ფეხბურთი

18:16 | 17.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - ბელარუსი შესაძლოა ივნისში გაიმართოს

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველო - ბელარუსი გადაიდო. ინფორმაციას სფფ-ის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება ეს შეხვედრა, მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის განცხადებით, ამ ეტაპზე ივნისის თვე განიხილება.

ყველაფერი მაინც დამოკიდებული კორონავირუსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და ეროვნული ჩემპიონატების განახლებაზე იქნება დამოკიდებული.

„დღევანდელი ვიდეოკონფერენციის მთავარი განსახილველი თემა ევრო 2020 გახლდათ. ამ ეტპაზე ყველაფერი დამოკიდებულია თუ როგორ და როდის განახლდება ევრონული ჩემპიონატები. მოგეხსენებათ, რომ საქართველოსთან ერთად ბევრ სხვა ქვეყანაში შიდა ჩემპიონატი შეჩერებულია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე გაურკვეველია თუ რომელი გუნდები იასპარეზებენ მომავალ სეზონში ევრო ტურნირებზე. ყველაფრის გათვალისწინებით უეფამ დღეს წარმოადგინა სამოქმედო გეგმა, რომელიც დასამტკიცებლად აღმასკომს გადაეცემა.

დიდი ალბათობით აღნიშნული პროექტი დამტკიცდება, რადგან არც ერთ ასოციაციას საწინააღმდეგო აზრი არ გამოუთქვამს. ევროპის ჩემპიონატი დიდი ალბათობით გადაიდება მომავალი წლისთვის და 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩაითვლით გაიმართება. ასევე შეიცვლება ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მატჩების დღეები. ცვლილება, რა თქმა უნდა, შეეხო ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებს, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი მოცემულობით მარტში ბელარუსის წინააღმდეგ გასამართი მატჩი ივნისში ჩატარდება.

ყველა ეს ცვლილება გათვლილია იმაზე, რომ მსოფლიოში არსებული მდომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. არსებობს ჩემპიონატების განახლების რამდენიმე ვარიანტი. მოგეხსენებათ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გათამაშება აქვს დასასრულებელი. იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი მდგომარეობით ჩემპიონატების განახლების კონკრეტული თარიღი უცნობია, არსებობს რამდენიმე ვარიანტი, როდესაც ევროპაში შიდა ჩემპიონატები განახლდება. განახლების თარიღზეა დამოკიდებული ევრო ტურნირების ფორმატიც. ამ მდგომარეობით ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამართვის თარიღად 27 ივნისი სახელდება.

მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში ჩვენთვის ყველაზე საინტრესო მატჩი ბელარუსის წინააღმდეგ ივნისის დასაწყისში გაიმართება. თუმცა მანამდე უნდა განახლდეს ის ჩემპიონატები სადაც ჩვენი ლეგიონერები ასპარეზობენ და ქვეყნებს შორის გადაადგილება უნდა გახდეს უსაფრთხო. ამასთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ“, - ციტირებს მუჯირის სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

0.118074