ესპანეთის ლიგა ენდესა ორკვირიანი პაუზის შემდეგ განახლდა და გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ „ჟუვენტუტს“ უმასპინძლა, რომელსაც მძიმე ბრძოლაში 96:90 აჯობა.
მატჩის ბედი დასკვნითმა მეოთხედმა გადაწყვიტა, რომელიც მასპინძლებმა 7-ქულიანი უპირატესობით მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც ამის ხარჯზე იზეიმეს.
ცხადია, შერმადინი ტრადიციულად ერთ-ერთი გამორჩეული იყო პარკეტზე, მაგრამ არა საუკეთესო. ქართველმა ცენტრმა 27 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. გიორგიმ 16-და მხოლოდ 8 ორქულიანი (50%) და 5-დან 3 საჯარიმო (60%) ჩააგდო, შეტევაში დაშვებულმა შეცდომებმა კი ჩვენებურის მარგი ქმედების კოეფიციენტზე მნიშვნელოვად იმოქმედა, რომელიც მხოლოდ 16-ს გაუტოლდა.
ამ მაჩვენებლით შერმადინი თანაგუნდელებს მარსელინო უერტასს (33) და დანი დიეზს (24) ჩამორჩა, ხოლო მეტოქის რიგებში კლემენ პრეპელიცს (29).
„იბეროსტარ ტენერიფე“ 14 მოგებითა და 7 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 8 მარტს, თორნიკე შენგელიას „ბასკონიას“ ესტუმრება.