ფეხბურთი

19:52 | 27.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"პიპო სხვა პლანეტიდან" - დელ პიეროსა და ინძაგის უცნაური კავშირი (+VIDEO)

ფეხბურთში წარმატების მისაღწევად ხშირ შემთხვევაში გარდა მაღალი დონის საფეხბურთო უნარ-ჩვევებისა, მოთამაშეებს შორის ურთიერთობაც ძალზე დიდ როლს თამაშობს.

1997 წლის ზაფხულში „იუვენტუსმა“ კრისტიან ვიერი მადრიდის „ატლეტიკოში“ გაასხვისა და შემცვლელად ბერგამოს „ატალანტადან“ 24 წლის ფილიპო ინძაგი დაიმატა, რომელიც ტურინში სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირის რანგში გადავიდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა პიპოს 1996-1997 წლების სეზონი მართლაც შედევრალური ჰქონდა, მოკრძალებულ „ატალანტაში“ 24 გოლი გაიტანა, მაშინ როდესაც მთელმა გუნდმა სეზონი 44 გოლით დაასრულა.

„იუვენტუსი“ კი საოცარი გუნდი იყო, მოქმედი ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი, ევროპაში ბადალი ძნელად მოეძებნებოდა. თავდასხმაც სოლიდურად გამოიყურებოდა, ალესანდრო დელ პიერო, კრისტიან ვიერი, მიკელე პადოვანო, ალენ ბოკშიჩი. თუმცა, „ბებერი ქალბატონის“ ფეხბურთელებს ძალიან უჭირდათ შედეგიანი თამაში და იმ სეზონში სერია A-ში გუნდის საუკეთესო ბომბარდირები დელ პიერო, ვიერი და პადოვანო გახნდნენ - ოდენ რვა-რვა გოლით. ყველა ტურნირის ჩათვლით კი დელ პიერომ თანაგუნდელებს აჯობა (15 გოლი). შედეგად, ლუჩანო მოჯიმ გოლეადორის ყიდვა გადაწყვიტა და არჩევანი ინძაგიზე შეაჩერა.

სამომავლო გეგმა ნათელი იყო: მარჩელო ლიპი შეტევაში დელ პიერო - ინძაგის დუეტს დაეყრდენობოდა, რომელთაც ზურგს ზინედინ ზიდანი გაუმაგრებდა. მართლაც საშიში ტრიო გახლდათ და პირველივე სეზონში მოლოდინი გამართლდა. დელ პიერო - იძაგის დუეტმა 1997-1998 წლების სეზონში ჯამში 59 გოლი გაიტანა (32 დელ პიერომ, 27 ინძაგიმ), მათ შორის 16 ჩემპიონთა ლიგაზე (10 დელ პიერომ, 6 ინძაგიმ) და 39 სერია A-ში (21 დელ პიერომ, 18 ინძაგიმ). ყველაფერი კარგად მიდიოდა, ალესანდრო და პიპო სრულად განსხვავდებოდნენ სათამაში სტილით და სწორედ ამიტომ ერთმანეთს დიდებულად ავსებდნენ.

თუმცა, მათ შორის სიტუაცია ნელ-ნელა იძაბებოდა. ყველაფრის პიკი 2000 წლის თებერვალი გამოდგა, როდესაც „იუვენტუსი“ „ვენეციას“ ესტუმრა და 4:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში ანგარიში დელ პიერომ სწორედ ინძაგის გამომუშავებული პენალტით გახსნა, მეორე ნახევარში კი სუპერპიპომ ჰეთ-თრიქი შეასრულა. სამივე გოლის დროს ინძაგის პასს დელ პიერო სთხოვდა, მაგრამ თანაგუნდელმა ის ვერც შენიშნა და თავად დაასრულა შეტევა. ალექსის გაბრაზება განსაკუთრებით მესამე-მეოთხე გოლებმა გამოიწვია და თანაგუნდელის გოლებიც არც უზეიმია. დელ პიეროს გაცხარება გასაგებია - მითვის ძალიან რთული სეზონი იყო, მძიმე ტრავმის შემდეგ პირველი სეზონი, რომელიც დასასრულს უახლოვდებოდა და მხოლოდ პენალტიდან გაჰქონდა გოლები, თამაშიდან გოლის გატანა ძალიან სურდა. პიპომ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ დელ პიერო უბრალოდ არ დაუხანავს: "ალესანდრო არ დამინახავს, მხოლოდ კარში დარტყმაზე ვიყავი კონცენტრირებული და არაფერი მომხდარა".

12 მარტს „იუვენტუსმა“ „პიაჩენცას“ 2:0 აჯობა და ინძაგიმ დუბლი შეასრულა, ორივე ჯერზე ასისტენტობა დელ პიერომ გაუწია. იყო ლამაზი ჟესტიც, ოღონდ მანამდე, სეზონის დასაწყისში, როდესაც „უდინეზესთან“ შეხვედრაში ორი პენალტიდან ერთი დელ პიერომ ინძაგის დაუთმო და პარტნიორისგან მადლობაც დაიმსახურა. მთლიანობაში ისინი ერთმანეთს მოედანზე მაინც კარგად უგებდნენ, მაგრამ მის მიღმა იდეალური ურთიერთობა არ ჰქონიათ.

დელ პიერო წლების შემდეგ გაიხსენებს, რომ ერთმანეთს არც ელაპარაკებოდნენ, მაგრამ ალექსი ამას დიდ შეცდომაც მიიჩნევს, რადგან გვიან მიხვდა, რომ ინძაგის სხვაინარად არ შეეძლო, კართან მისთვის არაფერი არსებობდა და სხვა პლანეტაზე ხვდებოდა:

„ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმე ფილიპო ინძაგის გვერდით თამაში იყო. თავიდან ერთმანეთს კარგად ვუგებდით, არ გვქონია ჩხუბის მოტივი. პირველი სეზონი მართლაც კარგი გახლდათ, რეგულარულად ვიტანდით გოლებს, მაგრამ შემდეგ ჩვენს შორის სიბნელე ჩამოწვა. ის იყო ფეხბურთელი, რომელიც გოლებისთვის ცხოვრობდა და თუ ამას ვერ ახერხებდა საშინელ ხასიათზე დგებოდა. „იუვენტუსი“ – „ვენეციას“ მატჩის შემდეგ, როდესაც მან ბურთი ცარიელ კართან არ მომცა, ჩვენი ურთიერთობა პრაქტიკულად გაწყდა. ასე იყო, რადგან მე ფეხბურთს სხვანაირად ვუყურებდი, თვეების განმავლობაში ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით, არაფერს ვეუბნებოდი და არაფერს მეუბნებოდა. ამის პარალელურად ერთად ვთამაშობდით და არცთუ ურიგოდ. მაგრამ მას ცოტა გოლი გაჰქონდა, ვარჯიშებზე ნერვიულობდა, ბევრ თანაგუნდელს არ ესმოდა მისი საქციელი, გიჟს ჰგავდა. მენეჯმენტმა ყველაფერი იცოდა ჩვენი ურთიერთობის შესახებ და გარკვეული პერიოდის შემდეგ „მილანში“ გაყიდეს. მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ მივხვდი, რომ დიდი შეცდომა დავუშვი, რომ არ ველაპარაკებოდი. პიპო ასეთია, არ შეიძლება ბურთი სთხოვო მაშინ, როდესაც კართან იმყოფება, ის ამ დროს სრულიად სხვა პლანეტაზე დგებოდა. არ შეიძლება ნარკომანს სთხოვო თავისი ყოველდღიური რაციონის განაწილება, პიპოც ასე იყო, ის გოლებით იკვებებოდა“, - აღნიშნავს დელ პიერო.

ზემოსხენებული „ვენეციასთან“ მატჩი ინძაგიმ და დელ პიერომ ერთი წლის წინ თავადაც გაარჩიეს და ბუნებრივია ყველაფერი ხუმრობით, სიცილ-ხარხარში გაიხსენეს:

„ის (დელ პიერო) გოლებს ჩემი პასების გარეშეც იტანდა. ხუმრობის გარეშე კი, მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრიასთან ბაჯოს ცარიელ კართან გავატანინე, გახსოვთ? მიუხედავად იმისა, რომ იმ მუნდიალზე თამაში თითქმის არ მიწევდა და გოლი ძალიან მჭირდებოდა. მე ბაჯოს ცარიელ კარში გატანაში დავეხმარე, რთული დასაჯერებელია, მაგრამ ასეა. არამხოლოდ დელ პიერო, მე ბარონეც არ დამინახავს ჩეხეთთან მატჩში“, - თქვა ფილიპომ.

„პიპო, შენ ბევრი არ დაგინახავს, მაგრამ სწორედ ამიტომ ყველას გვიყვარხარ. „ვენეციასთან“ პირველ გოლზე კარგად მოიქეცი რომ დაარტყი, ჩაგეხუტე კიდეც. თანაგუნდელებს ალბათ იმიტომ ვერ ამჩნევდი, რომ ძალიან გრძელი თმები გქონდა და ვერაფერს ხედავდი“, - უპასუხა ხუმრობით ალექსმა.

ინძაგის რომ პასების გაცემა საჯარიმოში დიდად არ ხიბლავდა, ეს საქვეყნოდ ცნობილია ამბავია. 2006 წლის მუნდიალზე იტალია ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში ჩეხეთს ხვდებოდა, ბოლო წუთები იყო და ერთბურთიან უპირატესობას ფლობდა, როდესაც მეკარესთან პირისპირ ინძაგი დარჩა. მას გვერდით სიმონე ბარონე ჰყავდა, საკმარისი იყო ერთი გადაცემა და გოლი გარდაუვალი იქნებოდა. თუმცა, „სუპერპიპომ“ ყველაფერი თავის თავზე აიღო და შეტევა დააგვირგვინა.

სწორედ ამიტომ, ცოტა ხნის წინ დელ პიერომ იტალიურ მედიასთან იხუმრა. იმავე მუნდიალის ნახევარფინალში „სკუადრა აძურამ“ ნახევარფინალში გერმანიას საქვეყნოდ ცნობილ შეხვედრაში დამატებით დროში 2:0 აჯობა და 120-ე წუთზე ალექსმა ალემანთა ოცნებას წერტილი დაუსვა. დელ პიეროს პასი ალბერტო ჯილარდინომ გაუკეთა, მაგრამ „იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტანი დღემდე ეჭვობს, რომ იმ მომენტში ჯილარდინოს ადგილზე ინძაგი რომ ყოფილიყო, მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა:

„ინძაგი ნამდვილი ბომბარდირი იყო. შესაბამისად, როდესაც კარს ხედავდა, ეგოისტი ხდებოდა, თუმცა ეს ნორმალურია. 2006 წელს ჯილარდინოს ნაცვლად იქ ინძაგი რომ ყოფილიყო, ალბათ პასს არ მომცემდა და გერმანიასთან ისტორიულ გოლს ვერ გავიტანდი. რამდენიმე თამაშით ადრე ინძაგიმ სიმონე ბარონეს ცარიელი კარის წინ პასი არ მისცა და თავად გაიტანა ჩეხეთთან. ასეთ დროს პასს არასდროს გასცემდა, თუნდაც თანაგუნდელი ცარიელ კართან ყოფილიყო“, - იხსენებს ალექსი.

ორ გამორჩეულ იტალიელს „იუვენტუსში“ 2000 წლის ზაფხულში დავიდ ტრეზეგე შეუერთდა, ახალგაზრდა ფრანგი, რომელიც ტურინში ევროპის ჩემპიონატის ფინალის ოქროს გოლის ავტორის რანგში ჩავიდა და ბუნებრივია მის გეგმაში სკამზე ჯდომა არ შედიოდა. ზიდანი, დელ პიერო, ინძაგი და ტრეზეგე - ნათელი იყო, რომ კარლო ანჩელოტის (იმხანად „იუვეს“ მწვრთნელი) არჩევანი უნდა გაეკეთებინა და როტაციასაც ხშირად მიმართავდა, ერთადერთი ხელშეუხებელი ფიგურა ზიდანი იყო.

თუმცა, საბოლოო არჩევანს სანამ ანჩელოტი გააკეთებდა, იქამდე ლუჩანომ მოჯიმ, ანტონიო ჯირაუდომ და რობერტო ბეტეგამ გააკეთეს. „ბებერი ქალბატონის“ ლეგენდარულმა ტრიადამ 2001 წლის ზაფხულში ანჩელოტის კარისკენ მიუთითეს და კლუბში მარჩელო ლიპი დააბრუნეს. ეს ლოგიკური ნაბიჯი იყო, რადგან ანჩელოტიმ გუნდს ზედიზედ ორი სეზონი ვერაფერი მოაგებინა და ქომაგებთანაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, ლიპის შემთხვევაში ყველაფერი პირიქით იყო. სწორედ ამ მოვლენების პარალელურად, „იუვენტუსმა“ შეტევაშიც გააკეთა არჩევანი და ინძაგი „მილანში“ გაასხვისა. სხვათა შორის, ტრანსფერი 2001 წლის 4 ივნისს უკვე შეთანხმებული იყო. მანამდე, ორი დღით ადრე ინძაგი თბილისში იმყოფებოდა, სადაც იტალიამ საქართველოს 2:1 აჯობა, ხოლო ჯოვანი ტრაპატონიმ პიპო სათადარიგო სკამზე დატოვა, ტოტი - დელ პიერო - დელვეკიოს ტრიო ამჯობინა. ინძაგი შიშობდა, რომ თუ „იუვენტუსში“ დარჩებოდა, 2002 წლის მუნდიალის განაცხდს მიღმა დარჩებოდა, რადგან კონკურენცია შეტევაში ძალიან დიდი იყო.

თბილისიდან იტალიაში დაბრუნებულმა ინძაგიმ კი, მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ს სეზონი 17 ივნისს მთავრდებოდა, „მილანთან“ მოლაპარაკებები საჯაროდ დაადასტურა. საბოლოოდ, იტალიელი ბომბარდირი „როსონერიში“ გადავიდა ანჩელოტისთან ერთად და გოლების გატანა ლომბარდიაში გააგრძელა.

ტურინში კი ფსონი ტრეზეგე - დელ პიეროს დუეტზე გააკეთეს და ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მხარემ შეცდომა დაუშვა. ფრანგი ტურინელებს და ალესანდროს ჩინებულად შეერწყა. ინძაგისა და დელ პიეროს დუეტმა ერთად თამაშის ოთხწლიან პერიოდში 145 გოლი გაიტანეს (89 ინძაგიმ, 56 დელ პიერომ). ტრეზეგე დელ პიეროს წყვილმა კი ერთად 10 წელი ითამაშეს და მეტოქეები ჯამში 354-ჯერ დაამწუხრეს (183 გოლი დელ პიერო, 171 - ტრეზეგე).

ბუნებრივია, ორივე დუეტი ძალიან ძლიერი იყო ცალ-ცალკე ეპოქა შექმნეს, ისევე როგორც „მილანში“ ფილიპო ინძაგიმ (11 სეზონში 300 მატჩი, 126 გოლი), რომელსაც განსაკუთრებით მრისხანე დუეტი საწყის ხუთ სეზონში ანდრეი შევჩენკოსთან ერთად ჰქონდა.

დელ პიეროს წლების შემდეგ ჰკითხეს, ვინ უფრო უკეთესი იყო, ფილიპო ინძაგი თუ დავიდ ტრეზეგე, მაგრამ პასუხი დღემდე არ ვიცით, რადგან იტალიელმა არჩევანი არ გააკეთა.

„დავიდი თუ პიპო? ორი წარმოუდგენელი გოლეადორი, ორივესთან მოედანზე ფანტასტიკური ურთიერთობა მქონდა. ინძაგისთან მქონდა სასაცილო პრობლემები, ჩვენი ბუნება ყოველთვის მოითხოვდა მაქსიმუმის მიღებას და ერთად ბევრ გოლს ვიტანდით. ტრეზეგე და ინძაგი გოლებისთვის დაბადებული ადამიანები არიან, ყველანაირ სტილში შეეძლოთ გატანა. მარტივი იყო პასი მიგეცა და გოლებს გაიტანდნენ. ასე, რომ ერთ-ერთს ნამდვილად ვერ გამოვარჩევ“, - თქვა ალესანდრომ.

მართლაც, რთულია ვინმეს გამორჩევა და ფაქტი ერთია, დელ პიერო და ინძაგის დუეტი თავის ეპოქაში ძალიან სახიფათო და საშიში იყო. ეს ორი ფეხბურთელი კი იტალიური ფეხბურთის ღირსეული მემატიანენი არიან.

0.136253