დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაშია მოქცეული, განსაკუთრებით ფასობს იმედიანი და სამხიარულო ამბები. ერთ-ერთი ასეთი სახალისო ამბავი “ლივერპულის“ ფეხბურთელ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენისგან გვაქვს, რომელიც უკვე მეორე კვირაა საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.
ამასწინათ გავრცელდა მეტად სახალისო ვიდეო, სადაც ვხედავთ თვითიზოლაციაში მყოფ ოქსლეიდ-ჩემბერლანსა და მის მეგობარ გოგოს, მომღერალ პერი ედვარდსს, რომლებიც მიუხედავად მასობრივი სტრესებისა გემრიელად ერთობიან და ისეთ ცეკვა-თამაში გაუჩაღებიათ - თქვენი მოწონებული.
შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იტყვიან, ახლა რა დროს გართობა და ცეკვააო, მაგრამ მათ ალბათ არ ეცოდინებათ მშვენიერი ქართული ხალხური ლექსი:
“ვერა მიშველა ტირილმა, ვერცა ცრემლების დენამა,
მიშველა ისევ სიცილმა, ლაქარდიანმა ენამა“.
ისე, კარგი ცეკვა-თამაში კი ცოდნია ამ მობურთალ ბიჭს...
https://www.youtube.com/watch?v=Wm-mWQfD5nA