ბლოგი

10:08 | 29.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბექა აზნაურის ამბავი

კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი იყო და დღესაც არის ეპიდემიები და ვირუსები. ჯერ ე.წ. ქართმის გრიპის, ღორის გრიპი, ახლა კი უკვე კორონავირუსის გავრცელების გამო, მსოფლიო და მათ შორის საქართველო, გვარიანად გაიზაფრა. ვირუსებსა და ეპიდემიებს ადამიანები მუდამ ებრძოდნენ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მუცლის ტიფის, დიზენტერიის, ქოლერისა და სხვა სწრაფად გავრცელებული დაავადებების საწინააღმდეგო საშუალებები ჯერ კიდევ 19-ე საუკუნეში შეიქმნა, ახალი ეპიდემიის ფეთქებისგან დაცული მაინც არ ვართ. ზოგი ამას დაბინძურებულ წყალს, ჰაერს, მიწას და პროდუქტებს აბრალებს, სხვები კი ფიქრობენ, რომ თვითონ ადამიანს დაუქვეითდა იმუნიტეტი, რითაც მეტ-ნაკლებად უმკლავდებოდა სხვადასხვა დაავადებას.

ვირუსებმა პანდემია გამოიწვია და ეს სპორტსაც საშინლად შეეხო. უკვე გადაწყვეტილია, რომ გადაიდო ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი, კოპა ამერიკა, ეროვნული ჩემპიონატები და რა იქნება ხვალ - არავინ იცის. მსგავსი პრობლემები ისეთ განვითარებულ ქვეყნებს აწუხებთ, როგორებიც მაგალითად იტალია, გერმანია, საფრანგეთი და შეერთებული შტატებია და რაღა გასაკვირია, რომ საქართველო ისევე დაუცველი იყოს ამ კუთხით, როგორც წინა საუკუნეებში იყო.

ალბათ წაგიკითხავთ, ან ფილმებში გინახავთ ეპიდემიის გაჩენის დროს სხვადასხვა ქვეყანაში ხალხი რა ხერხებს მიმართავდა თავის გადასარჩენად. მკურნალობის მათეული მეთოდები თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ასეთი ტრადიცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც არსებობდა, რასაც ძალიან მკაცრად იცავდნენ.

ქოლერას ქართველებმა “შავი ჭირი“ ტყუილად არ უწოდეს. ეს დაავადება საუკუნეების მანძილზე ისედაც უბედურ დღეში მყოფ ხალხს მუსრავდა და ანადგურებდა. ქოლერა განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს ბარში იყო გავრცელებული, რადგან ქართლში მშრალი ჰავის გამო ეპიდემიის საშიშროება ბევრად უფრო მაღალი იყო. მიუხედავად ამისა, ხალხი მაინც ყოველმხრივ ცდილობდა შეექმნა ისეთი რამ, რაც მათი სიცოცხლის გადარჩენას შეძლებდა.

არსებობს ძალიან საინტერესო გადმოცემა, რომლის თანახმადაც ერთმა აზნაურმა, ვინმე ბექა ალექსანდრეს ძემ იმ სოფელში, რომელიც მის სააზნაურო მამულად ითვლებოდა, ქოლერის საფრთხის ამოსაცნობად ასეთი რამ მოიმოქმედა: ყოველ წელიწადში ერთხელ, ატარებდა საცხენოსნო სპორტის ცნობილ სანახაობას - მარულას. მასში გამარჯვებულ ოთხ ჯეელს მთელი წლით ათავისუფლებდა გადასახადისგან. მათვე სვამდა თავის ცხენებზე და ოთხივე მხარეს აგზავნიდა.

ამ ბიჭებს ევალებოდათ ზუსტად გაეგოთ ახლო-მახლო, რამდენიმე ათეულ კილომეტრში ვინმე თუ იყო ქოლერით დაავადებული და გაერკვიათ ყველა ის მიზეზი, რის გამოც იმ ადგილას ქოლერა გაჩნდა.

ინფორმაციის მოპოვების ასეთი მარტივი მეთოდი ბექას საშუალებას აძლევდა, წინასწარ შეეტყო რამდენად დიდი იყო მის სოფელში ქოლერის გაჩენის საფრთხე და შესაბამისად, ხალხი დროულად გაეხიზნა.

ამ აზნაურის საზრიანობის წყალობით აღნიშნულ სოფელს ეპიდემიის ფართოდ გავრცელების შემთხვევაშიც კი არ დამუქრებია ამოწყვეტის საფრთხე. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბექას მემკვიდრე ვერ გამოდგა მამასავით შორსმჭვრეტელი, რადგან ბექას გარადაცვალების შემდეგ ეს სოფელი ქოლერამ ლამის მთლიანად ამოწყვიტა.

0.081706