ფეხბურთი

21:52 | 4.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

წარსული მეტოქეებთან: მხოლოდ ამხანაგურები და დადებითი ისტორია

ერთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს C დივიზიონში ჩრდ. მაკედონიის, ესტონეთისა და სომხეთის ბარიერის დაძლევა მოუწევს.

საინტერესოა, რომ აქამდე არცერთ ხსენებულ ნაკრებთან საქართველოს ოფიციალურ შეხვედრაში არ უთამაშია. თუმცა, ყოფილა ამხანაგური მატჩები, რომელაც დეტალურად ამ წერილში გავიხსენებთ.

საქართველო - სომხეთი

5 თამაში, 3 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება (11:4 ბურთების შეფარდება)

საქართველოს ნაკრები სომხეთს პირველად 1997 წლის 30 მარტს თბილისში გაეჯიბრა და 7:0 გაანადგურა. შოთა არველაძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა, მისმა ტყუპისცალმა არჩილ არველაძემ დუბლით გამოიჩინა თავი, ხოლო გიორგი ქინქლაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა თითო გოლი მიითვალეს. სხვათა შორის, ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით მოგებული თამაშია, ხოლო სომხეთისთვის 2019 წლის ნოემბრამდე ყველაზე დიდი სხვაობით მარცხი იყო.

მეორე დაპირისპირება უკვე კვიპროსის საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე შედგა. ლარნაკაში, 2000 წლის 6 თებერვალს ზაზა ჯანაშიას სწრაფ გოლს ტაიმის მიწურულს ვარდან ხაჩატრიანმა უპასუხა, ხოლო გამარჯვების გოლი ზურაბ მენთეშაშვილმა 55-ე წუთზე გაიტანა და საქართველომ სომხეთთან პირად მატჩებში უპირატესობა გაზარდა.

იმავე წლის 26 აპრილს გუნდები უკვე ერევანში შეხვდნენ ერთმანეთს და სპარინგი უგოლოდ დასრულდა.

2004 წლის 21 თებერვალს, ისევ კვიპროსის საერთაშორისო ტურნირზე სომხეთმა ჯერჯერობით პირველი და ბოლო გამარჯვება მოიპოვა. არმან კარამიანმა და ართავაზ კარამიანმა ზურაბ მამალაძის კარში ორი უპასუხო გოლი გაიტანეს.

ბოლო დაპირისპირება 2011 წლის 9 თებერვლით თარიღდება. იმხანად თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ჯვაროსნებმა“ ერევანში ალექსანდრე იაშვილისა და დავით სირაძის პირველივე ტაიმში გატანილი გოლებით იმარჯვეს. მეორე ტაიმში ედგარ მანუჩარიანმა პენალტით სხვაობა კი შეამცირა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა 2:1 იმარჯვა.

საქართველო - ესტონეთი

6 თამაში, 3 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება (8:7 ბურთების შეფარდება)

საქართველოსა და ესტონეთის გზები საფეხბურთო მოედანზე პირველად 1998 წლის 18 ნოემბერს, თბილისში გადაიკვეთა. მიხეილ აშვეთიას დუბლსა და დავით ჯანაშიასა გოლს ესტონელებმა მატჩის ბოლოს არიგო არბეიტერის ერთადერთი ბურთით უპასუხეს - 3:1.

2000 წლის 11 ივნისს, ტალინში ამხანაგური თამაში შედგა და ესტონეთმა რაიო პიორიას დასაწყისშივე გატანილი კინკილა გოლით სძლია საქართველოს ნაკრებს.

მორიგი დაპირისპირება 2008 წლის 27 მაისს, ისევ ტალინში შედგა და ამჯერად ფრე დაფიქსირდა. ტრომი კინკის პენალტს 83-ე წუთზე ლევან ყენიამ უპასუხა.

2010 წლის 3 მარტს, „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაამარცხა. ლევან კობიაშვილის გოლი ატს პურიემ გაქვითა, ხოლო მასპინძლებს გამარჯვება 90-ე წუთზე დავით სირაძემ მოუტანა.

ესტონეთთან ყველზე ცუდი მოგონება 2015 წლის 13 ოქტომბერთან ასოცირდება. ტალინს კახა ცხადაძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ეწვია და 0:3 დამარცხდა. ატს პურიემ, არტურ პიკკიმ და მაქსიმ გუსევმა ამ გუნდების დაპირისპირებებში ყველაზე დიდი ანგარიში დააფიქსირეს.

და ბოლოს, 2018 წლის 27 მარტი, თბილისი, „მიხეილ მესხის“ სტადიონი. ვლადიმირ ვაისის საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი პირველივე ტაიმში ჯიმი ტაბიძისა და ვაკო ყაზაიშვილის გოლებით 2:0 დაამარცხა.

საქართველო - ჩრდ. მაკედონია

ჩრდილოეთ მაკედონია ის ნაკრებია, რომელსაც საქართველო ჯერ კიდევ არასდროს შეხვედრია. თუ განგება ინებებს, 31 მარტს, ერთა ლიგის ფინალში „დინამო არენაზე“ პირველად გადაიკვეთება მათი გზები (ორივემ ნახევარფინალში უნდა მოიგოს), თუ არადა, შემოდგომამდე მოგვიწევს ლოდინი.

როგორც ხედავთ, მომავალ მეტოქეებთან ბალანსი დადებითი და მეტ-ნაკლებად სასიამოვნო ემოციების მომგვრელია. თუმცა, ეს ყველა დაპირისპირება ამხანაგურ დონეზე შედგა და ვნახოთ, რა იქნება, ოფიციალურ მატჩებში...

0.100695