კალათბურთი

1:38 | 5.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას MVP-ის ტიტული ევროლიგაში

ევროლიგაში „ბასკონიამ“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. XXVII ტურში ვიტორიელებმა მიუნხენში „ბაიერნს“ 80:71 აჯობეს. გერმანელებმა პირველ პერიოდში იმძლავრეს, მაგრამ შემდეგ თამაშის სადავეები სტუმართა ხელში გადავიდა და გამარჯვებაც „ბასკონიას“ დარჩა.

მატჩის MVP-ის ტიტული თორნიკე შენგელიას საკუთრება გახდა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 27:31 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა, რაც თანაგუნდელთა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

„ბაიერნში“ მარგი ქმედების 29 კოეფიციენტი გრეგ მონროს ჰქონდა, მაგრამ ვინაიდან „ბასკონიამ“ იმარჯვა, MVP-ის ტიტული ქართველ კალათბურთელს ერგო. მეტ ჯენინგი საკუთარ გუნდს 24:45 წუთში 8 ქულით, 4 მოხსნით, 3 პასითა და 1 ჩაჭრით შეეწია (მარგი ქმედების 13 კოეფიციენტი).

„ბასკონიას“ 11 გამარჯვების საპირისპიროდ 16 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა. ესპანელები მომდევნო ტურში 7 მარტს, ბერლინის „ალბას“ უმასპინძლებენ.

0.136289