სხვა

14:13 | 25.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლერი ხაბელოვი: "ოლიმპიური თამაშები არ გაუქმებულა, ის მხოლოდ გადაიდო"

რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტი და დასანანია, რომ სულ უფრო მზარდი ვირუსული პანდემიის გამო, აუცილებელი გახდა ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გადავადება. ეს იყო იძულებითი, მაგრამ გარდუვალი ნაბიჯი, რომელიც ერთობლივად გადადგეს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და იაპონიის მთავრობამ.

ახალი გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენ ველოდებით დამატებით ოფიციალურ ინფორმაციას სოკ-ისგან და საერთაშორისო ოლიმპიური სპორტული ფედერაციებისგან, ასევე თამაშების საორგანიზაციო კომიტეტისგან. უკვე ვიცით, რომ თამაშები გაიმართება არაუგვიანეს 2021 წლის ზაფხულისა, მაგრამ ახლა პირველ რიგში გასარკვევია პანდემიის გამო გადადებლ და ჯერ კიდევ გასამართ სალიცენზიო ტურნირებთან დაკავშირებული საკითხები. ალბათ, უახლოეს პერიოდში შეიკრიბებიან შესაბამისი საერთაშორისო უწყებები და სამსახურები, შესარჩევი შეჯიბრებების დაგეგმვა-ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირები და მიიღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ცხადია, ახალი გარემოებების გათვალისწინებით, ცვლილებები მოსალოდნელია არაერთი სხვა მიმართულებითაც.

ჩვენ ყველანი ერთად აღმოვჩნდით სრულიად უჩვეულო და არაორდინალურ ვითარებაში, როცა სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება და ამ გამოწვევებს ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ჩვენი ჯანდაცვის ორგანიზაციების და მთავრობის მითითებებს და განკარგულებებს, რათა რაც შეიძლება მინიმალური დანაკარგებით დავძლიოთ კრიზისი და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ამ ეტაპზე ეს არის თითოეული მოქალაქის, მათ შორის - თითოეული სპორტსმენისა და ოლიმპიელის, თითოეული მწვრთნელისა და სპორტის მუშაკის უმთავრესი ამოცანა.

მინდა მოვუწოდო ჩვენი ოლიმპიური გუნდის წევრებს და კანდიდატებს: მიუხედავად დაწესებული და აუცილებლად შესასრულებელი შეზღუდვებისა, მაქსიმალურად შევეცადოთ შევინარჩუნოთ ფიზიკური ტონუსი, ინდივიდუალურად ვივარჯიშოთ საცხოვრებელი სივრცის პირობებში, სადაც ეს შესაძლებელია - განვმარტოვდეთ ღია სივრცეში და მწვრთნელებისა და სპორტული ექიმების დისტანციური კონსულტაციის მიხედვით, მივიღოთ აუცილებელი ფიზიკური დატვირთვა.

ოლიმპიური თამაშები არ გაუქმებულა. ოლიმპიური თამაშები მხოლოდ გადაიდო. როგორც კი ამის დრო მოვა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, რა თქმა უნდა, განაახლებს სპეციალურ მიზნობრივ პროგრამებს, მოიძიებს დამატებით რესურსებს იმისთვის, რომ თითოეულ სპორტსმენს, თითოეულ გუნდს და პოტენციურ ოლიმპიელს ოლიმპიადისთვის მზადების გაგრძელების საუკეთესო პირობები შევუქმნათ. ჩვენი საბოლოო მიზანი უცვლელი რჩება - წარმატებული გამოსვლა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ახლა უკვე 2021 წელს.

geonoc.org.ge

0.113749