რაგბი

14:26 | 16.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

სამი უმცროსი ბორჯღალოსანი Rugbypass-ის რჩეულებში

პოპულარულმა სარაგბო პორტალმა Rugbypass-მა ამ მომენტისთვის 50 საუკეთესო 20-წლამდე მორაგბე გამოარჩია. რჩეულთა შორის სამი უმცროსი ბორჯღალოსანია და მათგან ორს, უკვე კაცთა ნაკრებშიც უთამაშიათ.

23 ადგილზე ‘ბეიონის’ მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი მოხვდა და გამოცემა მას ასე ახასიათებს:

  • დიდი და სწრაფი მორაგბე, რომელსაც ხელით თამაშის შესანიშნავი კულტურა აქვს, შესაძლოა გახდეს მამუკა გორგოძის ღირსეული მემკვიდრე. ის დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ხერხემალი უნდა გახდეს –

37-ე ადგილზეა ‘ბრივის’ კვაჭი ვანო კარკაძე, რომელიც წელს მესამედ ითამაშებს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს და რომელმაც 2019 წლის მსოფლიო თასზე ერთი შეხვედრა ჩაატარა:

  • კარკაძე ჯერ 20 წლისაც არაა და უფროსი ასაკის ნაკრებში უკვე მოასწრო 5 კეპის მოხვეჭა. ის ‘ბრივში’ მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავების, თედო აბჟანდაძისა და ვასილ ლობჟანიძის მხარდამხარ თამაშობს. ეს საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში ნამდვილი ქართული რევოლუციაა –

48-ე ადგილზეა უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტანი, ‘ლელო-სარასენსის’ შუამარბი დემე თაფლაძე, რომელიც 20-წლამდელთა ნაკრებში 2018 წლიდან თამაშობს და წელს მესამე ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. მან ბორჯღალოსნების კვართი წელს 2-ჯერ მოირგო და ერთი ლელოც გაიტანა:

  • შთამბეჭდავი შუამარბი, რომელმაც პირველი სანაკრებო კეპი ცოტა ხნის წინ მოიხვეჭა და გუნდს უკანა ხაზში ესოდენ საჭირო სისწრაფე და დინამიზმი შემატა. 19 წლის მორაგბის საფრანგეთში გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია –

2020 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში, უმცროსი ბორჯღალოსნები „ბ“ ჯგუფში, ავსტრალიის, უელსისა და ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ითამაშებენ.

RUGBY.GE

0.147848