ფეხბურთი

23:32 | 4.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზირკზეეს არანორმალური შედეგები ბუნდესლიგაში (+VIDEO)

ჯოშუა ზირკზეემ ყურადღება ჯერ კიდევ გასული წლის დასასრულს მიიპყრო, როდესაც სრულიად უცნობმა ფეხბურთელმა სამდღიან ინტერვალში მიუნხენის „ბაიერნს“ ორჯერ მოაგებინა.

ზირკზეეს ბუნდესლიგური დებიუტი 18 დეკემბერს „ფრაიბურგთან“ საგარეო მატჩში შედგა. ნიდერლანდელი ტალანტი მინდორზე მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი ქულებს კარგავდა (1:1). შემოსვლა და გოლი ერთი იყო, საბოლოოდ კი „რეკორდმაისტერმა“ 3:1 იმარჯვა.

გავიდა სამი დღე და ჯოშუას „ვოლფსბურგთან“ 83-ე წუთზე უხმეს საშველად. ამჯერად „ბაიერნი“ „მგლებს“ ვერ ამარცხებდა საკუთარ კედლებში (0:0), მაგრამ ზირკზეეს ორი წუთი დასჭირდა მეტოქის კარის ასაღებად, მერე სერჟ გნაბრიმაც გაიტანა და მიუნხენელებმა 2:0 იმარჯვეს.

შემდეგ იყო ორთვიანი პაუზა და ჯოშუა 21 თებერვალს „პადერბორნთან“ სამი წუთით შეუშვეს მინდორზე. რობერტ ლევანდოვსკის ტრავმის შემდეგ კი ბოლო ტურში „ჰოფენჰაიმთან“ შეუცვლელად ითამაშა და მე-15 წუთზე ისევ გაიტანა.

საინტერესოა, რომ ბუნდესლიგაში ნათამაშებ საწყის 26 წუთში 18 წლის შემტევმა კარის ჩარჩოში სამჯერ დაარტყა და სამჯერვე გოლი გაიტანა. აშკარაა, რომ „ბაიერნსა“ და ნიდერლანდების ნაკრებს ნამდვილად დიდი ტალანტი ეზრდება.

0.127302