სხვა

0:31 | 18.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო 2020-ის გადადება ამ ეტაპზე არ იგეგმება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, წლეულს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩატარებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რამე მკაცრი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არის.

IOC ტოკიო-2020-ის გადადებას ან გაუქმების სპეკულაციებს უარყოფს. იგი გადაჭრით აცხადებს, რომ თამაშები გეგმისამებრ ჩატარდება და რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერი სპეკულაციები კონტრპროდუქტიული იქნება. IOC-ში მიაჩნიათ, რომ ტოკიოს თამაშებამდე დიდი დროა და სწორედ ოთხწლეულის უმთავრეს ასპარეზობებს აქვს შანსი ვირუსზე კაცობრიობის გამარჯვების სიმბოლო გახდეს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შესაბამისი განცხადება მოჰყვა საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებთან დღევანდელ საუბარს.

COVID-19-ის გავრცელებით, ფაქტობრივად, სრულად შეჩერებული სპორტული ცხოვრებისა და საკვალიფიკაციო პროცესში გამოწვეული ქაოსის მიუხედავად, IOC და ტოკიო-2020-ის წარმომადგენლები ურყევნი არიან საკუთარ რწმენაში. მათი განცხადებით, თამაშები 24 ივლისს გაიხსნება.

IOC-ის თქმით, ათლეტებისთვის მთავარ გამოწვევად რჩება ტოკიოს თამაშებისთვის კვალიფიკაციის გავლა.

„IOC მოუწოდებს სპორტსმენებს, გააგრძელონ თამაშებისთვის მზადება, რამდენადაც ეს მათთვის შესაძლებელია. მხარში ამოვუდგებით სპორტსმენებს, რჩევები მივცემთ მათ და მათი ქვეყნის ოლიმპიურ კომიტეტებს, ასევე მივაწვდით შემუშავებულ ახალ ინფორმაციებს," - ვიტყობთ IOC-ის განცხადებიდან.

აღნიშნულია, რომ კვალიფიკაცია გავლილი სპორტსმენები თამაშებში მონაწილეობის უფლებას შეინარჩუნებენ, ხოლო ჯერაც არ ჩატარებული ოლიმპიური საკვალიფიკაციო ასპარეზობების ჩასატარებლად ვადები გაიზრდება. იმ შემთხვევაში, თუ საკვალიფიკაციო ტურნირების ჩატარება ვერ მოხერხდა, დარჩენილი საგზურების მომავალი მფლობელები შეირჩევა ადრეული შედეგების ან რეიტინგების გათვალისწინებით. აუცილებლობის შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნება კონტინენტალურ და რეგიონალურ შეჯიბრებებზე მიღწეული შედეგები.

დღევანდელი მონაცემებით, 11 ათასი ოლიმპიელიდან ლიცენზია 57 პროცენტს აქვს მოპოვებული. IOC-ის განმარტებით, საერთაშორისო ფედერაციებთან თანამშრომლობით, ყველაფერი გაკეთდება დარჩენილი 43 პროცენტის შესავსებად.

GEONOC.ORG.GE

თეგებიტოკიო 2020
0.113128