ფეხბურთი

3:50 | 9.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" გალიდერდა

იტალიის სერია A-ს XXVI ტურის წინა კვირას გადადებული ექვსი მატჩიდან ხუთი გაიმართა, მეექვსეც დღეს გაიმართება. თუმცა, სულაც არაა გამორიცხული, რომ სეზონი დროებით შეჩერდეს ან საერთოდ ჩემპიონატი შეწყდეს. ამაზე უკვე სერიოზული მსჯელობა მიდის და ამ კვირაში გადაწყვეტილებასაც მიიღებენ. კორონავირუსმა იტალიას მეტისმეტად შეუტია და ახლა აპენინის ნახევარკუნძულზე ნაკლებად ეფეხბურთებათ.

თუმცა, იქამდე ფაქტია ხუთი თამაში დახურულ კარს მიღმა უმაყურებლოდ ჩატარდა, ვარჯიშების ატმოსფეროს მოგაგონებდათ ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა სხვა გზა არაა. უმაყურებლოდ შედგა, სკუდეტოს მაძიებლების, დაუძინებელი მტრების დუელი „იუვენტუსსა“ და „ინტერს“ შორის. დიდი იტალიური დერბი კი, ნებისმიერ სიტუაციაში მაინც საყოველთაო ყურადღებას იქცევს.

„იუვენტუსმა“ სეზონში ალბათ საუკეთესო თამაში ჩაატარა და ანტონიო კონტეს გუნდს უბრალოდ გასაქანი არ მისცა. ტურინელებს საგოლე შანსების დროს მეტი ყურადღება რომ გამოეჩინათ, ვინ იცის, უფრო სოლიდური სხვაობით მოიგებდნენ.

ანტონიო კონტე კი, ტურინში დაბრუნდა, სადაც ის ძალიან უყვარდათ, მაგრამ თვალში აღარ მოსდით. ცხადია, ტიფოზები მას შეძახილებს თუ ბანერებს დაახვედრებდნენ, თუმცა ანტონიოს ამჯერად ცივად ვერავინ დახვდა, მხოლოდ ცარიელი ტრიბუნები.

კონტემ ნამატჩევს აღნიშნა, რომ „ინტერი“ „იუვენტუსის“ დონის ამჟამად არაა და ეს გამოაჩინა მიმდინარე სეზონის ორივე თამაშმა, რომელიც ტურინელთა გამარჯვებით დასრულდა. დიახ, „ინტერმა“ სულ მესამედ წააგო და აქედან ორჯერ „იუვესთან“ დაუცდა ფეხი (ერთხელ მეორე კონკურენტ „ლაციოსთან“). თამაშს რაც შეეხება, ტურინელებმა მეორე ტაიმში აარონ რემზისა და პაულო დიბალას გოლებით მოიგეს. არგენტინელის გოლი ცალკე სანახაობა იყო და მისი სიტყვებით გადმოცემას აზრიც არ აქვს - უბრალოდ უნდა ნახოთ და დატკბეთ დიბალას სათამაშო ოსტატობით. ვერ გაიტანა კრიშტიანუ რონალდუმ და გაბრიელ ბატისტუტასა და ფაბიო კუალიარელას რეკორდი წინა მატჩში კი გაიმეორა, მაგრამ მათი შედეგი ვეღარ გააუმჯობესა და 12-მატჩიანი გოლების სერია შეწყვიტა. ისე, პორტუგალიელს მატჩის მიწურულს ზედიზედ ორ ეპიზოდში შეეძლო გატანა, მაგრამ ოდნავ ააცილა. ასე იყო თუ ისე, „იუვენტუსმა“ უმაყურებლოდ მართლა სასიამოვნო და გამართული ფეხბურთი აჩვენა და „ინტერი“ უკვე 9 ქულით ჩამოიტოვა (თუმცა, მილანელებს ერთი თამაში მარაგში აქვთ). თავის მხრივ, გაასწრო „ლაციოსაც“ და ჩემპიონატს ისევ სათავეში ჩაუდგა.

კვირას გამართული სხვა მატჩებიდან „მილანის“ მორიგი იმედგაცრუება უნდა გამოვყოთ, რომელმაც „ჯენოას“ უმასპინძლა და პირველივე ტაიმში ორი გოლი გაუშვა. მართალია, ბოლოსკენ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა, მაგრამ შვედის გოლი „როსონერის“ არაფერში წაადგა დამარცხდა. გენუის „სამპდორიამ“ კი „ვერონასთან“ თამაში ვეტერანი ფაბიო კუალიარელას დუბლით შემოატრიალა და გამარჯვებაც იზეიმა.

„იუვენტუსი“ – „ინტერი“ 2:0 (0:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო (დე შილიო 78); რემზი, ბენტანკური, მატუიდი; დუგლას კოშტა (დიბალა 59), იგუაინი (ბერნარდესკი 80), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; შკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი; კანდრევა (გალიარდინი 74), ვესინო, ბროჟოვიჩი, ბარელა (ერიკსენი 59), იანგი; ლაუტარო მარტინესი, ლუკაკუ (სანჩესი 77)

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: 1:0 რემზი (55), 2:0 დიბალა (67)

გაფრთხილება: რონალდუ (87) - შკრინიარი (64), ვესინო (71), ბროჟოვიჩი (79)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 8 (2) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: მარკო გუიდა

„პარმა“ – „სპალი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 პეტანია (71, პენ)

„მილანი“ – „ჯენოა“ 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 პანდევი (7), 0:2 კასატა (41), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (77)

„სამპდორია“ – „ვერონა“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 აუდერო (32, ა.გ), 1:1 კვალიარელა (77), 2:1 კვალიარელა (86, პენ)

„უდინეზე“ – „ფიორენტინა“ 0:0 (0:0)

თეგებისერია A
0.14649