ვეტერანმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა პაულო ფუტრემ განაცხადა, რომ 1987 წელს „ოქროს ბურთი“ „მილანის“ მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ მოპარა და რუუდ გულიტს გადასცა.
პორტუგალიელი დღემდე უსამართლოდ მიიჩნევს, რომ მაშინ გამარჯვება „როსონერის“ შემტევს დარჩა.
„ოქროს ბურთის“ მოსაგებად ვიბრძოდი, მაგრამ მეორე ადგილზე გავედი, ხოლო ჯილდო რუუდ გულიტს გადაეცა, „მილანის“ ჰოლანდიელ ვარსკვლავს. გულიტი ნამდვილად არის ჩემპიონი, რომელიც იმსახურებდა „ოქროს ბურთის“ მოგებას, მაგრამ არა იმ წელს. სილვიო ბერლუსკონიმ ყველაფერი გააკეთა, რომ მაშინ ეს ტიტული ჰოლანდიელს მოეგო.
„ატლეტიკოში“ გადასვლამდე „პორტუსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგე და ფინალში კარიერის საუკეთესო თამაში მქონდა. გულიტი კი „მილანში“ მხოლოდ რამდენიმე თვის გადასული იყო და მხოლოდ ჰოლანდიის ჩემპიონატი ჰქონდა მოგებული“, - განაცხადა ფუტრემ Mundo Deportivo-სთან.
აქვე გეტყვით, რომ 1987 წელს ფუტრემ „პორტუს“ რიგებში ჩემპიონთა თასი (ლიგა) მოიგო, ხოლო იმავე წელს გულიტი პსვ-ს რიგებში ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა. ორივე ფეხბურთელმა 1987 წლის ზაფხულში გუნდები შეიცვალეს, ერთმა „ატლეტიკოს“ მიაშურა, მეორემ - „მილანს“.