„რეალ სოსიედადის“ ყოფილმა მწვრთნელმა მარტინ ლასარტემ ანტუან გრიზმანის „ბარსელონაში“ თამაშზე ისაუბრა. ლასარტე ფრანგს სწორედ ბასკურ გუნდში ავარჯიშებდა და მიიჩნევს, რომ ანტუანი კატალონიაში კომფორტული სიტუაციაში არაა.
„გრიზმანი დეპრესიაშია, მოწყენილია. მისი თამაშის მრავალი ასპექტი განწყობაზეა დამოკიდებული. მის სანაცვლოდ დიდი თანხა გადაიხადეს და ეს უზარმაზარ ზეწოლას ახდენს. „ბარსელონას“ ლუის სუარესი ძალიან აკლია, უდიდესი პასუხისმგებლობა ლიონელ მესიზეა, ასეთ პირობებში კი ანტუანი კომფორტულად არაა და მისი მომავალი "ბარსელონაში" საეჭვოა, რადგან თვითონ კლუბიც არაა კარგ მდგომარეობაში“, - თქვა ლასარტემ.
შეგახსენებთ, ბოლო დროს გრიზმანის „ბარსელონადან“ შესაძლოა წასვლის შესახებ ხშირად საუბრობენ, „მანჩესტერ იუნაიტედს“, „არსენალსა“ და პსჟ-ს უკავშირებენ. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ფრანგ შემტევს 37 მატჩში 14 გოლი აქს გატანილი.