საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ერთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა შეაფასა. იაშვილის განცხადებით, ერთა ლიგა ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და საქართველოს ნაკრებს საინტერესო მატჩები ელოდება.
„ჩვენი ნაკრებისთვის ერთა ლიგა ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. ეს პირველმა გათამაშებამ ძალიან კარგად აჩვენა, რადგან ჩვენ პლეი-ოფში თამაშის უფლება მოვიპოვეთ და 26 მარტს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. აქედან გამომდინარე ერთა ლიგას ნამდვილად დადებითად შევაფასებ.
რაც შეეხება წილისყრას და ჩვენს ჯგუფს, რა თქმა უნდა, მიზანი უცვლელია და სურვილი გვაქვს, რომ წინა გათამაშების მსგავსად ჯგუფი ამჯერადაც მოვიგოთ. ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთისა და სომხეთის წინააღმდეგ ნამდვილად საინტერესო მატჩები გველის“, - ციტირებს იაშვილის სიტყვებს სფფ-ის პრესსამსახური.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები სომხეთს, ესტონეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. მატჩები მიმდინარე წლის სექტემბერ-ნოემბერში გაიმართება.