ჭიდაობა

3:16 | 13.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"კორონავირუსი სპორტში" - ყველა ინფორმაცია ერთად [განახლებადი]

კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. შედეგად, COVID-19-მა სპორტული სამყაროც შეაფარხა და სხვადასხვა ტურნირები გაურკვეველი ვადით იდება.

უკვე გახშირდა კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევებიც სპორტსმენებში. საგანგებო მდგომარეობის გამო WORLDSPORT.GE წარმოგიდგენთ კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციებს ერთად აკინძულს, განახლებად რეჟიმში.

ყოველი ახალი ცნობა ოფიციალურად დადასტურების შემდეგ ამ წერილში განთავსდება. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად თქვენ გხვდებათ უახლესი ინფორმაცია და შემდგომ ქრონოლოგიურად არის დალაგებული.

„კორონავირუსი სპორტში“

ტოკიო 2020 - ტოკიოს ოლიმპიადა შესაძლოა გადაიდოს. საბოლოო გადაწყვეტილება IOC-ი ერთი თვის განმავლობაში მიიღებს. მიზანი კი, 2020 წლის ბოლომდე მისი ჩატარება იქნება.

ჩინეთი - მარუან ფელაინი ჩინეთში მოთამაშე პირველი ფეხბურთელია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

ესპანეთი - მადრიდის "რეალის" ყოფილი პრეზიდენტი ლორენსო სანსი 76 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. სანსი "სამეფო კლუბს" 1995-2000 წლებში ხელმძღვანელობდა და გუნდმა ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო.

იტალია - "მილანის" ლეგენდა პაოლო მალდინი კორონავირუსით დაინფიცირდა. მასთან ერთად ტესტი დადებითი აღმოუჩნდა მის შვილს, 19 წლის დანიელ მალდინის, რომელიც "როსონერის" ფეხბურთელია. ორივე ორი კვირაა საკუთარ სახლში იზოლირებულნი არიან და კარანტინში გამოჯანმრთელებამდე დარჩებიან.

იტალია - ტურინის "იუვენტუსში" კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. პაულო დიბალა და მისი შეყვარებული ორიანა საბატინი დაინფიცირდნენ. დიბალას განცხადებით, თავს კარგად გრძნობენ და იზოლირებულნი არიან (11 მარტიდან). პაულომდე კორონავირუსი დანიელე რუგანის და ბლეზ მატუიდის დაუდასტურდათ.

პოლონეთი - მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ და მისმა მეუღლე ანამ კორონავირუსისთვის ბრძოლაში 1 მილიონი ევრო გაიღეს.

ესპანეთი - "ესპანიოლის" ჩინელი თავდამსხმელი ვუ ლეი კორონავირუსით დაინფიცირდა.

თურქეთი - თურქეთის სუპერლიგა მინიმუმ ერთი თვით შეწყდა.

ბელარუსი - ბელარუსში როგორც ჩანს, კორონავირუსი არ აშინებთ. დღეს ჩემპიონატი ჩვეულ რეჟიმში დაიწყო და გულშემატკივართა დასწრებაც ნებადართულია.

ინგლისი - ინგლისის პრემიერლიგაში კორონავირუსით გამოწვეული პაუზა 30 აპრილამდე გაგრძელდება.

ესპანეთი - მადრიდის "რეალის" ყოფილ პრეზიდენტ ლორენსო სანსს კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი მდგომარეობა მძიმეა.

ესპანეთი - "ალავესმა" დაადასტურა, რომ გუნდში 15 ინფიცირებული თანამშრომელია, მათ შორის სამი ფეხბურთელია.

ესპანეთი - "ესპანიოლმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ექვს წარმომადგენელს კორონავირუსი აქვს. მათი ვინაობა არ დასახელებულა. ყველა მათგანს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება და მიჰყვებიან ჯანდაცვის ორგანიზაციის მითითებებს.

NBA - "ბრუკლინ ნეტსის" ოთხი კალათბურთელი დაინფიცირდა. ერთ-ერთ კალათბურთის გამორჩეული ვარსკვლავი კევინ დურანტია, ხოლო დანარჩენი სამის ვინაობა უცნობია.

იტალია - "ვერონას" ფეხბურთელ მატია ძაკანის კორონავირუსი დაუდასტურდა.

იტალია - ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველ ბლეზ მატუიდის კორონავირუსი დაუდასტურდა. ცნობას იტალიური გრანდი ოფიციალურად ადასტურებს.

ფიფა - ფიფას საკლუბო ჩემპიონატი, რომელიც 2021 წლის ზაფხულში ისტორიაში პირველად 24 გუნდით უნდა გამართულიყო, 2022 ან 2023 წლისთვის გადაიდო.

ტოკიო 2020 - ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარებაც საფრთხის ქვეშ დადგა. როგორც იაპონიის ხელისუფლება იტყობინება, ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ და ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტ კოზო ტაშიმას კორონავირუსი დადუდასტურდა. 62 წლის ტაშიმა თებერვალ-მარტში ევროპასა და აშშ-ში ხშირად მოგზაურობდა.

რუსეთი - რუსეთის პრემიერლიგა და საფეხბურთო აქტივობა 10 აპრილამდე შეწყდა.

უეფა - სავარაუდოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 27 ივნისს, ხოლო ევროპა ლიგის 24 მაისს გაიმართება.

კონმებოლი - ოფიციალურად კოპა ამერიკის 2020 წლის გათამაშება 2021 წლისთვის გადაიდო.

უეფა - კორონვირუსის გამო ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი გადაიდო და 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება. ერთა ლიგის 2021 წლის ფინალური ეტაპი (A ლიგის) 2022 წლის ზაფხულში გაიმართება, ხოლო 2022 წლის მუნდიალი ჩვეუელბრივ დეკემბერში ჩატარდება.

გერმანია - ბერლინის "ჰერტამ" დაადასტურა, რომ გუნდის ერთ-ერთ წარმომადგენელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

იტალია - "იუვენტუსში" კორონავირუსის ტესტები ფეხბურთელებს უტარდებათ. ამ მომენტისთვის ყველა პასუხი უარყოფითია (რუგანის გარდა).

ბრაზილია - "ფლამენგოს" მთავარ მწვრთნელ, 65 წლის ჟორჟე ჟესუსს კორონავირუსი დაუდასტურდა.

არგენტინა - არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ კორონავირუსის გამო მის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა საფეხბურთო ტურნირი შეაჩერა.

ესპანეთი - ესპანურმა "ვალენსიამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდში დასაქმებულ ადამიანთა 35% კორონავირუსით დაინფიცირდა.

იტალია - დანიელე რუგანის საცოლეს, მიკელა პერსიკოს კორონავირუსი დაუდასტურდა (ასიმპტომურად). შეგახსენებთ, რომ თვითონ რუგანიც 6 დღის წინ დაინფიცირდა.

ესპანეთი - ესპანეთში კორონავირუსით 21 წლის მწვრთნელი ფრანსისკო გარსია გარდაიცვალა, რომელიც მალაგას ასაკობრივ საფეხბურთო კლუბს, „ატლეტიკო პორტადა ალტას“ წვრთნიდა.

მექსიკა - მექსიკის საფეხბურთო ჩემპიონატი კორონავირუსის გამო შეწყდა.

ბრაზილია - ბრაზილიის კონფედერაციამ გამოაცხადა, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა საფეხბურთო ტურნირი შეჩერდა.

ესპანეთი - "ვალენსიას" ფეხბურთელმა ელიაკიმ მანგალამ საკუთარი ტვიტერის გვერდზე დაადასტურა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა.

იტალია - გენუის "სამპდორიას" მცველმა ომარ კოლიმ უარყო, რომ კორონავირუსი აქვს. გამბიელი ფეხბურთელის განცხადებით, მისი ტესტი უარყოფითი იყო.

ესპანეთი - ესპანური "ელჩეს" ბრაზილიელ თავდამსხმელ ჟონათასს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბრაზილია - ბრაზილიაში "გრემიოს ფეხბურთელები "სან ლუზთან" შეხვედრაში მოედანზე ნიღბებით გავიდნენ და ამით პროტესტი გამოხატეს. შეხვედრა უმაყურებლოდ გაიმართა.

ესპანეთი - ესპანური "ვალენსიას" მცველ ეზეკიელ გარაის კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. მის გარდა, "ღამურების" სტაფში დასაქმებული ოთხი ადამიანიც ინფიცირებულია. ვინაობა არ გახმაურებულა.

ესპანეთი - "ალავესში" მომუშავე ორ ადამიანის კორონავირუსი აღმოაჩნდათ.

NBA - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში რუდი გობერისა და დონოვან მიტჩელის შემდეგ კორონავირუსი "დეტროიტის" კალათბუთელ კრისტიან ვუდს დაუდასტურდა.

იტალია - გენუის "სამპდორიაში" ინფიცირებულ ფეხბურთელთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. ფაბიო დეპაოლიმ ინსტაგრამში დაწერა: "მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. სამწუხაროდ, კორონავირუსის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ამჟამად კარგად ვარ". ინფიცირებულია მისივე თანაგუნდელი ბარტოშ ბერეჟინსკი. პოლონელმაც საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე თავად გაავრცელა ინფორმაცია.

არგენტინა - „რივერ პლეიტმა“ თასზე „ატლეტიკო ტუკუმანთან“ შეხვედრაზე უარი თქვა. მატჩი დღეს იყო დაგეგმილი, მაგრამ გადაიდო.

არგენტინა - დიეგო არმანდო მარადონა გუნდისგან იზოლირებულია. ცნობა "ხიმნასიას" პრეზიდენტმა ფლავიო ტუნესიმ დაადასტურა: „გამაფრთხილებელ ზომებს ვიღებთ, ახლა მარადონა ფეხბურთელებისგან იზოლირებულია და პირველ სართულზე ცალკე ოთახში იმყოფება, რადგან რისკის ჯგუფში შედის".

სერბეთი - სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ სლავისა კოკეზას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა დაადასტურა: „მასთან ვისაუბრე, კარგადაა“. აღსანიშნავია, რომ კოკეზა 10 დღის წინ ამსტერდამში ერთად ლიგის წილისყრაზე და უეფას კონგრესზე იმყოფებოდა.

იტალია - იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა მიიჩნევს, რომ ევროპის ჩემპიონატი უნდა გადაიდოს: "ევროპის ჩემპიონატის გადადება სწორი ნაბიჯი იქნება. პრიორიტეტი სეზონის დასრულებაა".

იტალია - ფლორენციის "ფიორენტინამ" დაადასტურა, რომ ფეხბურთელებს, პატრიკ კუტრონესა და ხერმან პეცელას, ფიზიოთერაპევტ სტეფანო დაინელის კორონავირუსი დაუდგინდათ. აქვე გეტყვით, რომ გუშინ "იების" კიდევ ერთი წევრი, დუშან ვლაჰოვიჩი დაინფიცირდა.

საფრანგეთი - „ტრუას“ (ლიგა 2) სამხრეთ კორეელი თავდამსხმელი სუკ ჰიუნ-იუნდელი პირველი პროფესიონალი ფეხბურთელია, რომელსაც საფრანგეთში კორონავირუსი დაუდასტურდა. კლუბმა საწვრთნელი პროცესი შეწყვიტა.

გერმანია - გერმანიისა და იტალიის ნაკრებთა მატჩი, რომელიც 31 მარტს ნიურნბერგში უმაყურებლოდ უნდა გამართულიყო, გაუქმდა.

ჩემპიონატები - ევროპაში 13 ქვეყანა დარჩა, სადაც ამ შაბათ-კვირას ფეხბურთს ითამაშებენ: ისლანდია, რუსეთი (დაიშვება მაქსიმუმ 5 ათასი გულშემატკივარი), სერბეთი, თურქეთი (უმაყურებლლოდ) უკრაინა, უნგრეთი, ბელარუსი, ფინეთი, გიბრალტარი, ყაზახეთი, კოსოვო, მონტენეგრო და ფარერები. შეგახსენებთ, რომ ქართველი ლეგიონერები რუსეთის, თურქეთის, ყაზახეთის, უკრაინისა და უნგრეთის ჩემპიონატებში თამაშობენ.

ფიფა - ფიფამ უეფას მარტსა და აპრილში დაგგემილი სანაკრებო მატჩების გადადებისკენ მოუწოდა. ფიფაში ამბობენ, რომ ასეთ ვითარებაში კლუბები ვალდებულნი არ არიან ფეხბურთელები ნაკრებებში გაუშვან.

საფრანგეთი - საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლა გრატმა თქვა: პრიორიტეტი ჯანმრთელობის დაცვაა. ნორმალურია, რომ ასეთ ვითარებაში ყველა ტურნირი შეჩერდა. ლიგა 1 მზადაა ითამაშოს მაისში, ივნისში ან ივლისში. ჩვენ ყველა ვარიანტს შევისწავლით.

გერმანია - "პადერბორნის" 20 წლის მცველ ლუკა კილიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ბუნდესლიგის პირველი ფეხბურთელია, რომელიც დაინფიცირდა. თავის მხრივ, ამავე გუნდის მთავარი მწვრთნელის სტეფენ ბაუმგარტის ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

იტალია - ფლორენციის „ფიორენტინას“ შემტევი ნახევარმცველი დუშან ვლაჰოვიჩი კორონავირუსით დაინფიცირდა. „იების“ ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. ფეხბურთელი ასიმპტომურია და საკუთარ სახლში იმყოფება.

ევროპული ლიგები - ევროპული ლიგების გაერთიანებამ უეფას ევრო 2020-ის გადადებისკენ მოუწოდა, რადგან სხვა შემთხვევაში შიდა ჩემპიონატების დასრულება ვერ მოესწრება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის: „ეს კრიზისი ასევე იწვევს სერიოზულ სპრტულ და ფინანსურ ზარალს ყველასთვის. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ უეფასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რომ ყველა ამ პრობლემის შესახებ საერთო გადაწყვეტილება კონსტრუქციული გზით ვიპოვოთ, როგორც საკლუბო ტურნირების, ისე ევრო 2020-ის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის თურქეთის, რუსეთისა და კიდევ რამდენიმე ჩემპიონატის გარდა, თითქმის ყველა პირველობა შეჩერებულია.

აფრიკა - მარტის ბოლოს დაგეგმილი 2021 წლის აფრიკის თასის შესარჩევი ეტაპის ორი ტური გადაიდო.

იტალია - "მილანმა" საწვრთნელი პროცესი 22 მარტამდე შეწყვიტა, ხოლო "ნაპოლიმ" 18 მარტამდე. შემდგომ გადაწყვეტილებების ვარჯიშების განახლებასთან დაკავშირებით, გუნდები დასახელებული თარიღების შემდეგ მიიღებენ.

იტალია - გენუის „სამპდორიაში“ მანოლო გაბიადინის შემდეგ კორონავირუსი კიდევ ოთხ ფეხბურთელ დაუდგინდა. გენუური გუნდის ვებგვერდის ცნობით, ომარ კოლი, ალბინ ეკდალი, ანტონიო ლა გუმინა და მორტენ ტორსბი, ასევე ექიმი ამადეო ბალდარი ინფიცირებულნი არიან.

ნიდერლანდები - ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ ესპანეთთან და აშშ-სთან მარტის სპარინგ მატჩები გააუქმა.

ინგლისი - "ლივერპულმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ საწვრთნელი პროცესი შეწყდა და "მელვუდის" ბაზა დაიხურა.

ტოკიო 2020 - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წარმატებით ჩატარებაში საკუთარ ერთგულებას ადასტურებს.

გერმანია - ბუნდესლიგისა და II ბუნდესლიგის 26-ე ტურები გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ტურის გადადება დასტურდება, თუმცა სამშაბათს დანიშნულ შეხვედრაზე დიდი შანსია, რომ ჩემპიონატი 2 აპრილამდე შეწყვიტონ.

გერმანია - ბუნდესლიგაში შესაძლოა კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდეს. „პადერბორნის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფენ ბაუმგარტმა ტესტი ჩააბარა. პასუხი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. ინფორმაცია გერმანული გუნდის ვებგვერდმა გაავრცელა.

ინგლისი - ოფიციალურად 27 მარტს, ინგლისი - იტალიის ამხანაგური შეხვედრა გაუქმდა.

საქართველო - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ 100 ათასი ლარის ოდენობით საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა დააფინანსოს. გარდა ამისა, ფედერაცია მზადაა მის ბალანსზე არსებულ სასტუმროში მოაწყოს საკარანტინო ზონა.

ბელგია - ბელგიის ყველა ჩემპიონატი 3 აპრილამდე შეჩერდა.

გერმანია - "ჰანოვერის" ფეხბურთელების, იოჰანეს ჰორნისა და ტიმო ჰიუბერსის შემდეგ კორონავირუსით "ნიურნბერგის" 20 წლის მოთამაშე ფაბიან ნიურნბერგერი დაინფიცირდა. კლუბის ყველა წევრი იზოლირებულია.

სამხრეთ ამერიკა - ფიფას პრესლერიზში აღნიშნულია, რომ სამხრეთ ამერიკის ზონაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საწყისი ორი ტურის მატჩები გადაიდო.

ესპანეთი - კატალონიის "ბარსელონა" წყვეტს საწვრთნელ პროცესს მას შემდეგ, რაც ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშება შეწყდა.

გერმანია - გერმანიის ბუნდესლიგა დამდეგ უიქ-ენდზე გაიმართება. თუმცა სამშაბათიდან გერმანიაში ყველა საფეხბურთო ტურნირი შეჩერდება.

ინგლისი - "ევერტონმა" დაადასტურა, რომ ერთ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ლივერპულელები კარანტინში გადავიდნენ.

ესპანეთი - ესპანური "ლეგანესის" გენერალურ დირექტორ მარტინ ორტეგას კორონავირუსი დაუდასტურდა. კლუბში ფეხბურთელებს და სტაფის სხვა წევრებს იგივე არ აღენიშნებათ და მთელი გუნდი იზოლირებულია.

ინგლისი - ოფიციალურად ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონი, ჩემპიონშიფი და დაბალი ლიგები მინიმუმ 4 აპრილამდე შეწყდა.

საფრანგეთი - საფრანგეთის ლიგა 1 და ლიგა 2 ოფიციალურად შეწყდა.

იტალია - ვენესუელური El Nacional-მა პაულო დიბალას დაინფიცირების შესახებ Fake News-ი გაავრცელა. "იუვენტუსმა" არგენტინელის კორონავირუსი უარყო.

უეფა - უეფამ თავის ვებგვერდზე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ დამდეგ კვირაში დაგეგმილი ევროთასების ყველა მატჩი და მეოთხედფინალების წილისყრა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ინგლისი - ლონდონის "ჩელსიმ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ კალუმ ჰადსონ-ოდოის COVID-19-ის ტესტი დადებითი აღმოჩნდა.

ინგლისი - მიკელ არტეტას კორონავირუსის გამო პრემიერლიგის დამდეგი ტურის მატჩი "ბრაიტონი" - "არსენალი" გადაიდო. "მეთოფეები" კარანტინში გავიდნენ და ბუნებრივია თამაში ვერ შედგება.

ინგლისი - პრემიერლიგა ცვლის თავის გეგმებს მიკელ არტეტას ინფიცირების შემდეგ. უახლოეს საათებში გაიმართება ჩემპიონატის ყველა კლუბთან შეხვედრა, სადაც სეზონის შეწყვეტის შესახებ იმსჯელებენ. არადა, რამდენიმე საათით ადრე დადასტურდა, რომ პრემიერლიგა გულშემატკივრებით გაგრძელდებოდა.

ფორმულა 1 - ოფიციალურად ავსტრალიის დიდი პრიზი გადაიდო.

ინგლისი - ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა კორონავირუსით დაინფიცირდა. შესაბამისად, „მეთოფეები“ უახლოეს მატჩებს ვერ ჩაატარებენ, რადგან გუნდი იზოლირებულია.

საფრანგეთი - საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყანაში ფეხბურთის თამაში შეაჩერა.

სამხრეთ ამერიკა -კონმებოლის გადაწყვეტილებით, კოპა ლიბერტადორესის 2020 წლის გათამაშება შეწყდა.

ინგლისი - "მანჩესტერ სიტის" მცველი ბენჟამენ მენდი თვითიზოლაციაშია, რადგან შიშობენ, რომ მის ოჯახის წევრს კორონავირუსი აღენიშნება.

ინგლისი - დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან შეთანხმებით პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩემპიონატი შეფერეხების გარეშე მაყურებლებით გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ „ლესტერის“ ფეხბურთელებს სიმპტომები აღენიშნებათ.

საქართველო - „რაგბი ევროპამ“ მის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა ტურნირი 15 აპრილამდე შეაჩერა. შესაბამისად, საქართველო - რუსეთის მატჩი გადაიდო.

აშშ - MLS-ის ჩემპიონატი 30 დღის ვადით შეჩერდა.

პორტუგალია - პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, პორტუგალიის ჩემპიონატები დაუდგენელი ვადით შეწყდა.

ნიდერლანდები - ნიდერლანდების ერედივიზიონი და მეორე დივიზიონი 31 მარტამდე შეჩერდა.

იტალია - საფეხბურთო კლუბმა „ლეჩემ“ საწვრთნელი პროცესი შეწყვიტა.

NBA - კორონავირუსით რუდი გობერის შემდეგ "იუტა ჯაზის" კიდევ ერთი კალათბურთელის, დონოვან მიტჩელის დაინფიცირება დადასტურდა.

იტალია - „ვერონა“ მთელი გუნდით კარანტინში გადავიდა, რადგან მათ ოთხი დღის წინ მანოლო გაბიადინის წინააღმდეგ ითამაშეს.

იტალია - გენუის „სამპდორიას“ თავდამსხმელ მანოლო გაბიადინის კორონავირუსის ტესტი დადებითი აღმოჩნდა.

ინგლისი - „ლესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ რამდენიმე ფეხბურთელს კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებათ და გუნდისგან იზოლირებულნი არიან.

ინგლისი - ლივერპულში კორონავირუსის 10 შემთხვევა დადასტურდა. ქალაქში, სადაც „ენფილდ როუდზე“ ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგის მატჩი შეუფერხებლად ჩატარდა და „ატლეტიკოს“ 3 ათასი ქომაგიც დაესწრო.

უეფა - უეფამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 17 მარტს თავისი წევრი ქვეყნების ასოციაციებთან ვიდეოკონფერენციას გამართავს. განხილვის თემა ევროთასები, მარტის მოახლოებული მატჩები და ევრო 2020 იქნება.

ესპანეთი - „რეალ სოსიედადის“ ქალთა გუნდის ორი ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა.

კალათბურთი - ევროლიგა და ევროთასი კორონავირუსის გამო გაურკვეველი ვადით შეჩერდა.

წყალბურთი - ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენციო ტურნირი, რომელიც 10 დღეში უნდა დაწყებულიყო და რომელშიც საქართველოს ნაკრებს უნდა ეთამაშა, მაისისთვის გადაიდო.

ჩოგბურთი - ATP-მ მომდევნო 6 კვირის განმავლობაში ყველა ტურნირი გააუქმა.

უეფა - ჩემპიონთა ლიგის ორი მევერდფინალური მატჩი, "მანჩესტერ სიტი" - "რეალი" და "იუვენტუსი" - "ლიონი" გაურკვეველი ვადით გადაიდო, რადგან მადრიდელები და ტურინელები კარანტინში იმყოფებიან.

სამხრეთ ამერიკა - კონმებოლმა ფიფას მუნდიალის შესარჩევი ეტაპის პირველი-ორი ტურის თარიღის შეცვლა თხოვა.

უეფა - 17 და 19-წლამდე ნაკრებთა ელიტრაუნდის მატჩები 30 დღის ვადით გადადო.

ესპანეთი - ესპანეთის ჩემპიონატი გაურკვეველი ვადით შეწყდა.

ესპანეთი - მადრიდის „რეალი“ კარანტინში გადავიდა, რადგან საკალათბურთო გუნდის ერთ-ერთ მოთამაშეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ვინაიდან ფეხბურთელები და კალათბურთელები ერთ ბაზაზე ვარჯიშობენ, ზინედინ ზიდანის გუნდიც შეჩერდა.

აშშ - „იუტა ჯაზის“ კალათბურთელი რუდი გობერი კორონავირუსით დაინფიცირდა. როგორც ამბობენ, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ფრანგი კალათბურთელი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მიკროფონებს ხუმრობით შეეხო.

აშშ - NBA-ს მიმდინარე სეზონი გაურკვეველი ვადით შეწყდა.

იტალია - "იუვენტუსმა" და "ინტერმა" გამოაცხადეს, რომ კარანტინში გადავიდნენ. მიზეზი დანიელე რუგანის დადებითი პასუხია, რადგან 8 მარტს ეს გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ და რუგანის მილანელებთანაც ჰქონდა კონტაქტი.

იტალია - ტურინის „იუვენტუსის“ მცველ დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდასტურდა.

ჭიდაობა - ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენციო ტურნირი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

საქართველო - საქართველოში 1 აპრილამდე შეწყდა ფეხბურთის, კალათბურთისა და ხელბურთის ჩემპიონატები.

0.123304