„ლიდს იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი მარსელო ბიელსა კორონავირუსს არც ცნობს და არც ეშინია. პრემიერლიგა და ჩემპიონშიფი 4 აპრილამდე შეწყდა, მაგრამ არგენტინელი სპეციალისტი თავისი ფეხბურთელებისთვის თავისუფალი დროის მიცემას არ გეგმავს.
Daily Mail-ის ინფორმაციით, სამხრეთ ამერიკელმა საწვრთნელი პროცესი არ შეწყვიტა და „ლიდსი“ ჩვეულებრივად გააგრძელებს მზადებას. წყაროს ცნობით, ბიელსას არ სურს, რომ მისი გუნდი ფორმიდან ამოვარდეს და პრემიერლიგაში გადასვლის შანსი ამით შეიმციროს.
„ლიდს იუნაიტედი“ ამ დროისთვის ჩემპიონშიფს ლიდერობს, უახლოეს მდევარ „ვესტ ბრომვიჩს“ ერთი, ხოლო „ფულჰემს“ შვიდი ქულით უსწრებს.