ორკვირიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება განახლდება და დღეს საპასუხო ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართება. საქმე ისეა, რომ გამოკვეთილი ფავორიტები გვყავს, „ატალანტა“ ესპანეთში სამბურთიანი უპირატესობით ჩავიდა, ხოლო „ლაიფციგი“ „ტოტენჰემს“ ინგლისში გამარჯვების შემდეგ უმასპინძლებს.
„ვალენსია“ – „ატალანტა“
სამი კვირის წინ იტალიელებმა მთელი საფეხბურთო სამყარო აალაპარაკეს, რადგან ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტმა „ღამურებს“ 4:1 აჯობა და ფანტასტიკური ფეხბურთიც აჩვენა. თუმცა, ეს მხოლოდ პირველი ნაწილი იყო და ჯან პიერო გასპერინის გუნდს მოპოვებული უპირატესობის დაცვა „მესტალიაზე“ მოუწევს.
„მესტალიაზე“, სადაც „ვალენსიას“ დიდი ბერკეტი, საკუთარი გულშემატკივარი გამოეცალა. კორონავირუსის რისკის გამო ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, თამაში უმაყურებლოდ ჩატარდება. ეს ერთი-ორად ართულებს ალბერტ სელადესის გუნდის ამოცანას, მაგრამ რაც უნდა იყოს, „ვალენსია“ მაინც საკუთარ კედლებში ითამაშებს, სადაც ყოველთვის ძლიერია. „ატალანტა“ კი თავის მხრივ ძალიან ახლოსაა ისტორიულ მეოთხედფინალთან.
ბერგამოელთა მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი ჯერ დამთავრებულად არაფერს მიიჩნევს და ამბობს, რომ მის გუნდს ესპანეთში კონცენტრაციის დაკარგვის უფლება არ აქვს. სელადესი კი დარწმუნებულია, რომ მის შეგირდებს სოლიდური ჩამორჩენის აღმოფხვრა ძალუძთ.
„ვალენსია“ ისევე, როგორც პირველ მატჩს, ამ შეხვედრასაც სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება. ესპანელებს გარაი, მაქსი გომესი, გაბრიელ პაულისტა, პიჩინი, მანუ ვალიხო, მანგალა და ხაუმე კოსტა ვერ დაეხმარებიან. იტალიელთა ბანაკში კი ამ მხრივ პრობლემა თითქმის არ არსებობს და მხოლოდ რაფაელ ტოლოი ვერ გავა მოედანზე.
ამ გუნდების ისტორიაში ეს იქნება მეორე თამაში. პირველი ბერგამოელებმა 4:1 მოიგეს და ამას დიდი შეხსენება არ სჭირდება.
ალბერტ სელადესი („ვალენსიას“ მწვრთნელი): „თამაშისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადეთ, რამდენადაც შესაძლებელი იყო. სახლში ძლიერი გუნდი ვართ და პირველი მატჩის შედეგმა ჩვენზე გავლენა არ უნდა იქონიოს. ვფიქრობ, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სასწაულის მოხდენა გვჭირდება“.
ჯან პიერო გასპერინი („ატალანტას“ მწვრთნელი): „რა თქმა უნდა, პირველი თამაშის შედეგი ჩვენს თავდაჯერებულობას ამაღლებს. ვალენსიაშიც უნდა გავიტანოთ, კონცენტრირებულები ვიყოთ და თავი კარგად უნდა დავიცვათ. ჩვენ ბრძოლა არ გვჭირდება, უბრალოდ უნდა ვითამაშოთ, ეს არის ფსიქოლოგიური მონენტი, რომელზეც ვმუშაობთ. კომფორტულად მაშინ ვართ, როდესაც ვთამაშობთ და თუ ასე არაა, ყველაფერი რთულდება. პირველ შეხვედრაში ჩემი ფეხბურთელები ფანტასტიკურები იყვნენ, მაგრამ არ ვიზეიმებ მანამ, სანამ მეორე თამაში არ დასრულდება.
სავარაუდო შემადგენლობები:
„ვალენსია“ (4-4-2): სილესენი; ვასი, დიახაბი, კოკელნი, გაია; ფერანი, პარეხო, კონდოგბია, გედეში; როდრიგო, გამეირო
„ატალანტა“ (3-4-2-1): გოლინი; პალომინო, კალდარა, ჯიმშიტი; ჰატებური, დე რუნი, ფროილერი, გოსენსი; გომესი, ილიჩიჩი; ძაპატა
მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)
„ლაიფციგი“ – „ტოტენჰემი“
პარალელურად, გერმანული „ლაიფციგიც“ „ატალანტას“ არ იყოს, ძალიან ახლოსაა ისტორიულ, პირველ მეოთხედფინალთან. იულიან ნაგელსმანის გუნდმა სამი კვირის წინ ლონდონში იმარჯვა (1:0) და აქ საქმე მხოლოდ გამარჯვებაში არაა. გერმანელებმა ჟოზე მოურინიოს გუნდი თამაშითაც დაჯაბნეს და გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვეს.
საერთოდ, „ლაიფციგს“ კარგი სეზონი აქვს, იმის მიუხედავად, რომ ბოლო დროს ბუნდესლიგაში პოზიციები დათმო. „ტოტენჰემი“ კი პირიქით, საკუთარ თავს არ ჰგავს და პრემიერლიგაში ევროზონაში მოხვედრა ძალიან უჭირს. „მამლებს“ „რედ ბულ არენაზე“ აუცილებლად გამარჯვება სჭრდებათ, ცხადია თუ შემდეგ ეტაპზე თამაში სურთ.
მოურინიოს რომ საკადრო პრობლემები აქვს, ეს ძველი ამბავია. ინგლისური გუნდი გერმანიაში ჰარი კეინს, ჰონ-მინ სონს, მუსა სისოკოს, ფოიტს და ბერგვაინს ვერ დაიხმარს. „ლაიფციგს“ კი მხოლოდ ვილი ორბანი დააკლდება.
ეს გუნდები დღეს ისტორიაში მეორედ შეხვდებიან. პირველი დუელი „ლაიფციგის“ სასარგებლოდ დასრულდა 1:0.
იულიან ნაგელსმანი („ლაიფციგის“ მწვრთნელი): „ნებისმიერ მოთამაშეს, რომელიც ასეთი თამაშისთვის საკუთარი თავის შესაძლებლობებს ვერ გადაახტება, არ აქვს ის, რაც პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის საჭიროა. ვიმედოვნებთ, რომ ისე ვითამაშებთ, როგორც ლონდონში. გუნდში კარგი მეკარის ყოლა ყოველთვის მნიშვნელოვანია. როდესაც ერთმანეთს ორი კარგი გუნდი ეთამშება, შეიძლება ძალიან ცოტა საგოლე შანსი შეიქმნეს. ბედნიერი ვარ, რომ გუნდშ პეტერ გულაში მყავს, მაგრამ არ ვარ ასეთი ბედნიერი, რომ მეტოქეს უგო ლორისი ჰყავს, რადგან ის შესანიშნავი მეკარეა“.
ჟოზე მოურინიო („ტოტენჰემის“ მწვრთნელი): „ყველას ერთად ყოფნა გვჭირდება, ყველამ ინდივიდუალურადაც ფანტასტიკურად უნდა ითამაშოს და მყარი გუნდური თამაში ვაჩვენოთ. ბიჭების მწამს და ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია“.
სავარაუდო შემადგენლობები:
„ლაიფციგი“ (3-4-3): გულაში; კლოსტერმანი, უპემეკანო, ჰალსტენბერგი; ადამსი, ლაიმერი, ზაბიცერი, ანხელინო; ვერნერი, შიკი, ნკუნკუ
„ტოტენჰემი“ (5-2-3): ლორისი; ორიე, ალდერვეირელდი, სანჩესი, დაიერი, ვერტონგენი; ვინკსი, ლო სელსო; ლამელა, ლუკას მოურა, ალი
მსაჯი: კარლოს დელ სერო გრანდე (ესპანეთი)