ფეხბურთი

3:02 | 28.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" და "ინტერი" შემდეგ ეტაპზე, "არსენალი", "აიაქსი" და "პორტუ" - სახლში

ევროპა ლიგაზე მერვედფინალისტები გამოვლიდნენ, ოღონდ სრულად არა. უამინდობის გამო „ზალცბურგი“ – „აინტრახტის“ შეხვედრა ერთი დღით გადაიდო და პარასკევს გაიმართება (გერმანელებს შინ 4:1 აქვთ მოგებული).

დანარჩენი კი ყველაფეირ გაირკვა. ქართველების „გენტმა“ ორი მატჩის ჯამში „რომასთან“ მარცხი რომ განიცადა, უკვე დავწერეთ. „ჯალოროსის“ მეორე იტალიური გუნდი შეუერთდა და მერვედფინალში ითამაშებს „ინტერი“, რომელმაც „სან სიროზე“ დახურულ კარს მიღმა „ლუდოგორეცი“ დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში 4:1 მოიგო.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბრიუგე“ შინ 5:0 გააცამტვერა და ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს, ხოლო ლონდონის „არსენალი“ ასპარეზობას დაემშვიდობა. „მეთოფეებმა“ პირეოსში „ოლიმპიაკოსს“ 1:0 აჯობეს, მაგრამ მოულოდნელად, შინაც იგივე ანგარიშით წააგეს. 113-ე წუთზე პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაათანაბრა და მისი გუნდი მომდევნო ეტაპის გზაზე დააბრუნა, მაგრამ ბოლო წუთზე იუსულ ელ არაბიმ ბერძნებს 2:1 მოაგებინა და შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გააღწია მერვედფინალში „სევილიამაც“, რომელიც შინ „კლუჟს“ უგოლოდ დაუზავდა (სტუმრად 1:1). სტამბოლის „ბაშაკშეჰირმა“ ლისაბონის „სპორტინგს“ 1:3 ჩამორჩენა შინ აღმოუფხვრა და დამატებით დროში მეოთხეც გაუტანა, შესაბამისად, გამარჯვებული გამოვიდა.

მერვედფინალშია დავით ხოჭოლავას „შახტარი“, რომელიც „ბენფიკასთან“ 1:3 მარცხდებოდა, მაგრამ ფრეს გამორჩა (3:3) და სახლში, რადგან მოგებული ჰქონდა (2:1), მომდევნო ეტაპზეა. ქართველი მცველი თამაშში მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე ჩაერთო. სხვათა შორის, პორტუგალიას 1/16 ფინალში ოთხი გუნდი ჰყავდა, მაგრამ ყველა გამოეთიშა ასპარეზობას - "ბენფიკა", "პორტუ", "სპორტინგი" და "ბრაგა".

„რეინჯერსმა“ გუშინ მოიპოვა მერვედფინალის საგზური („ბრაგასთან“), სამაგიეროდ, მისი დაუძენებელი მტერი „სელტიკი“ დაგვემშვიდობა, რომელმაც „კოპენჰაგენთან“ საგარეო 1:1-ის მერე შინ 1:3 წააგო. გავარდა ამსტერდამის „აიაქსი“, რომელმაც „ხეტაფეს“ 2:1 მოუგო, მაგრამ სტუმრად 0:2 ჰქონდა წაგებული. მერვედფინალში გავიდნენ „ბაზელი“, „ვულვზი“, „ლევერკუზენი“, „ლასკი“ და „ვოლფსბურგიც“.

„ბრაგა“ – „რეინჯერსი“ 0:1 (ორი მატჩის ჯამში - 2:4)

„ბაზელი“ – „აპოელი“ 1:0 (4:0)

„ესპანიოლი“ – „ვულვზი“ 3:2 (3:6)

„პორტუ“ – „ლევერკუზენი“ 1:3 (2:5)

„გენტი“ – „რომა“ 1:1 (1:2)

„ბაშკაშეჰირი“ – „სპორტინგი“ 4:1 (დ.დ) (5:4)

„ლასკი“ – „ალკმაარი“ 2:0 (3:1)

„მალმიო“ – „ვოლფსბურგი“ 0:3 (1:5)

„აიაქსი“ – „ხეტაფე“ 2:1 (2:3)

„არსენალი“ – „ოლიმპიაკოსი“ 1:2 (დ.დ) (2:2)

„ბენფიკა“ – „შახტარი“ 3:3 (4:5)

„სელტიკი“ – „კოპენჰაგენი“ 1:3 (2:4)

„ინტერი“ – „ლუდოგორეცი“ 2:1 (4:1)

„მანჩესტერი“ – „ბრიუგე“ 5:0 (6:1)

„სევილია“ – „კლუჟი“ 0:0 (1:1)

აქვე გეტყვით, რომ მერვედფინალური ეტაპის წილისყრა 28 თებერვალს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

0.150427