ფეხბურთი

20:15 | 25.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ათიანების სამკუთხედი

ფეხბურთი გუნდური სპორტის სახეობაა და შესაბამისად წარმატების მიღწევაც გუნდურადაა შესაძლებელი, მაგრამ ოდითგანვე, ამ სახეობაში განსაკუთრებული ხიბლი ათიანების თამაშს ჰქონდა. გულშემატკივრებიც განსაკუთრებით ელოდნენ მოედანზე შემოქმედების გამოჩენას და გუნდის ლიდერიც ძირითადად 10 ნომერთან ასოცირდებოდა, მისგან სასწაულებს ელოდნენ.

ბოლო დროს ფეხბურთმა სტილი იცვალა და თანამედროვეობაში 10 ნომერს ისეთი დიდი დატვირთვა აღარ აქვს, როგორც ადრე, შორეულ თუ არცთუ შორეულ წარსულში. რამდენი ერთის გახსენება შეიძლება? ზინედინ ზიდანი, პელე, დიეგო მარადონა, ზიკო, დენის ბერგკამპი, რივალდო, ლიონელ მესი, რონალდინიო და მრავალი სხვა. ქართულ ფეხბურთსაც ახსოვს უდიდესი ათიანი - დავით ყიფიანი ან თუნდაც გიორგი ქინქლაძე (მიუხედავად ნიჭის ბოლომდე ვერ გამოვლენისა).

თუმცა ალბათ არცერთ ქვეყანას არ ჰყოლია თითქმის ერთსა და იმავე ეპოქაში სამი გენიალური 10 ნომერი, რომლებმაც მსოფლიო ფეხბურთში წარუშლელი კვალი დატოვეს. იტალია კი ამ მხრივ გამონაკლისია. რობერტო ბაჯო, ალესანდრო დელ პიერო და ფრანჩესკო ტოტი არც ისე დიდი ხნის წინ არამარტო იტალიურ, არამედ ზოგადად ფეხბურთში საკმაოდ ხმამაღლა ირჯებოდნენ და ფეხბურთიც მილიონობით ადამიანს შეაყვარეს.

მათ შორის ასაკობრივად სულ 9-წლიანი სხვაობაა და რა გასაკვირია, რომ ერთის გზა მეორეს, მეორე კი მესამეს კვეთდა. „სკუადრა აძურას“ თავკაცებს ერთი პერიოდი დიდი „თავის ტკივილი“ ჰქონდათ, ვისზე გაეკეთებინათ არჩევანი. რაც მთავარია, სამივე ძალიან ჰგავდა სათამაშო სტილით ერთმანეთს - შეეძლოთ ე.წ „ტრეკვარტისტას“ ან თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში, გოლების გატანა, საგოლე პასების გაკეთება თუ უბრალოდ საფეხურთო შოუს დადგმა მათთვის პრობლემას რიგ შემთხვევაში არ წარმოადგენდა.

რობერტო ბაჯო დიდ საფეხბურთო სცენაზე ფლორენციის „ფიორენტინაში“ ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა და იმთავითვე ნათელი გახდა, რომ მსოფლიო ფეხბურთს წარმოუდგენელი ბრილიანტი ჰყავდა. დღეს ჩვენში იტალიას გულშემატკივართა დიდი არმია ჰყავს და უმრავლესობა რომ გამოკითხო, ვინ შეაყვარა ფეხბურთი, არც დაფიქრდებიან - რობერტო ბაჯომო გეტყვიან. განუმეორებელი რობი, რომელსაც ცოტა არ იყოს ტრაგიკული კარიერა ჰქონდა და რიგი მიზეზების გამო ვინძლო შესაძლებლობები ბოლომდე ვერც წარმოაჩინა.

რობერტოს პირველი დიდი გამოცდა 1990 წლის მუნდიალი იყო, რომელიც მის სამშობლოში ჩატარდა, მაგრამ აძელიო ვიჩინი 23 წლის ტალანტს ბოლომდე ვერ ენდობოდა. არადა, ბაჯო პლეი-ოფის სტადიაზე მეტად ეფექტურად გამოიყურებოდა, ხოლო მანამდე ჯგუფში ჩეხოსლოვაკიას დაუვიწყარი გოლიც გაუტანა. მიუხედავად ამისა, ვიჩინი მაინც გამოცდილი ვიალის მოედანზე ყოფნას არჩევდა და მერე საქმეში ტოტო სკილაჩიც ჩაერთო, რომელსაც წარმოუდგენელი მსოფლიო ჩემპიონატი გამოუვიდა. მუნდიალის დასრულების შემდეგ კი ბაჯო „ფიორენტინადან“ „იუვენტუსში“ გადავიდა. „იუვენტუსს“ იმხანად ჩვეული პერიოდი არ ედგა და სკუდეტო 5 წელი ვერ მოეგო. იტალიელის ტურინში გადაბარგება ფლორენციაში ვულკანის ამოფრქვევას ჰგავდა, ტიფოზები ვერ ეგუებოდნენ, რომ მათი საყვარელი მოთამაშე მიდიოდა და რამდენიმე დღე საპროტესტო აქციები არ შეწყვიტილა, ხოლო „იუვენტუსთან“ მტრულ დამოკიდებულებას სამუდამო დასაწყისი მიეცა.

ბაჯო „იუვეს“ აშკარა ლიდერი გახდა და კარიერის საუკეთესო სეზონი 1992-1993 წლებში ჰქონდა, როდესაც უეფას თასი მოაგებინა (მაშინ უეფას თასის მოგება მეტად პრესტიჟული იყო), თავად კი წლის ბოლოს „ოქროს ბურთს“ დაეუფლა. გავიდა ერთი წელი და ბაჯომ უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე გაიბრწყინა. ალბათ დიეგო მარადონას შემდეგ (1986 წელს) მუნდიალზე ასეთი წარმოდგენა არავის დაუდგამს და რობერტოზე „სკუადრა აძურა“ მეტად იყო დამოკიდებული. უფერული ჯგუფური ეტაპის შემდეგ ღვთაებრივი ცხენისკუდას შეჩერება უბრალოდ წარმოუდგენელი ამოცანა გახდა და მერვედფინალის, მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის სამ მატჩში 5 გოლი გაიტანა - თამამად უნდა ვთქვათ, იტალია ფინალში მარტომ გაიყვანა. ბაჯოს იმ წელსაც „ოქროს ბურთში“ ცალსახად ვერავინ შეეცილებოდა, აშშ-ში ჩემპიონობა რომ ეზეიმა და რომ არა ავადსახსენებელი პენალტი. ბევრს ავიწყდება, რომ რობერტომ ფინალი მტივანი ფეხით ითამაშა. ბაჯო ნახევარფინალში დაშავდა და არიგო საკი მზად იყო მის ნაცვლად ბეპე სინიორი დაესაქმებინა, მაგრამ გუნდის ლიდერის დაჟინებული მოთხოვნით მოედანზე ბაჯო იყო, თავად განაცხადა, რომ ცალი ფეხითაც ითამაშებდა. ფინალი უსახური გამოვიდა და ბაჯომ ვერ შეძლო ბრაზიელელთა კარისკენ მიმავალ გზაზე გასაღების მოძებნა. მერე კი გადამწყვეტი თერთმეტრიანი ვერ გაიტანა და ეს ეპიზოდი მის ცხოვრებას დღემდე აჩრდილივით დასდევს. არადა, რობის რომც გაეტანა, ბრაზილიას კიდევ ერთი დარტყმის უფლება ჰქონდა და ვინ იცის, ამას დიდად არც არაფერი შეეცვალა, მაგრამ რა გინდა რომ ჰქნა? ფაქტია, მისი შეცდომის შემდეგ „სელესაო“ ოფიციალურად გაჩემპიონდა.

ეს არ ყოფილა მხოლოდ მუნდიალის წაგებული ფინალი, ამ თამაშმა ბაჯოს გენიალური კარიერა ნებსით თუ უნებლიედ შეცვალა, ბაჯო აითვალწუნეს, განტევების ვაცი მასში იპოვეს. რობერტოს კარიერა უკვე „იუვენტუსში“ თავდაღმა წავიდა. 1994-1995 წლების სეზონში ტრავმების გამო ბევრი გაუცდა, ამასობაში სცენაზე კიდევ ერთი ათიანი, ალესანდრო დელ პიერო გამოჩენილიყო და კარზე ხმაურიანად აკაკუნებდა. ახალი მწვრთნელი მარჩელო ლიპი კი ჯოვანი ტრაპატონივით აღარ სწყალობდა რობის, ტრავმებიც დაემატა და „იუვენტუსმა“ სკუდეტო მოიგო. სკუდეტო მოიგო, რომელშიც ბაჯოს რაც უნდა პარადოქსი იყოს, განსაკუთრებული წვლილი არ მიუძღოდა. ლიპის გამოსავალი ჯანლუკა ვიალის, ფაბრიციო რავანელისა და ალესანდრო დელ პიეროს ტრიოში მოეძებნა და 1995 წლის ზაფხულში „იუვესთან“ მისი ხუთწლიანი ურთიერთობა დასრულდა.

რობერტომ „მილანს“ მიაშურა, მაგრამ ციდან ღრუბლები არ გამქრალა. „როსონერიმ“ სკუდეტო მოიგო, თუმცა იტალიელი გენია ჩრდილში იყო და მომავალ ზაფხულს არიგო საკიმ, რომელმაც მუნდიალზე დაშვებული შეცდომა ვერაფრით აპატია, ევროპის ჩემპიონატს მიღმა დატოვა. საკი ფიქრობდა, რომ ახალგაზრდა დელ პიერო და ჯანფრანკო ძოლა უფრო მეტად გამოადგებოდა. თუმცა ცდებოდა, დელ პიეროს იმ ევროფორუმზე ჯამში 45 წუთი დაუთმო და ფსონი მთლიანად ძოლაზე გააკეთა, რომელმაც გერმანიასთან გადამწყვეტ მატჩში პენალტი გააცუდა (ბედის ირონაა არა?) და „სკუადრა აძურა“ სწორედ ამის გამო ჯგუფში ჩარჩა.

ბაჯო კი საკლუბო დონეზე მოგზაურობას აგრძელებდა და „მილანი“ მოკრძალებულ „ბოლონიაზე“ გაცვალა, სადაც სხვათა შორის, კარიერაში ყველაზე შედეგიანი სეზონი ჰქონდა (22 გოლი გაიტანა). სწორედ ამიტომ, ჩეზარე მალდინი მედიისგან ზეწოლას განიცდიდა და იძულებული გახადეს, სამუნდიალე განაცხადში შეეყვანა. მაგრამ რობერტოს 10 ნომერი უკვე დაკავებული იყო - ალესანდრო დელ პიეროს საკუთრებაში გადასულიყო. საერთოდ, მათი გზები მუდამ იკვეთებოდა. ჯერ კიდევ „იუვენტუსში“ ორი წელი თანაგუნდელები იყვნენ და შემდეგ ლიპიმ არჩევანი ახალგაზრდა ალესანდროზე გააკეთა, მერე უკვე ნაკრებშიც, მალდინის დიდი ხანი ვერ გაერკვია, ვინ უნდა ყოფილიყო ძირითადში (ერთად თამაშს რატომღაც არც განიხილავდნენ) და ამ მარჩიელობაში იტალიამ საფრანგეთთან მეოთხედფინალში მარცხი პენალტების სერიაში განიცადა.

ბაჯოს ბოლო იმედი 2002 წელი იყო. „აძურასაც“ მისი ძველი ნაცნობი ჯოვანი ტრაპატონი წვრთნიდა და თვითონ მოკრძალებულ „ბრეშაში“ საფეხბურთო წარმოდგენებს დგამდა. 2001-2002 წლების სეზონში ბაჯომ მძიმე ტრავმა მიიღო და ლამის მთელი სეზონი გაუცდა, მაგრამ სწორედ მუნდიალზე თამაშის გაშმაგებული სურვილით 35 წლის ასაკში უმძიმესი დაზიანება სწრაფად მოიშუშა და სერია A-ს 12 მატჩში 11 გოლი (როგორი შედეგია?!) გაიტანა... მიუხედავად ამისა, „ტრაპმა“ ამას დიდი ყურადღება არ მიაქცია, მას ჰყავდა დელ პიერო და უპირველესად ჰყავდა ფრანჩესკო ტოტი - სამკუთხედის კიდევ ერთი გამორჩეული წარმომადგენელი.

მიუხედავად იმისა, რომ ბაჯოს საფეხბურთო კარიერა უცნაურად წარიმართა, მან წარუშლელი კვალი დატოვა და ბევრი მიიჩნევს, რომ ევროპას იოჰან კრუიფის შემდეგ ასეთი გენიოსი არ ჰყოლია. ამაში კი სიმართლის უდიდესი მარცვალია - რობერტო ბაჯოსნაირები საუკუნეში ერთხელ თუ იბადებიან.

რობერტო ბაჯოს კარიერის ხაზებს მუდმივად კვეთდა ალესანდრო დელ პიერო. ვისთვის როგორ, გემოვნების საკითხია, მაგრამ ფაქტია, „პინტურიკიომაც“ დიდი კვალი დატოვა და ბაჯოსი არ იყოს, მასაც უფრო მეტი შეეძლო. დელ პიერო „იუვენტუსში“, სადაც ამინდს რობერტო ქმნიდა, ძალიან პატარა, 19 წლის ასაკში მოხვდა და ფურორის მოწყობა თავიდნავე დაიწყო. პირველად ალექსი ძირითად შემადგენლობაში ჯოვანი ტრაპატონიმ „პარმასთან“ 1993 წლის შემოდგომაზე გაამწესა და შედეგი? ჩია ტანის, გამხდარმა უცნობმა შემტევმა, ჰეთ-თრიქი შეასრულა! დროის გასვლასთან ერთად დელ პიერო უფრო და უფრო ხმამაღალ განაცხდს აკეთებდა და ნათელი იყო, ტურინული გრანდის სამწვრთნელო შტაბს და ხელმძღვანელობას არჩევანი უნდა გაეკეთებინათ.

1995 წელს ბაჯო წავიდა, დელ პიერო დარჩა. არ ვიცით, რა მოხდებოდა სხვა არჩევანის შემთხვევაში, მაგრამ ვიცით, რა მოხდა დელ პიეროზე ფსონის გაკეთებით. „იუვენტუსმა“ პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო და დელ პიეროს ამაში დიდი წვლილი მიუძღოდა. ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო ხუთ თამაშში მოედნიდან უგოლოდ არ გასულა და მერე მეოთხედფინალში „რეალთან“ ქამ-ბექშიც დაიდო ლამაზი ჯარიმით საკუთარი წვლილი. მაშინ ალესანდრო მხოლოდ 21 წლის იყო და ამავე ასაკში ბაჯოც არ ყოფილა ასეთ სიმაღლეზე. 90-იანი წლების შუაში დელ პიერო ნამდვილად იყო ფეხბურთის გამორჩეული ვარსკვლავი, 21-24 წლის ასაკში. 1997 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც დაუვიწყარი გოლი გაიტანა, ხოლო მომდევნო სეზონში ევროპის მთავარ საფეხბურთო ტურნირზე 10 გოლით საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. ეს იმ დროის რეკორდი იყო, ჩემპიონთა ლიგაზე ერთ სეზონში 10 გოლი მანამდე არავის გაეტანა! საერთოდ, 1998 წელს „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარ ფავორიტად სახელდებოდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალმა ყველაფერი შეცვალა. იტალიელმა მცირე ტრავმა მიიღო, მისი გუნდი კი „რეალთან“ დამარცხდა. ტრავმის გამო ალექსს მუნდიალის მოსამზადებელი ეტაპი სრულფასოვნად არ გაუვლია და პირველი თამაში (ჩილესთან) გამოტოვა კიდეც. მერე, ნელ-ნელა ჩეზარე მალდინიმ, ფსონი მასზე გააკეთა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ფორმიდან ამოვარდნილიყო, დელ პიერო ვერ ახერხებდა დიდ ზეწოლასთან გამკლავებასთან და გულშემატკივრები მალდინის ბაჯოს თამაშისკენ, ან ორივეს მოედანზე ყოფნისკენ მოუწოდებდნენ. უკვალოდ ჩავლილმა მუნდიალმა კი „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ათიანის შედეგებზე იმ წელს გავლენა მოახდინა და „ოქროს ბურთიც“ გვერდზე დარჩა.

თუმცა, შავი ღრუბლები ჯერ კიდევ წინ იყო. 1998 წლის 8 ნოემბერს, მისი 24-ე დაბადების დღის წინა დღეს დელ პიერომ უდინეში უწყინარ სიტუაციაში უმძიმესი ტრავმა მიიღო, ფეხი მოიტეხა და უფეხბურთოდ 9 თვე დარჩა! როგორც განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, ამ ტრავმამ დელ პიეროს კარიერაზე მთავარი გავლენა იქონია. დაბრუნებული დელ პიერო სხვა იყო, მას უკვე დაკარგული ჰქონდა ის სისწრაფე და რეაქტიულობა, რომელიც მანამდე ახასიათებდა, კარგა ხანს, საერთოდაც ვერ შეძლო ნორმალურ ფორმაში შესვლა. თუმცა, რაც უფრო ასაკი მოემატა კიდევ უფრო დაღვინდა, სხვა თვისებები შეიძინა, მაგალითად, სტანდარტულების შესრულება (არც მანამდე აკლებდა) - ჯარიმა და დელ პიეროს მოედანზე ყოფნა, ერთი ხანობა პრაქტიკულად გოლს უდრიდა. რა გასაკვირია, რომ 34 წლის ასაკში, 2008 წელს სერია A-ს საუკეთესო ბომბარდიდი კარიერაში პირველად გახდა და იტალიის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა 10-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად.

საერთოდ, დელ პიერო ყველა მწვრთნელისთვის ხელშეუხებელი ფიგურა იყო. „იუვენტუსში“ მასზე ძვირფასი არავინ ჰყავდათ და ჯანი ანიელის მისი გაყიდვის მოსმენაც არ უნდოდა. არადა, სილვიო ბერლუსკონი წლების განმავლობაში ცდილობდა ალესანდროს დაყოლიებას, პიემონტი ლომბარდიაზე გაეცვალა, იქეთ სერ ალექს ფერგიუსონი ნისლიან ალბიონზე ექაჩებოდა, მაგრამ დელ პიერო „იუვენტუსი“ იყო, ისე გრძნობდა თავს, როგორც თევზი წყალში. ერთადერთი ფაბიო კაპელო შეეხო მის ავტორიტეტს და იშვიათად ათამაშებდა. თუმცა, გოლებს იმ პერიოდშიც იტანდა და მარჩელო ლიპიმ 2006 წლის მუნდიალზეც უხმო, ოღონდ ფრანჩესკო ტოტის შემცვლელად განიხილავდა, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო სათანადო ფორმაში და არავინ უწყოდა, როდის გახდებოდა ალესანდრო საქმეში საჭირო. გახდა კიდეც, დასკვნით ნაწილში. ნახევარფინალში გერმანიასთან, 120-ე წუთზე მის მიერ დაფარული მთელი მოედანი და გოლი იენს ლემანის კარში ყველაფრის გვირგვინი იყო. ალემანიიდან ალექსი თანაგუნდელებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონის რანგში დაბრუნდა, მერე წავიდა და სერია B-ში ითამაშა, საკუთარი გუნდი გასაჭირში არ მიატოვა და ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა. დელ პიეროს კარიერაში გამორჩეული მომენტია 2008 წლის 5 ნოემბერი, როდესაც „სანტიაოგ ბერნაბეუზე“ "რეალს“ პრაქტიკულად 34 წლის ასაკში დუბლი შეუსრულა და ადგილობრივ პუბლიკას აპლოდისმენტები წაართვა. მთლიანობაში ცხადია, რომ დელ პიერომ დიდი კვალი დატოვა, მაგრამ ბევრს დღემდე აწუხებს კითხვა - რომ არა უდინეს ის საშინელი საღამო და ტრავმა, რასთან გვექნებოდა ახლა საქმე? ფაქტია, ეს საფუძველ მოკლებული მკითხაობა სულაც არაა, რადგან ვისაც ახსოვს დელ პიეროს თამაშის სტილი ტრავმამდე და ტრავმის შემდეგ, ამაში დაგვეთანხმება. დაახლოებით ისეა, როგორც ბაჯოს შემთხვევაში, ოღონდ იქ ერთი გაცუდებული პენალტი იყო საქმეში, რომელმაც რობი ფსიქოლოგიურად დაარღვია, ან უბრალოდ მწვრთნელები უყურებდნენ სხვა თვალით.

სამკუთხედის მესამე წერტილი ფრანჩესკო ტოტია. ამ სამეულში ასაკით ყველაზე პატარა, თუმცა, იმავე თაობის კიდევ ერთი ღირსეული წარმომადგენელი. ტოტის კარიერა მხოლოდ „რომას“ უკავშირდება და ახლაც შეგვიძლია მარჩიელობა - რომ ყოფილიყო სხვა გუნდი, რას მიაღწევდა რომაელი ქერა ბიჭი? ალბათ უფრო მეტსაც, მაგრამ არც უამისოდ ყოფილა ჩრდილში. ტოტი ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა ასპარეზზე, მაგრამ დელ პიეროსგან განსხვავებით სანაკრებო დებიუტი მხოლოდ 22 წლის ასაკში ჰქონდა, 1998 წლის შემოდგომაზე. სამაგიეროდ, დიდი სისწრაფით იმკვიდრებდა თავს და ევრო 2000-ზე საბოლოოდ წარმოჩინდა, როგორც ახალი ბრილიანტი. მერე „რომას“ 18-წლიანი პაუზის შემდეგ ნანატრი სკუდეტოს მოგებაშიც დაეხმარა და ფაქტი გახდა - ტოტი მსოფლიო ფეხბურთის ახალი მოვლენა იყო.

ფრანჩესკოს არაერთხელ ჰქონია მაცდური წინადადებები, ყველაზე მეტად მადრიდის „რეალი“ აქტიურობდა, მაგრამ „რომა“ ფულზე არ იყიდებოდა. საქმეში „მილანი“ და სილვიო ბერლუსკონიც არაერთხელ ჩართულან, მაგრამ არა და არა! ტოტი „რომას“ ერთგული დარჩა. თუ დელ პიერო და ბაჯო შედარებით მშვიდი ხასიათით გამოირჩეოდნენ, ტოტიზე იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით და ეს მის კარიერას ნამდვილად ჩრილს აყენებს. ფრანჩესკოსთვის უცხო არ ყოფილა, წითელი ბარათები და სკანდალები, 2004 წელს, როდესაც ტრაპატონიმ ნაკრები მის გარშემო ააშენა, პირველივე შეხვედრაში დააღალატა საკუთარი გუნდი, დანიელ კრისტიან პოულსენს შეაფურთხა და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციაც მიიღო. იქამდე, ორი წლით ადრე, სამხრეთ კორეასთან დამატებით დროში წითელ ბარათსაც გამოჰკრა ხელი, თუმცა ალბათ უსამართლოდ. მაგრამ, გინდა, არ გინდა, ეს თავს ყოველთვის იჩენდა. და მაინც, ტოტი გენია იყო და ფეთქებადი ხასიათი მის სათამაშო სტილს მეტ ელფერსაც სძენდა.

ფრანჩესკომ 2006 წლის თებერვალში „ემპოლისთან“ უმძიმესი ტრავმა მიიღო და მთელი იტალია საგონებელში ჩააგდო - მუნდიალზე ვერ ითამაშებდა. ასეთი იყო ექიმების პროგნოზი, მაგრამ მარჩელო ლიპის ტოტის სხეულის შესაძლებლობების ყველაზე მეტად სჯეროდა და გამუდმებით ამხნევებდა - „შენ ამას შეძლებ ჩესკო, შენ იტალიას სჭირდები!“ ლიპის ტოტის გარეშე ჰყავდა ალესანდრო დელ პიერო, რომელიც თავის დროზე თავადვე რობერტო ბაჯოს ამჯობინა და შეეძლო გუნდი მის გარშემო აეწყო, მაგრამ გამოცდილი ტაქტიკოსი კარგად ხვდებოდა ტოტის საჭიროებას, თუნდაც ფორმის პიკზე არ ყოფილიყო.

სწორედ ლიპიმ მოახერხა ფრანჩესკოს საუკეთესო კუთხით გამოყენება ეროვნულ ნაკრებში. მართალია, 2000 წელს დინო ძოფის თავკაცობით რომაელს საუკეთესო ტურნრი ჰქონდა სანაკრებო დონეზე და გერმანიაში 6 წლის შემდეგ ისეთი ეფექტური ვეღარ იყო, მაგრამ ახლა ტოტის სხვა ფუნქცია ჰქონდა, ლიპიმ მას სხვა მნიშვნელობა მიანიჭა. „პუპონემ“ სასწაული შეძლო და მუნდიალამდე გამოჯანრთელება მოასწრო. ბუნებრივია, ის „სკუადრა აძურას“ ათიანი იყო და ლიპი წამითაც არ დაფიქრებულა, ტოტი მოედანზე სჭირდებოდა. დონ მარჩელო არც შემცდარა, ტოტიმ იმ ტურნირზე 4 საგოლე პასი მიითვალა და თავით სწორედ ასე გამოიჩინა, ნახევარდაცვისა და შეტევის მთავარი ღერძი გახლდათ. გოლიც გაიტანა, ყველაზე მძიმე და საჭირო მომენტში ავტსრალიასთან. ტოტიმ მუნდიალი მოიგო და ნაკრებიდან წავიდა, არადა მხოლოდ 30 წლის იყო და ეს იტალიაში დიდ საფეხბურთო ასაკად სულაც არ მიიჩნევა. სალუბო დონეზეც გამორჩეული სეზონი ამის შემდეგ ჰქონდა, 2006-2007 წლების სეზონში სერია A-ს ბომბარდირი გახდა 26 გოლით და წლის ბოლოს „ოქროს ბუციც“ დაისაკუთრა. ბევრჯერ სცადეს მისი გადარწმუნება, ჯერ რობერტო დონადონიმ, მერე ნაკრებში დაბრუნებულმა ლიპიმ, მაგრამ ფრანჩესკო შეუვალი აღმოჩნდა, „სკუადრა აძურას“ აღარ დაბრუნებია.

სამაგიეროდ, მშობლიურ „რომას“ ბოლომდე უერთგულა და არაერთი დაუვიწყარი თამამაშიც ჩაატარა, რომის მწვერვალზე 38 წლის ასაკამდე დარჩა და მისი ფეხბურთიდან გაცილების საღამო ცალკე წარმოდგენაა, რომლის სიტყვით აღწერა უბრალოდ წარმოუდგენელია.

ბაჯო - დელ პიერო - ტოტი: თითქმის ერთი თაობის სამი გენიალური მოთამაშე, რომლებმაც დაუვიწყარი სამუთხედი შექმნეს და ამ წერტილების გზები ერთმანეთს ჰგავდა, ერთმანეთს კვეთდა. გოლები, პასები, ტექნიკური შესაძლებლობები, ქარიზმა, ლიდერის თვისებები, პენალტებისა და საჯარიმო დარტყმების უბადლო ოსტატები.

ტიტულები? ამ მხრივ დელ პიერო ყველაზე მდიდარია, არც გვიკვირს, „იუვენტუსში“ სტაბილურ პერიოდში თამაშობდა. ყველაფერი მოიგო, გარდა ევროპის ჩემპიონატისა, რომელთანაც ძალიან ახლოს იყო (2000 წელს). თავის მხრივ, ტოტის კარიერაში მთავარი 2006 წელს მოგებული მუნდიალი და 2001 წლის დაუვიწყარი სკუდეტოა. აი, ბაჯომ კი მხოლოდ ორჯერ მოახერხა სკუდეტოს მოგება და განგებით არცერთში გადამწყვეტი როლი არ უთამაშია. სამაგიეროდ უეფას თასს შეწვდა, ხოლო სანაკრებო დონეზე მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის გარდა, ყველა სინჯის მედალი მოიპოვა (ვერცხლი, ბრინჯაო).

გოლები? სერია A-ში ტოტი სამკუთხედის სათავეშია (250 გოლი), შემდეგ ბაჯო მოდის (205 გოლი), ხოლო დელ პიერო მესამეა (188 გოლი). სამაგიეროდ, ალესანდრო ზოგადად კარიერაში გატანილი გოლებით სამივეზე მაღლა დგას (316 გოლი, მეორე შედეგი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში). ჩემპიონთა ლიგაზეც ალექსი საუკეთესოა (44 გოლი და მხოლოდ ფილიპო ინძაგის ჩამორჩება). საერთოდ, ჩემპიონთა ლიგა რობერტო ბაჯოს მთავარი გულისწყვეტაა. ამ ტურნირზე გენიალურმა იტალიელმა თითზე ჩამოსათვლელი მატჩები ჩაატარა და შესაბამისად, არც განსაკუთრებული კვალი დაუტოვებია, ხოლო ტოტის ბუნებრივია, „რომასთან“ ერთად დიდი გასაქანი არ ჰქონია.

ნაკრებში ბაჯოს და დელ პიეროს იდენტური მაჩვენებლები აქვთ (27-27 გოლი), თუმცა, რობერტომ გაცილებით მცირე რაოდენობის მატჩებში შეძლო ეს ყველაფერი, ტოტის აქტივში მხოლოდ 9 სანაკრებო გოლია. დიდ ტურნირებზე? რაც უნდა უცნაური იყოს, რობერტო ბაჯოს ევროპის ჩემპიონატზე არასდროს უთამაშია, ხოლო სამ მსოფლიო ჩემპიონატზე 9 გოლი მოაგროვა (იგივე შედეგი იტალიაში მხოლოდ პაოლო როსის და კრისტიან ვიერის აქვთ, ოღონდ ორ-ორ მუნდიალზე), ტოტიმ ორ მუნდიალზე და ორ ევროზე ითამაშა და სამი გოლი გაიტანა (ორი ევროპის ჩემპიონატზე, ერთი მუნდიალზე), ხოლო დელ პიერომ ასევე სამი გოლი (ორი მუნდიალზე, ერთი ევროპის პირველობაზე), მსოფლიოს სამ და ევროპის ოთხ ჩემპიონატზე გაიტანა.

ეს ცხადია, მშრალი სტატისტიკაა, რომელიც ბევრს არაფერს ცვლის. მთავარი ამ ფეხბურთელთა სათამაშო სტილი და ის ხელოვნება იყო, რომელსაც მწვანე მინდორზე ქმნიდნენ. ძნელია მსგავსი კიდევ გამეორდეს და ერთ თაობაში ერთ ქვეყანას შესაშური სამკუთხედი ჰყავდეს, ისინი ერთმანეთს ავსებდნენ და ხალხს ფეხბურთს აყვარებდნენ...

0.122526