ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი, რომელიც ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ დაიწყო, დღეს გაგრძელდება. ნეაპოლსა და ლონდონში ორი მატჩი გველოდება, ჩინებული ანონსით...
„ნაპოლი“ – „ბარსელონა“
„ნაპოლი“ – „ბარსელონა“ მეტად საინტერესო წყვილია. ორივე გუნდს აქვს საერთო - ახალი მთავარი მწვრთნელები ჰყავთ. იტალიელები მერვედფინალში კარლო ანჩელოტიმ გაიყვანა, ესპანელები - ერნესტო ვალვერდემ. თუმცა, დღეს მათ ნაცვლად ჯენარო გატუზოსა და კიკე სეტიენის დუელს ვიხილავთ. სხვათა შორის, ორივე მათგანს ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ექნებათ. გატუზოს ცხადია მწვრთნელის რანგში, თორემ ფეხბურთელობისას ეს ტურნირი ორჯერ მოგებულიც აქვს.
აკი აღნიშნა კიდევ სეტიენმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე, მე და რინოს საერთო გვაქვს, ჩვენი ხელწერის მორგებას ვცდილობთ გუნდებზეო და მართალიცაა. ჯერჯერობით, „ბარსა“ მაინც საკუთარი თამაშის ძიების პროცესშია, იგივე ითქმის „ნაპოლიზეც“, რომელიც ერთობ წარუმატებელ სეზონს ატარებს. ბოლო ხანს ორივე გუნდმა გამოასწორა შედეგები, „ბლაუგრანას“ საქმე სულაც ჩინებულად წავიდა, რადგან ორიოდ დღის წინ ლა ლიგაში მადრიდის „რეალს“ გადაასწრო და გალიდერდა.
კიდევ ერთი ინტრიგა ლიონელ მესია. არგენტინელი პირველად ითამაშებს „სტადიო სან პაოლოზე“, სადაც დღემდე დიეგო არმანდო მარადონა ნამდვილი კერპია. შედეგად, მარადონა-მესის საკითხიც ისევ აქტუალური გახდა და ვნახოთ, რით გააკვირვებს ლეო ლეგენდარული თანამემამულის ქომაგებს.
ორივე გუნდს აქვს დანაკლისი. მაგალითად, ნეაპოლელებს კალიდუ კულიბალი და ფერნანდო ლორენტე ვერ დაეხმარებიან, ხოლო ირვინგ ლოზანოს თამაში საეჭვოა. საპირისპირო ბანაკში ლუის სუარესსა და უსმან დემბელეს, სერხიო რობერტო და ჟორდი ალბა შეუერთდნენ და ესპანელები გუნდს იტალიაში არც გაჰყოლიან.
ბოლოსკენ ისიც ვთქვათ, რომ ოფიციალურ მატჩებში „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ გზები დღეს პირველად გადაიკვეთება.
ჯენარო გატუზო („ნაპოლის“ მწვრთნელი): „ჩვენ ვითამაშებთ შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც დიდი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის საამაყოა ასეთ გუნდთან დაპირისპირება. ბოლო 10-15 წლის განმავლობაში „ბარსელონა“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ჩვენ არ გვეშინია, პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ საკუთარი თავის უნდა გვჯეროდეს და ღირსეულად ვითამაშოთ“.
კიკე სეტიენი („ბარსელონას“ მწვრთნელი): „მე ყოველთვის ვეუბნები ჩემს ფეხბურთელებს, რომ ჩვენი მეტოქისგან საუკეთესო თამაშს უნდა ველოდოთ. ყველა გუნდი ჩვენს წინააღმდე მაქსიმუმს იღებს და არც ეს თამაში იქნება განსხვავებული. ვიცი, რომ „ნაპოლი“ კარგი გუნდია და ჯგუფურ ეტაპზე მაღალი დონის გუნდებთან ლამაზი ფეხბურთი ითამაშა. დარწმუნებული ვარ შესანიშნავად ითამაშებენ“.
სავარაუდო შემადგენლობები:
„ნაპოლი“ (4-3-3): მერეტი; დი ლორენცო, მანოლასი, მაკსიმოვიჩი, მარიო რუი; ფაბიან რუისი, დემე, ზიელინსკი; კალეხონი, მერტენსი, ინსინიე
„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, ლენგლე, ფირპო; არტური, ბუსკეტსი, დე იონგი; მესი, გრიზმანი, ფატი
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)
„ჩელსი“ – „ბაიერნი“
მეორე წყვილი გაცილებით დიდი ინტერესის ქვეშაა. ლონდონში, „ჩელსი“ და „ბაიერნი“ გაეჯიბრებიან ერთმანეთს და ძველ დროს გაიხსენებენ. „რეკორდმაისტერი“ სეზონის გახურებასთან ერთად უფრო გახურდა, თორემ სტარტზე ცოტა არასტაბილური იყო. დასტაბილურება კი, ჰანს-დიტერ ფლიკის სახელსაც უკავშირდება, რომელმაც მოახერხა და „ბაიერნი“ ძველ რელსებზე გადაიყვანა. მიუნხენურმა გუნდმა ბუნდესლიგაში ლიდერობაც დაიბრუნა და ჩემპიონთა ლიგაზეც დიდ მიზნებს ისახავს. თავის მხრივ „ჩელსი“ სეზონის დასაწყისში უფრო კარგად ირჯებოდა და ბოლო ხანს არასტაბილურობა დასჩემდა. ფრენკ ლამპარდს ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე ჰყავს და ალბათ გამოუცდელობამ თავი იჩინა.
ინგლისელ სპეციალისტს დრეს რამდენიმე საკადრო პრობლემა აქვს და უპირველეს ყოვლისა ნგოლო კანტეს არყოფნა უნდა აღვნიშნოთ. არ იქნებიან, ჰადსონ-ოდოი და კრისტიან პულიშიჩიც. „ბაიერნი“ იმავე მიზეზით ნიკლას ზულესა და ივან პერიშიჩს მოსაკლისებს.
ეს გუნდები პირველად 2004-2005 წლების სეზონის მეოთხედფინალში შეხვდნენ. „ჩელსიმ“ შინ 4:2 მოიგო, „ბაიერნმა“ მიუნხენში 3:2 იმარჯვა და შემდეგი ეტაპის საგზური ლონდონელებს დარჩანთ. ისევ „ჩელსი“ გამოვიდა გამარჯვებული მომდევნო დუელშიც და ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში. 2011-2012 წლების სეზონის ფინალი, რომელსაც მიუნხენმა უმასპინძლა. ტომას მიულერის გვიანი გოლით გერმანელები იგებდნენ და თასიც თითქოს უნდა მოეგოთ, მაგრამ დიდიე დროგბამ გაათანაბრა და მატჩის ბედიც პენალტებში გაირკვა. იმ დღეს, პეტერ ჩეხი და დროგბა სასწაულებს სჩადიოდნენ და „ბაიერნს“ საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი აგემეს. ბოლო დაპირისპირება კი 2013 წლის აგვისტოში ევროპის სუპერთასზე შედგა. ამჯერადაც ფრე, ოღონდ 2:2 და პენალტებში უკვე გამარჯვებული გერმანული გიგანტი გამოდგა. ამრიგად, 4 მატჩში, თითო მოგება-წაგება და ორი ფრე. „ჩელსის“ უპირატესობა იმაშია, რომ ერთით მეტი გოლი აქვს აქვს გატანილი (9:8).
ვნახოთ, ვინ გაიუმჯობესებს სტატისტიკურ მონაცემებს დღეს და ვის დარჩება გამარჯვება „სტემფორდ ბრიჯზე“.
ფრენკ ლამპარდი („ჩელსის“ მწვრთნელი): „კონცენტრირებული და ფოკუსირებული უნდა ვიყოთ ორივე თამაშზე. მომწოს შეტევა და სახიფათო მომენტების შექმნა, მაგრამ დაცვასაც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. მესმის, რომ ჩვენ წყვილში აუტსაიდერები ვართ, რადგან „ბაიერნი“ ძალიან ძლიერია და არც მათი დონის გამოცდილება გვაქვს, მაგრამ ჩვენ აქ ვართ და გვინდა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ“.
ჰანს-დიტერ ფლიკი („ბაიერნის“ მწვრთნელი): „ჩელსი“ ბრწყინვალე გუნდია ახალგაზდა და გამოცდილი ფეხბურთელებით. ისინი თავისუფლად თამაშობენ და ეს უპირატესობაა, განსაკუთრებით თავდასხმაში. დაცვაში შეცდომები აქვთ, მაგრამ ეს არის გუნდი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ზეწოლის მოხდენა. ჩვენ ვიცით რას უნდა ველოდოთ და გვინდა ვიყოთ თავდაჯერებული, მამაცი და შემტევი“.
სავარაუდო შემადგენლობა:
„ჩელსი“ (3-4-3): კაბალიერო; ასპილიკუეტა, კრისტენსენი, რუდიგერი;ჯეიმსი, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი, ალონსო; მაუნთი, აბრაჰამი, ვილიანი
„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; პავარი, ბოატენტი, ალაბა; დევისი; კიმიხი, ტიაგო ალკანტარა; კომანი, მიულერი, გნაბრი; ლევანდოვსკი
მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)