კალათბურთი

1:17 | 11.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინმა "იბეროსტარ ტენერიფე" ვერ გადაარჩინა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ მეოთხედფინალის საგზური ჯერჯერობით ვერ მოიპოვა.

ესპანური გუნდი მერვედფინალში ბელგიურ „ოსტენდეს“ ხვდება და ერთი კვირის წინ საკუთარ კედლებში დაამარცხა კიდეც, მაგრამ დღეს ბელგიაში თავად დამარცხდა და სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 1:1 (სერია ორ მოგებამდეა). ამრიგად, მომდევნო ეტაპის საგზურისთვის ბრძოლა მესამე შეხვედრაში მოუწევს.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ გიორგი შერმადინი ლიდერობდა, რომელიც სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მაგრამ ამის მიუხედავად საუკეთესო იყო. შერმადინმა 19:59 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 10-დან 6 ორქულიანი (60%) და 8-დან 7 საჯარიმო (87.5%) ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ სარგებლიანობის კოეფიციენტით და მოპოვებული ქულებით ქართველი ცენტრი ორივე გუნდში საუკეთესო იყო, მაგრამ ვინაიდან მისი გუნდი დამარცხდა, MVP-ის ტიტულის გარეშე დარჩა.

შეხვედრას რაც შეეხება, „ოსტენდე“ ოთხივე პერიოდში მცირე უპირატესობას ფლობდა და საბოლოოდ 75:69 იმარჯვა. სერიის მესამე და გადამწყვეტი შეხვედრა 18 მარტს, ესპანეთში გაიმართება.

0.119804