უეფამ თავის წევრ 55 ქვეყნის ფედერაციებთან და ევროპული საკლუბო ასოციაციის ხელმძღვანელებთან ვიდეოკოფერენცია გამართა და შექმნილ ვითარებაში გამოსავალი მოძებნა.
პრიორიტეტი მიენიჭა ეროვნული ჩემპიონატების სეზონის დასრულებას და უეფამ უპრეცედენტოდ სოლიდარული ნაბიჯი გადადგა - ევრო 2020 ერთი წლით გადადო. ევროპული ფეხბურთის მმართველმა უწყებამ შექმნა ჯგუფი, რომელიც უახლოეს ხანებში მდგომარეობის მონიტორინგით შეისწავლის თუ როგორ გააგრძელებენ ჩემპიონთა და ევროპა ლიგის გათამაშებებს.
როგორც უკვე ვთქვით, ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება, ერთი წლით გადაიდო, რაც მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯია. უეფას პრიორიტეტი ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა და შექმნილ ვითარებაში მომსახურე პერსონალის ზედმეტი ზეწოლისგან თავის არიდებააა. ეს ნაბიჯი ასევე ხელს შეუწყობს შიდა ეროვნული ჩემპიონატებისა და ევროთასების სეზონის დასრულებას, რომელიც COVID-19-ის გამო დაუდგენელი ვადით შეჩერებულია.
უეფას ყველა შეჯიბრება, მამაკაცთა და ქალთა შორის (ამხანაგური მატჩებიც) გაურკვეველი ვადით გადადებულია. ევრო 2020-ის პლეი-ოფის მატჩები (ერთა ლიგის ნახევარფინალ-ფინალები), რომელიც მარტის ბოლოს უნდა გამართულიყო, ამჟამინდელი მოცემულობით მიმდინარე წლის ივნისში უნდა გაიმართოს, ცხადია მათ შორის, საქართველო - ბელარუსის შეხვედრაც.
შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ლიგებისა და კლუბების წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომლებიც იმუშავებენ ახალ კალენდარზე, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება მიმდინარე სეზონის დასრულება.
თავის მხრივ, 2021 წლის ზაფხულში დაგეგმილი ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი და ერთა ლიგის A დივიზიონის ფინალური ეტაპი 2022 წლის ზაფხულში გაიმართება. ეს ფანჯარა თავისუფალია, რადგან 2022 წლის მუნდიალს ყატარი ისედაც დეკემბერში უმასპინძლებს.
„ჩვენ ვუძღვებით სპორტს, რომლის მეშვეობით უამრავი ადამიანი სუნთქავს, მაგრამ უჩინარი და სწრაფი მტერი გამოგვიჩნდა. ასეთ პერიოდში საფეხბურთო საზოგადოებამ ერთიანი და სოლიდარული გადაწყვეტილება მიიღო. გულშემატკივრების, თანამშრომლებისა და ფეხბურთელების ჯანმრთელობა მთავარი პრიორიტეტია და ამ სულისკვეთებით უეფამ წამოაყენა უამრავი ვარიანტი, რათა შევძლოთ სეზონის დასრულება. ვამაყობ ჩემი კოლეგების პასუხებით, ყველასთან თანამშრომლობა ძალიან ადვილად შედგა, მათ ესმით შექმნილი სიტუაცია. ჩვენ გავიღეთ ყველაზე დიდი მსხვერპლი, რაც მდგომარეობს ევრო 2020-ის გადადებაში. ეს საკმაოდ დიდ ხარჯს წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი წევრი 55 ქვეყანა არ დაზარალდეს. ფეხბურთი წარმოადგენს მძლავრ და დადებით ძალას საზოგადოებისთვის. ცარიელი სტადიონები, დაცარიელბული გულშემატკივართა ზონები მიუღებელია უეფასთვის და მისი 60 წლის იუბილის აღნიშვნის დროს.
მინდა მადლობა გადავუხადო ევროპული კლუბების ასოციაციას, ევროპულ ლიგებსა და FIFPro Europe-ს დიდი შრომისა და თანამშრომლობისთვის. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო 55-ვე ფედერაციის პრეზიდენტებსა და გენერალურ მდივნებს, ჩემს კოლეგებს აღმასრულებელ კომიტეტში, მხარდაჭერისთვის. დეტალები უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი, მაგრამ ძირითადი პრინციპები დამტკიცებულია და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ყველამ ვაჩვენეთ პასუხისმგებლობა, გამოვავლინეთ სოლიდარობა და ერთიანობა.
მინდა მადლობა გადავუხადო კონმებოლის წარმომადგენელ ალეხანდრო დომინგესს, რომ კოპა ამერიკა ერთი წლით გადადო. ეს ნიშნავს, რომ კლუბებს მათი ფეხბურთელების გამოყენება მიმდინარე სეზონის დასასრულებლად თავისუფლად შეეძლებათ. უპირველეს ყოვლისა, ეს კოორდინირებული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება ღრმად აფასებს მთელ ევროპულ საფეხბურთო საზოგადოებას. მინდა მადლობა ვუთხრა ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს, რომელმაც განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს ახალი კალენდრის საუკეთესოდ შექმნაში“, - თქვა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა.
ევრო 2020, რომელიც მიმდინარე წლის 12 ივნისიდან 12 ივლისამდე უნდა ჩატარებულიყო, 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება. აქამდე რეალიზებული ბილეთები სრულად ანაზღაურდება და გულშემატკივრები თანხას დაიბრუნებენ.
რაც შეეხება, უეფას ტურნირებს, ჩემპიონთა და ევროპის ლიგას, ქალთა საკლუბო ტურნირებს, მათი თარიღები შეიცვალა, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა. არსებობს საორიენტაციო თარიღები, რომლის მიხედვითაც ევროპა ლიგის ფინალი 24 ივნისს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალი 27 ივნისს გაიმართება. უეფა ოფიციალურ განცხადებაში ასევე ადასტურებს, რომ მიმდინარე სეზონში შეცვლილი კალენდრის გამო შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის მატჩები უიქ-ენდებზე, ხოლო შიდა ჩემპიონატების თამაშები შუა კვირაში გაიმართოს.