ფეხბურთი

3:49 | 12.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

იან ობლაკის გმირობანი (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგას ბერგამოს „ატალანტასა“ და „ლაიფციგის“ შემდეგ კიდევ ორი მეოთხედფინალისტი შეემატა - „პარი სენ ჟერმენი“ და „ატლეტიკო“.

„ენფილდ როუდზე“ „ლივერპული“ „ატლეტიკოს“ ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად ეკვეთა და ყველაფერი კარგად მიჰყავდა, მაგრამ იან ობლაკის უმაღლესმა ოსტატობამ ჩემპიონთა ლიგა ჩემპიონის გარეშე დატოვა.

დიახ, იურგენ კლოპის გუნდი სლოვენიელის არანორმალურმა თამაშმა, ცოტა უიღბლობამ და ალისონის ტრავმამ დაღუპა. ალისონის, რადგან ბრაზილიელის შემცვლელმა ადრიანმა ისეთი საჩუქარი გაუკეთა მეტოქეს, თანაც საკვანძო მომენტში, მეტი რომ არ შეიძლება.

არადა, „წითლებისთვის“ ყველაფერი ლოგიკურად მიდიოდა, ტაიმის ბოლოს ესპანელთა ზღუდეები როგორც იქნა, გაარღვიეს და ვეინალდუმმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. „ლივერპულს“ მეორე ტაიმში შეეძლო გოლის გატანა არაერთხელ, რომელიც შემდეგ ეტაპზე გაიყვანდა, მაგრამ ობლაკი და ერთხელ ხარიხა შეუვალნი იყვნენ. საპასუხოდ რას აკეთებდა დიეგო სიმეონეს გუნდი? მხოლოდ ბურთის მოგერიებით ცდილობდა ამოსუნთქვას. ძირითად დროში „ატლეტიკომ“ მართლაც გაძლო და დამატებით დროში გადაიყვანა თამაში.

თუმცა, იქ დასაწყისში ლოგიკამ როგორც იქნა იმუშავა და ინგლისელთა უდიდესი უპირატესობა გოლში აისახა. რობერტო ფირმინომ ჯერ ძელს დაუმიზნა, მაგრამ თავადვე დაამატა და - 2:0. თითქოს, აქ ყველაფერი გეგმით მიდიოდა და „ატლეტიკო“ არც არაფრის გადამრჩენს ჰგავდა, მაგრამ ადრიანი დაეხმარა.

ესპანელმა ფირმინოს გოლიდან სამ წუთში ბურთი ჟოაო ფელიქსს ჩააბარა, რომელმაც მარკოს ლორენტე მოძებნა და მანაც საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა. ეს ნიშნავდა, რომ შემდეგ ეტაპზე „ატლეტიკო“ გადიოდა და კლოპის გუნდი შეტევაში გადაერთო. კონტრშეტევებზე კი მადრიდელებმა იდეალურად იმუშავეს და პირველი დამატებითი დროის ბოლო წუთზე ალვარო მორატას პასით ლორენტემ დუბლი შეასრულა. სხვათა შორის ის მეორე ტაიმის დასაწყისში ჩაერთო თამაშში და გმირად მოგვევლინა. 120-ე წუთზე მარკოსმა უკვე საგოლე პასი მიითვალა და მორატა ადრიანს პირისპირ შეჰყარა, რომელმაც ცხადია გაიტანა და „ატლეტიკომ“ „ენფილდ როუდზეც“ იმარჯვა, ორი მატჩის ჯამში კი, მოქმედ ჩემპიონს 4:2 სძლია. ნიშანდობლივია და თამაშის სურათზე სრულად მეტყველებს ის, რომ მარკოს ლორენტეს დუბლისა და საგოლე პასის მიუხედავად, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად იან ობლაკი დასახელდა...

სხვათა შორის, „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში (ორრაუნდიან დუელში) პირველად დამარცხდა, მას შემდეგ, რაც იურგენ კლოპი ავარჯიშებს. ბოლოს მერვედფინალში „წითლები“ 2005-2006 წლების სეზონში გავარდნენ („ბენფიკასთან“) და საინტერესოა, რომ მაშინაც, როგორც ახლა, მოქმედი ჩემპიონის რანგში თამაშობდნენ. გარდა ამისა, „ენფილდზე“ ევროთასებზე მეორედ წააგო თამაში, რომელსაც 2:0-ს იგებდა. პირველად ეს 2012 წელს „უდინეზესთან“ დაემართა.

ასეა თუ ისე, ცხადია, „ატლეტიკო“ შემდეგ ეტაპზეა, ხოლო „ლივერპულს“ წელს პრემიერლიგის ნანატრი ჩემპიონობით მოუწევს გულის ჯერება და ალბათ, ესეც უდიდესი ბედნიერებაა.

„ლივერპული“ – „ატლეტიკო“ 2:3 დ.დ (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 2:4 VIDEO

ლივერპული, „ენფილდ როუდი“

მაყურებელი: 40 000

„ლივერპული“ (4-3-3): ადრიანი; ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი; ჰენდერსონი (ფაბინიო 106), ვეინალდუმი (ორიჯი 106), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (მილნერი 82); სალაჰი, ფირმინო (მინამინო 113), მანე

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ტრიპიერი (ვრსალკო 91), სავიჩი, ფელიპე, რენან ლოდი; კოკე, საულ ნიგეზი, ტომას პარტეი, კორეა (ხიმენესი 106); ჟოაო ფელიქსი (მორატა 103), დიეგო კოშტა (ლორენტე 56)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 1:0 ვეინალდუმი (43), 2:0 ფირმინო (94), 2:1 ლორენტე (97), 2:2 ლორენტე (105)

გაფრთხილება: ალექსანდერ-არნოლდი (119) - მორატა (119), საულ ნიგეზი (120)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 27 (12) – 10 (6) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 16:3 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: დანი მაკელიე (ნიდერლანდები)

პარალელურად პსჟ-მ „დორტმუნდთან“ 1:2 წაგების შემდეგ უფრო მარტივად მოახერხა წინაღობის დაძლევა. პირველივე ტაიმში ტომას ტუხელის გუნდმა ნეიმარისა და ხუან ბერნატის გოლებით ორი უპასუხო გოლი გაიტანა და მეორე ნახევარში მოპოვებული უპირატესობა შესანიშნავად დაიცვა.

„პარი სენ ჟერმენი“ – „დორტმუნდი“ 2:0 (2:0) - ორი მატჩის ჯამში: 3:2 VIDEO

პარიზი, „პარკ დე პრენსი“

უმაყურებლოდ

„პარი სენ ჟერმენი“ (4-4-2): ნავასი; კერერი, მარკინიოსი, კიმპემბე, ბერნატი; დი მარია (კურზავა 79), გეიე, პარედესი (კუასი 90), ნეიმარი; სარაბია (მბაპე 64), კავანი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

„დორტმუნდი“ (3-4-3): ბიურკი; პიშჩეკი, ჰუმელსი, ზაგადუ; ჰაკიმი (გიოტცე 87), ემრე ჯანი, ვიტსელი (რეინა 71), გერეირო; სანჩო, ჰოლანდი, ტ. აზარი (ბრანდტი 68)

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

გოლები: 1:0 ნეიმარი (28), 2:0 ბერნატი (45)

გაფრთხილება: ბერნატი (68), ნეიმარი (89), მარკინიოსი (90), დი მარია (90), მბაპე (90) - ჰოლანდი (16), ჰუმელსი (61)

გაძევება: ემრე ჯანი (89)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (4) 6 (2) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

0.158568