ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა აკაპულკოში გამართული ტურნირი მოიგო. ფინალში ესპანელმა ტეილორ ფრიცი 6:3, 6:2 დაამარცხა და კარიერაში აღნიშნული ტურნირი მესამედ მოიგო. ნადალმა აკაპულკოში 2005 და 2013 წლებში იმარჯვა, მაშინ ტურნირი გრუნტის საფარზე იმართებოდა, ხოლო ახლა ჰარდზე ტარდება.
ნადალი მესამე ჩოგბურთელია, რომელმაც მექსიკის ღია ჩემპიონატი მესამედ მოიგო, ყველაზე მეტჯერ კი აკაპულკოში დავიდ ფერერს (4) და ტომას მუსტერს (4) უმარჯვიათ. რაც შეეხება ფრიცს, ტეილორი სემ ქუერთან ერთად მეორე ამერიკელია, რომელიც აკაპულკოს ტურნირის ფინალში გავიდა. ფრიცი ATP-ის ტურნირების ფინალში მეხუთედ გავიდა და მეოთხედ წააგო, ხოლო 500 ქულიანი შეჯიბრის გადამწყვეტ მატჩში პირველად მონაწილეობდა.
აღნიშნული გამარჯვებით ნადალმა 500 ქულა და 372,785 დოლარი მიიღო, ხოლო ფრიცმა - 300 ქულა და 187,110 დოლარი. 22 წლის ამერიკელი ორშაბათს სარეკორდო რეიტინგს დააფიქსირებს და 24-ე ადგილზე გადაინაცვლებს.