე უარი უნდა მეთქვა. არ შემეძლო „რომას“ დატოვება, ეს ჩემი ცხოვრება იყო. საბედნიეროდ ეროვნული ნაკრებიდან მსოფლიო თასით წავედი.

„რომას“ და ფეხბურთის დატოვება

„რომას“ შემდეგ კარიერის გაგრძელება? მე პატივს ვცემ დანიელე დე როსის, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, თავის არჩევანში ყველა თავისუფალია. მე მქონდა სხვადასხვა წინადადებები, როგორც იტალიიდან, ისე უცხოეთიდან, მაგრამ ეჭვი მეპარებოდა. მინდოდა თამაშის გაგრძელება, ვგრძნობდი, რომ თამაში შემეძლო, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთი-ორი წელი არაფერს შეცვლია. არჩევანი გავაკეთე და ეს იყო ერთი მაისურის ტარება. „რომას“ შემდეგ თუნდაც ერთი წლით სხვაგან თამაში ყველაფერს წაშლიდა.

„სამპდორიას“ წინადადება

ამერიკიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან მქონდა წინადადებები, ასევე გენუის „სამპდორიადან“, ნებისმიერ ფასად. პრეზიდენტი მასიმო ფერერო, რომაელი და რომანისტაა, ყველაფერს აკეთებდა, რომ თავის გუნდში გადავეყვანე.

„სამპდორიას“ ვარიანტი მანამდე, კარიერის დასაწყისში

რომის ტურნირზე „აიაქსთან“ და „გლადბახთან“ რომ არ მეთამაშა, ერთი კვირის შემდეგ მე „სამპდორიას“ ფეხბურთელი გავხდებოდი. მწვრთნელი კარგი თვალით არ მიყურებდა, მაგრამ ამ ტურნირმა ყველაფერი შეცვალა. საბედნიეროდ „რომაში“ დავრჩი, თორე ვინ იცის, შემდეგ სად წავიდოდი.

გამოსამშვიდობებელი საღამო

რაც დრო გადის, იმ დღეს უფრო ხშირად ვუყურებ, „რომასთან“ მთელი სიყვარული იყო ჩადებული. ყველაფერი მახსოვს, იმედი მქონდა, რომ დასასრული არასდროს მოვიდოდა. ეს იყო ყველაზე ლამაზი და ამავე დროს მახინჯი დღე. კარიერა დავასრულე, მაგრამ მივიღე ბევრი სიყვარული. არ მეგონა, რომ ასე ვიტირებდი და ემოციებს ვერ შევიკავებდი. ჩემთვის მინდორი ყველაფერი იყო, ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, რომ „რომას“ გულშემატკივარი გამეხარებინა. მე ვიცი რას ნიშნავს რომაელობა და რომანისტობა.

ორი ლუჩანო სპალეტი

ორ განსხვავებულ სპალეტის ვიცნობ. პირველი ტოპი იყო, როგორც მეორე მამა, ყოველთვის მასთან ვიყავი. მეორეს კი ჰქონდა თავისი მიზეზები, არაფერს ვამბობ, თუმცა საქმე ისე არ წავიდა, როგორც მსურდა. სირთულეები მქონდა, მაგრამ მაქსიმუმს ვცდილობდი.

სიმონე ინძაგის წარმატება

მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ, იტალიის ნაკრებში ერთად ვთამაშობდით, ბევრი საერთო მეგობარი გვყავს. ის სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელებშია და დიდ საქმეს აკეთებს. ბედნიერი ვიქნებოდი, რომ მეორე რომალური გუნდი გაეწვრთნა, მაგრამ, როგორც „რომას“ გულშემატკივარს, იმედი მაქვს,რომ „ლაციო“ მალე შეწყვეტს წარმატებულ სერიას.

0.113868