კალათბურთი

23:14 | 24.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გმირები სამშობლოში დაბრუნდნენ (+VIDEO)

ბელგრადში, სერბეთის ნაკრებთან მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები თბილისში დაბრუნდა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა მსოფლიო კალათბურთის ერთ-ერთ გრანდს, სერბეთის ნაკრებს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში 94:90 მოუგო და ორი მატჩიდან ორი გამარჯვების შემდეგ E ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

თბილისში დაბრუნებულ საქართველოს ნაკრებს აეროპორტში დახვდნენ და ისტორიული გამარჯვება მიულოცეს – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ და სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ.

კალათბურთელთა ნაკრებმა სერბეთში გამარჯვებამდე თბილისის სპორტის სასახლეში შვეიცარიის ნაკრები 96:88 დაამარცხა, მომდევნო ოფიციალური მატჩების გამართვა კი სტუმრად – 27 ნოემბერს ფინეთთან და 30 ნოემბერს შვეიცარიასთან მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ერთ-ერთ ჯგუფს თბილისი მასპინძლობს. ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატზე თამაში აქედანვე გარანტირებული აქვს, თუმცა შესარჩევ ეტაპს როგორც სხვა მასპინძელი ქვეყნები – გერმანია, ჩეხეთი და იტალია – მაინც თამაშობს, რაც მწვრთნელებს გუნდის მომზადების და ახალი ტაქტიკური სქემების გამოცდის შესაძლებლობას აძლევს, ნაკრების ახალგაზრდა კალათბურთელები კი ძლიერ მეტოქეებთან პაექრობით დიდ გამოცდილებას იძენენ.

GBF.GE

0.119004