ფეხბურთი

23:25 | 11.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე: "ტრავმა სერიოზული არაა და ერთ თვეში მოედანზე დავბრუნდები"

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს უჭერენ, მადლობა გადაუხადა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, ტრავმა ისეთი სერიოზული არაა, როგორც მედიაში ინფორმაცია გავრცელდა და ერთი თვის შემდეგ მოედანს დაუბრუნდება.

„კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ გულშემატკივრებს, რომლებიც ისეთივე გულისტკივილით განიცდის ჩემს წარუმატებლობას, უთამაშებლობას და ტრავმას, როგორც ჩემი ოჯახის თითოეული წევრი, რასაც ძალიან ვაფასებ. ვაფასებ და ყოველთვის ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ტრავმის შესახებ, სამწუხაროდ სიმართლეა და საქართველო - ბელარუსის უმნიშვნელოვანეს თამაშს გამოვტოვებ, რაც ჩემთვის მძიმე დარტყმაა. თუმცა, აქვე უნდა ვთქვა, რომ ტრავმა არც ისე სერიოზულია, როგორც დაიწერა. საბედნიეროდ მუხლის მყესი გაწყვეტილი არაა, მხოლოდ დაჭიმულია და ერთთვიანი ფიზიოთერაპიის შემდეგ მინდორზე დაბრუნებას შევძლებ. კიდევ ერთხელ მადლობა სგიხდით გვერდში დგომისთვის და გულწრფელი მხარდაჭერისთვის“, - დაწერა ანანიძემ ინსტაგრამში.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძე გასულ ზამთარს „ანორთოსისში“ სეზონის ბოლომდე გადავიდა და კვიპროსულ გუნდში დღემდე 8 თამაში ჩაატარა, გოლი კი არ გაუტანია. ქართველმა შემტევმა ტრავმა დღეს ვარჯიშზე მიიღო.

0.061853