იტალიურმა გამოცემა Corriere Della Sera-მ „რომას“ ნახევარმცველ ნიკოლო ძანიოლოს შესახებ პატარა აქცია ჩაატარა. სოციალურ ქსელში 30 ათასამდე წარწერა გამოჩნდა ჰეშთეგით - ძანიოლო, მათგან საუკეთესო ფოტოს ავტორს კი თავად იტალიელი ფეხბურთელი არჩევდა.
ყველაზე მეტად კი 20 წლის შემტევის ყურადღება ერთმა ფოტომ მიიქცია, რომელიც მილანის ცარიელ ქუჩაშია გადაღებული. ბავშვი ძანიოლოს 22-ნომრიანი მაისურით ფეხბურთს თამაშობს. ნიკოლომ პატარა ბიჭი „რომას“ ბაზაზე, ტრიგორიაზე მიიწვია, ბუნებრივია, როდესაც კორონავირუსის პანდემია დასრულდება.
„ამ ფოტომ ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ რა საამაყოა შენი ნახვა ჩემი მაისურით! როცა ყველაფერი დასრულდება ველოდები ფოტოს სხვა ბიჭებთან ერთად თამაშის დროს (იქნებ გოლიც გაიტანო), გელოდები ტრიგორიაზე, მადლობა Corriere Della Sera-ს შესანიშნავი ნაბიჯისთვის“, - დაწერა ძანიოლომ ინსტაგრამში.
შეგახსენებთ, ძანიოლომ იანვარში სერიოზული ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ მოედანს ივნის-ივლისში დაუბრუნდება.