ბერგამოს „ატალანტა“ საოცარ სეზონს ატარებს და სერია A-ში ხომ არასაფეხბურთო ანგარიშებით, უფრო მეტად საჩოგბურთო ანგარიშებით (5:0, 7:0, 7:1, 7:2…) არაერთხელ იმარჯვა, ჩემპიონთა ლიგაზეც განმაცვიფრებლად ირჯება.
არადა, ჯან პიერო გასპერინის გუნდისთვის ყველაფერი საშინლად დაიწყო, ჯგუფურ ეტაპზე საწყისი სამივე მატჩი წააგო (მათ შორის 0:4 ზაგრების „დინამოსთან“ და 1:5 „მანჩესტერ სიტისთან“), ოთხი ტურის მერე კი მხოლოდ კინკილა ქულა ჰქონდა, მაგრამ მერვედფინალში მაინც გავიდა და ახლა უკვე მეოთხედფინალსაც უწია.
ლომბარდიელებმა „ვალენსია“ ჯერ შინ დაიბრიყვეს (4:1) და მერე გასვლაზეც არაფერი დააკლეს (4:3). ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი მეოთხედფინალშია და მადა ჭამა მოდის, რატომაც არა უფრო მეტი?! ამას ცხადია, დრო გვიჩვენებს, მაგრამ იქამდე ბერგამოელებმა ისტორია დაწერეს და რამდენიმე მიღწევით გამოირჩნენ.
როგორც იცით, „ატალანტამ“ „ვალენსიას“ ორი მატჩის ჯამში 8 გოლი გაუტანა. მსგავსი რამ კი აქამდე არცერთ სხვა იტალიურ გუნდს პლეი-ოფში არ გაუკეთებია. დიახ, გინდათ „იუვენტუსი“, გინდათ „მილანი“, გინდათ „ინტერი“ (აღარ ვახსენებთ სხვებს), არცერთ მათგანს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის სტადიაზე ორმატჩიან დუელში 8 გოლი არასდროს გაუტანია. „ატალანტა“ პირველი იტალიური გუნდია, რომელმაც ეს შეძლო!
გარდა ამისა, ჯან პიერო გასპერინის გუნდი 2016-2017 წლების სეზონის შემდეგ პირველი გუნდია, რომელიც სადებიუტო სეზონში მეოთხედფინალში გავიდა. სამი წლის წინ იგივე ინგლისურმა „ლესტერ სიტიმ“ გაახერხა. ისევ იტალიურ საზომს თუ დავუბრუნდებით, ბოლოს დებიუტანტი აპენინის ნახევარკუნძულიდან ასე შორს 1999-2000 წლების სეზონში წავიდა და მაშინ ეს სვენ გორან ერიქსონის დაუვიწყარმა რომის „ლაციომ“ გააკეთა.
იცით, რომ „ატალანტამ“ „ვალენსიას“ რვა გოლი გაუტანა და 5 იოსიპ ილიჩიჩის ანგარიშზეა. სლოვენიელისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი მესტალიური თამაში გამოდგა და პოკერი შეასრულა. იოსიპმა რამდენიმე რეკორდი დაამყარა.
ილიჩიჩი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საგარეო მატჩში ჰეთ-თრიქი და პოკერი შეასრულა - 32 წლისა და 41 დღის.
ილიჩიჩამდე იტალიური გუნდის ბოლო ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე პოკერი ჰქონდა შესრულებული, ანდრეი შევჩენკო იყო. უკრაინელმა 2005 წლის ნოემბერში სტამბოლის „ფენერბახჩე“ თურქეთში ოთხჯერ დაამწუხრა.
ილიჩიჩი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პლეი-ოფის სტადიაზე ორმატჩიან დუელში ხუთი ან მეტი გოლი გაიტანა. არ იკითხავთ ის ორი ვინ იყო? ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ! არგენტინელმა 2011-2012 წლების სეზონში „ლევერკუზენი“ 180 წუთში ექვსჯერ დაასაჩუქრა, ხოლო პორტუგალიელმა 2016-2017 წლების სეზონში მიუნხენის „ბაიერნი“ ხუთჯერ დაამწუხრა.
იოსიპ ილიჩიჩს 2020 წელს 14 გოლი აქვს გატანილი და ტოპ ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგია. სლოვენიელმა კრიშტიანუ რონალდუს გადაასწრო, რომლის ანგარიშზე განვლილ ორთვენახევარში 13 გოლია.
„როდესაც ვთქვი, რომ რაც უფრო ასაკი მემატება, უკეთესი ვხდები, მართალი ვთქვი. პირველი თამაშის შემდეგ გითხარით, რომ „ატალანტა“ სიურპრიზი აღარ იყო. გვინდა ჩვენი გზა გავაგრძელოთ, გვინდა დავამტკიცოთ, რომ ეს ყველაფერი დავიმსახურეთ. დღეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს, მაგრამ ჩემთვის მთავარი გუნდის გამარჯვებაა. ერთი ფეხბურთელი გუნდის გარეშე არაფერს წარმოადგენს“, - თქვა „ატალანტას“ გმირმა.
"ატალანტა" მეოთხედფინალშია და არც არავინ აშინებს. ის დრო, როცა ალმაცერად უყურებდნენ, წარსულში დარჩა და ნეიტრალური ქომაგების გულს უსათუოდ მოიგებდა.