ფეხბურთი

22:07 | 23.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

პაპუ გომესი: "ბერგამოში შექმნილი დრამატული სიტუაცია ჩემპიონთა ლიგის ბრალიცაა"

ბერგამოს „ატალანტას“ ფეხბურთელი პაპუ გომესი მიიჩნევს, რომ ბერგამოში შექმნილი დრამატული ვითარება ჩემპიონთა ლიგის მატჩის ბრალია, რომელიც მილანში მის გუნდსა და „ვალენსიას“ შორის გაიმართა.

არგენტინელმა Sky Sport-თან საკმაოდ პესიმისტური განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ ახლა ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებს და ამ საკითხზე კონცენტრაცია უჭირს.

„ფეხბურთზე ფიქრი მიჭირს. ვცდილობ ფორმაში შევინარჩუნო, დღეში ორჯერ საათნახევარი ვვარჯიშობ, მაგრამ ძნელია კონცენტრაციის შენარჩუნება. ფეხბურთი უკანასკნელია რამაა, რაც ახლა მაინტერესებს. არ ვიცი დავუბრუნდებით თუ არა თამაშს, ზაფხულში თუ რამდენიმე თვეში, თუმცა მთავარია მანამდე ქვეყანა დაუბრუნდეს თავის ადგილს. ძნელი იქნება ფეხბურთში დაბრუნება, ჩემს თავს ვუსვამ კითხვებს, როგორი იქნება სტუმრად გამგზავრების ორგანიზება, სასტუმროებში განთავსება? ეს კითხვები მაწუხებს.

ქვეყანაში საუკეთესო მდგომარეობა არაა, მაგრამ პოზიტივის მოძებნაა საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე საშინელ ამბებს ვიგებთ. სხვა არაფერი დაგვრჩენია გარდა სახლში ყოფნისა და ამ ყველაფრის დასრულების ლოდინისა. იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება.

ბოლო 4 წელიწადში „ატალანტამ“ ქალაქი გააბედნიერა, მაგრამ რასაც ამ პერიოდში ვხედავთ, საშინელებაა, რასაც ჯერ კიდევ ვერ ვხვდები. ეს არის ქვეყანა, რომელიც ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტად დაზარალდა. მე ბერგამოელ ხალხთან ვარ, ეს პერიოდი გაივლის.

თავიდან დეზინფორმაცია ბევრი იყო, მშვიდად ვიღებდით ყველაფერს, გვეგონა, რომ ეს მხოლოდ ჩვეულებრივი ვირუსი იყო და ნორმალურ ცხოვრებას ვაგრძელებდით. როდესაც სიკვდილიანობამ იმატა, შიში დაგვეუფლა.

„ვალენსიასთან“ თამაში? ამ მატჩების თამაში საშინელება იყო, ვალენსიაში შემოწმება არ გაგვივლია, ყველა მოდუნებული იყო, ერთ-ერთი მათგანი მოედანზე დაინფიცირებული გახლდათ. ვფიქრობ, ბერგამოში დღეს არსებულ ვითარებაზე გავლენა „სან სიროზე“ ჩატარებულმა ამ თამაშმაც მოახდინა. ბერგამოში სულ 120 ათასი ადამიანი ცხოვრობს და 45 ათასი სტადიონზე იყო“, - განაცხადა გომესმა.

შეგახსენებთ, „ატალანტამ“ „ვალენსია“ ორი მატჩის ჯამში 8:4 დაამარცხა (4:1, 4:3). ესპანურმა Cadena Ser-მა კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის გავრცელება სწორედ ამ გუნდების პირველი მატჩის დამსახურებაა.

0.131499