ფეხბურთი

3:35 | 26.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" ლონდონური ვოიაჟი და "ბარსელონას" მაქსიმუმი მინიმუმიდან (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგის მერვედიფნალური ეტაპის მესამე სათამაშო დღემ საპასუხო დაპირისპირების წინ კონტურები აშკარად გამოკვეთა. „ბარსელონამ“ და განსაკუთრებით „ბაიერნმა“ ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს.

კატალნური „ბარსელონა“ ნეაპოლში ჩავიდა, სადაც „ნაპოლის“ დაუპირისპირდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მინიმუმიდან მაქსიმუმი გამოადნო. სხვას ვერაფერს დავარქმევთ იმას, რაც „სტადიო სან პაოლოზე“ მოხდა. ციდან ვარსკვლავები არც „ნაპოლის“ დაუკრეფავს, მაგრამ „ბარსელონა“ კიდევ უფრო უფერულად გამოიყურებოდა.

პორველ ტაიმში დრის მერტენსმა ჩინებული გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა. ჯენარო გატუზოს გუნდი თამაშს კარგად აკონტროლებდა, მეტოქეს ხიფათის შექმნის უფლებას არ აძლევდა და თითქოს თავის მეორე შანსსაც ელოდა. თუმცა, მეორე ტაიმის დასაწყისში სერხიო ბუსკეტსმა ისეთი პასი გააკეთა, ნეაპოლელთა ნაქები დაცვის ხაზი რომ მოჭრა, ნელსონ სემედუმ კი, ანტუან გრიზმანს მარტივი პოზიციიდან გაატანინა. სხვათა შორის, ფრანგმა ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში 2017 წლის თებერვლის შემდეგ პირველად გაიტანა. ეს იყო „ბარსას“ პირველი და ერთადერთი ზუსტი კარში დარტყმა მთელ თამაშში და ისიც გოლით დაასრულა. იტალიელებს ჰქონდათ ორი მაგარი შანსი ამის მერე, ჯერ ლორენცო ინსინიეს, მერე კი ხოსე კალეხონს მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა აჯობა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი შედეგი შეუნარჩუნა. მატჩის ბოლოს არტურო ვიდალი გააძევეს და საპასუხო მატჩს გამოტოვებს, ისევე როგორც სერხიო ბუსკეტსი, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო. ეს კიკე სეტიენის გუნდისთვის სერიოზული პრობლემაა, მაგრამ იტალიის სამხრეთიდან წაღებული შედეგი მაინც აძლევს სიმშვიდის საფუძველს, რასაც ვერ ვიტყვით თამაშის ხარისხზე.

„ნაპოლი“ – „ბარსელონა“ 1:1 (1:0) VIDEO

ნეაპოლი, „სან პაოლო“

მაყურებელი: 44 388

„ნაპოლი“ (4-3-3): ოსპინა; დი ლორენცო, მაკსიმოვიჩი, მანოლასი, მარიო რუი; დემე (ალანი 80), ფაბიან რუისი, ზიელინსკი; კალეხონი (პოლიტანო 74), მერტენსი (მილიკი 54), ინსინიე

მწვრთნელი: ჯენარო გატუზო

„ბარსელონა“ (4-3-1-2): ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე (ლენგლე 90), უმტიტი, ფირპო; რაკიტიჩი (არტური 56), ბუსკეტსი, დე იონგი; ვიდალი; მესი, გრიზმანი (ანსუ ფატი 87)

მწვრთნელი: კიკე სეტიენი

გოლები: 1:0 მერტენსი (30), 1:1 გრიზმანი (57)

გაფრთხილება: ინსინიე (61), მარიო რუი (89) - ბუსკეტსი (49), მესი (66), გრიზმანი (83), ვიდალი (89, 89)

გაძევება: ვიდალი (89)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (4) – 5 (1) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 2:1 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

„ბარსელონასგან“ განსხვავებით სრულ სიმშვიდეში შეუძლია მეოთხედფინალისთვის მომზადება მიუნხენის „ბაიერნი“. რაც დრო გადის, „რეკორდმაისტერი“ უფრო და უფრო საშიში ხდება და თავისუფლად შეგვიძლია მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთ გამორჩეულ ფავორიტად დავასახელოთ.

მიუნხენური გიგანტი წელს ლონდონური გუნდების კოშმარად იქცა. ჯგუფში „ტოტენჰემი“ გაანადგურა ინგლისის დედაქალაქში 7:2 და ახლა არც „ჩელსის“ დააკლო - 3:0. მეორე ტაიმის დასაწყისში რობერტ ლევანდოვსკის ორ გენიალურ პასს სერჟ გნაბრის ორი გოლი მოჰყვა, ბოლოსკენ კი თავად ლევანდოვსკიმ გაიტანა და ყველაფერს წერტილი დაუსვა, არამარტო ამ მატჩში, არამედ მთლიანად ორრაუნდიან დუელს. ცხადია ყველაფერი ხდება, მაგრამ ამჟამინდელი „ჩელსი“ საერთოდ არ ჰგავს იმ გუნდს, რომელიც ამ სასწაულს ასეთი „ბაიერნის“ წინააღმდეგ მოახდენს.

გეტყვით იმასაც, რომ სერჟ გნაბრი ლუიშ ფიგუს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ სეზონში ორ ლონდონურ გუნდს ერთ სეზონში გაუტანა. პორტუგალიელმა 1999-2000 წლების სეზონში „არსენალი“ და „ჩელსი“ დაამწუხრა. „ბაიერნს“ კი, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში შვიდივე მატჩი აქვს მოგებული. ლიგის ისტორიაში საწყისი შვდიი მატჩიდან შვიდი მოგება აქამდე ორ გუნდს ჰქონია: 2002-2003 წლების სეზონში „ბარსელონას“ და 2014-2015 წლების სეზონში „რეალს“. სხვათა შორის, ვერცერთმა სეზონი ტრიუმფით ვერ დაასრულა და ვნახოთ რას იზამს ჰანს-დიტერ ფლიკის მანქანა.

თავის მხრივ „ჩელსიმ“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით სახლში 8 თამაში წააგო და ასეთი ცუდი შედეგი 1986 წლის შემდეგ არ ჰქონია. ცხადია, გასაგებია, რომ ფრენკ ლამპარდის გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია, მაგრამ ინგლისელს გუნდის სხვა რელსებზე გადართვა მართებს, თორემ რომან აბრამოვიჩს შესაძლოა მოთმინების ფიალაც აევსოს.

„ჩელსი“ – „ბაიერნი“ 0:3 (0:0) VIDEO

ლონდონი, „სტემფორდ ბრიჯი“

მაყურებელი: 36 761

„ჩელსი“ (4-3-3): კაბალიერო; ასპილიკუეტა (პედრო 73), რუდიგერი, კრისტენსენი, ალონსო; ბარკლი (ვილიანი 61), ჟორჟინიო, კოვაჩიჩი; ჯეიმსი, ჟირუ (აბრაჰამი 61), მაუნთი

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; პავარი, ბოატენგი, ალაბა, დევისი; ტიაგო ალკანტარა (გორეცკა 90), კიმიხი; გნაბრი (ტოლისო 85), მიულერი, კომანი (კოუტინიო 66); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლიკი

გოლები: 0:1 გნაბრი (51), 0:2 გნაბრი (54), 0:3 ლევანდოვსკი (76)

გაფრთხილება: ჟორჟინიო (49) - ტიაგო ალკანტარა (45), კიმიხი (50)

გაძევება: ალონსო (83)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 12 (6) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

0.297921