ფეხბურთი

4:17 | 6.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბასკური დერბი სამეფო თასის ფინალში (+VIDEO)

ესპანეთის სამეფო თასის ფინალში ბასკური დერბი შედგება. „რეალ სოსიედადის“ შემდეგ გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება ბილბაოს „ატლეტიკმა“ მოიპოვა.

ბასკებმა „გრანადას“ საკუთარ მოედანზე 1:0 აჯობეს, ხოლო სტუმრად 0:2 მარცხდებოდნენ და ფინალის გარეშე რჩებოდნენ. თუმცა, 81-ე წუთზე იური ბერჩიჩემ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და „ბილბაო“ ფინალში სტუმრად გატანილი გოლით გავიდა.

საინტერესოა, რომ ბერჩიჩე „სოსიედადის“ ყოფილი ფეხბურთელია, რომლის ღირსებას 2014-2017 წლებში იცავდა. შემდეგ პსჟ-ში გადავიდა, მაგრამ მალევე ესპანეთში დაბრუნდა, ოღონდ მეორე ბასკურ ბანაკში და ახლა მისი გოლით „ბილბაო“ ტიტულისთვის სწორედ „სოსიედადს“ გაეჯიბრება.

აღსანიშნავია, რომ „ატლეტიკს“ სამეფო თასი 23-ჯერ აქვს მოგებული, რაც „ბარსელონას“ შემდეგ მეორე შედეგია, თუმცა ბოლოს ამ ტიტულს 1984 წელს დაეუფლა.

ამრიგად, 18 აპრილს დიდი ჯახი გველოდება: „სოსიედადი“ – „ბილბაო“. სამეფო თასის ფინალს სევილიის ოლიმპიური სტადიონი (ესტადიო დე ლა კარტუხა, ტევადობა 60 ათასი) უმასპინძლებს, რომელიც 1999 წელს გაიხსნა და ქალაქის კუთვნილებაშია, არც "სევილიას" და არც "ბეტისის" საშინაო არენა არ გახლავთ. "დე ლა კარტუხამ" 2003 წელს უეფას თასის ფინალს უმასპინძლა.

0.122759