ისტორია

9:30 | 24.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

24 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1940- დაიბადა დენის ლოუ. შოტლანდიელი ფეხბურთელი. 1960 წლიდან “მანჩესტერ სიტიში თამაშობდა, ხოლო 1962 წელს ბრიტანული ფეხბურთისთვის სარეკორდო თანხად, 115 ათას გირვანქად “მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა. დენის ლოუმ ამ გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 409 მატჩში, 236 გოლი გაიტანა. 1963 წელს მოიპოვა ინგლისის თასი, 1965 და 1967 წლებში ჩემპიონობა. 1968 წელს “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად დაეუფლა ჩემპიონთა თასს. 1964 წელს, დენის ლოუ ევროპის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. აღიარებულია შოტლანდიის ყველა დროის უძლიერეს ფეხბურთელად.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1907- ტფილისის გუბერნატორმა დაამტკიცა საფეხბურთო კლუბ “კომეტას” წესდება.

1924- ლეგენდარულმა ამერიკელმა მოცურავემ და მსახიობმა ჯონი ვაისმიულერმა 100 მეტრზე ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (57.4).

1924- უელსელი ფორვარდი, ბილი მერედიტი ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მატჩში მიიღო მონაწილეობა. მერედიტმა “მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში “ბრაიტონის” წინააღმდეგ 49 წლისა და 7 თვის ასაკში იასპარეზა.

1926- ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი დივიზიონის მატჩებში მასპინძლებმა ყველა შეხვედრები მოიგეს.

1929- შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრებმა ბელფასტში ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდს 7:3 მოუგო. სკოტთა ცენტრფორვარდმა ჰიუ გალაჰერმა მატჩში ხუთი გოლი გაიტანა.

1938- ამერიკელმა მოკრივე ჰენრი არმსტრონგმა მესამე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მოახერხა. არმსტრონგი პლანეტის უძლიერესი მოკრივე უმჩატეს, მჩატე და ქვესაშუალო წონით კატეგორიებში გახდა. სულ მას 174 ბრძოლა აქვს ჩატარებული, რომელთაგან 98-ში ნოკაუტით გაიმარჯვა. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, არმსტრონგი გაკოტრდა, რადგან მისი ფული მენეჯერმა მიითვისა. ყოფილი მოკრივე უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდა და ბაპტისტური ეკლსიის მოძღვარი გახდა.

1951- მილანში მიმდინარე ციგურებით ფიგურულ მოსრიალეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქალთა შორის პირველობა დიდ ბრიტანელმა ჯანეტ ოლტვეგმა მოიპოვა. მამაკაცთა შორის საუკეთესო, ამერიკელი რიჩარდ ბარტონი იყო, ხოლო მოცეკვავე წყვილთა შორის ჩემპიონები, რია ბარანი და პაულ ფოლკი (გფრ) გახდნენ.

1960- ზამთრის ოლიმპიადის ჰოკეისტთა ტურნირის დასკვნით ეტაპზე, აშშ-ის ნაკრებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნულ გუნდს 9:1 მოუგო.

1964- კასიუს კლეიმ სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, სონი ლისტონი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1966- ინგლისის საფეხბურთო ნაკრებმა ლონდონის “უემბლიზე” ორმოცდამეათედ იასპარეზა. მომავალში მსოფლიოს ჩემპიონმა , ასევე მუნდიალის მომავალ ფინალისტ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებს 1:0 მოუგო.

1968- ჰარი უნგვარმა ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მატჩებში ზედიზედ ჩატარებული 914 მატჩის პირველ შეხვედრაში იასპარეზა.

1974- ჰოლანდიელმა მოციგურავე ატიე კეულენ-დეელსტრამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1978- ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ნიუ ჯერსი ნეთსის” გამთამაშებელმა კევინ პორტერმა მატჩში სარეკორდო რაოდენობის შედეგიანი პასი გააკეთა (29).

1981- “ბოსტონ სელტიკსმა” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის ზედიზედ 18 მოგებული მატჩის პირველი ასპარეზობა ჩაატარა.

1982- უეინ გრეცკიმ ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული პირველობის მატჩში, 78-ე შაიბა გაიტანა, რაც ერთი სეზონისთვის რეკორდული მაჩვენებელი იყო.

1987- ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავმა კარიმ აბდულ ჯაბარმა (“ლოს ანჯელეს ლეიკერსი”) რეგულარული პირველობის მატჩებში 36000 ქულა დააგროვა.

1988- ფინელი მატი ნიუკანენი პირველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც ზამთრის ერთ ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს სამი მედალი დაისაკუთრა.

1991- კენი დალგლიში “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა. მერსისაიდელებს იგი ექვსი სეზონის განმავლობაში ედგა სათავეში. “ლივერპულის” დროებით თავკაცად, რონი უელანი დაინიშნა.

1993- გარდაიცვალა ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ბობი მური. 1966 წელს იგი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა კი მას სერის ტიტული უბოძა.

2002- აშშ-ის ქალაქ სოლტ-ლეიკ-სიტიში ზამთრის მეცხრამეტე ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა.

2005- “მილუოკი ბაქსმა” “ნიუ ჯერსი” 100:81 დაამარცხა. “ბაქსის” ქართველმა ცენტრმა, ზაზა ფაჩულიამ 14 ქულა მოაგროვა და 12 მოხსნა განახორციელა. ამ შედეგით მან პირველად შეძლო თავის ანგარიშზე ორმაგი დუბლის ჩაწერა.

2005- Associated Press-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ლაბაძემ ავსტრიის დედაქალაქ ვენის გარეუბან კორნებურგის სასამართლოს უწყება მიიღო. ხსენებულ უწყებას ხელს აწერდა მოსამართლე მარტინა მორი. ქართველ ჩოგანს მატჩის “ჩაწყობაში” ადანაშაულებდნენ. 2004 წლის გაზაფხულზე, ლაბაძე ავსტრიული სენტ პოლტენის ტურნირში იღებდა მონაწილეობას და მეოთხე ნომრადაც იყო განთესილი. პირველ წრეში მისი მოწინააღმდეგე ნაკლებად ცნობილი განუთესავი ადგილობრივი ჩოგბურთელი, ჯულიან კნოული გახლდათ. ლაბაძე ამ შეხვედრაში უპირობო ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა მან ყველა წინასამატჩო პროგნოზი თავდაყირა დააყენა და მოულოდნელად მარცხი იგემა (5:7, 6:4, 2:6). მეორე დღეს კი, კორნებურგის ერთ-ერთ ტოტალიზატორს ქართველი სპორტსმენის მეგობარმა, მარტინ ფეჰერმა მიაკითხა და მომგებიანი ბილეთი წარუდგინა. ფეჰერს ფსონი ლაბაძის წაგებაზე ჰქონდა დადებული და 23 ათას დოლარს ითხოვდა. საბუკმეკერო დაწესებულებაში ირაკლის მეგობარი ამოიცნეს და თანხის გადახდაზე უარი უთხრეს. ამან ფეჰერი აღაშფოთა. მან სარჩელი სასამართლოში შეიტანა. თუმცა გულხელდაკრეფილი არც ტოტალიზატორი დარჩენილა და ქართველ ჩოგბურთელს, მის ახლობელსა და კნოულს მატჩის შედეგის წინასწარ დაგეგმვაში ადანაშაულებდა.

2006- ტურინში გამართულ ზამთრის ოლიმპიადაზე, ამერიკელმა ჯულია მანკუზომ (სამთო-სათხილამურო სპორტი, გიგანტური სლალომი), ჩეხმა კატერინა ნოიმანოვამ (თხილამურებით რბოლა, 30 კმ, მას.სტარტი) და ჰოლანდიელმა ბობ დე იონგმა (ციგურებით რბოლა, 10 000 მ.) ოქროს მედლები მოიპოვეს. ქერლინგში კაცთა შორის პირველი ადგილი დაიკავეს კანადელებმა, ხოლო ფინეთი და აშშ შესაბამისად 2-3 ადგილებზე გავიდნენ.

2007- სკანდალურად დასრულებული 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, რომლის ფინალურ მატჩშიც ზინედინ ზიდანსა და მარკო მატერაცის შორის კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნა, ფრანგმა ვარსკვლავმა პირველად მიიღო მონაწილეობა საფეხბურთო შეხვედრაში. ეს საქველმოქმედო პაექრობა იყო, რომელშიც ზიზუს გარდა, ტაილანდის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და ადგილობრივი შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებიც მონაწილეობდნენ.

2007- რაგბის “ექვსი ერის” გათამაშებაში ჩართვის შემდეგ იტალიამ პირველად მოახერხა გასვლითი მატჩის მოგება – აპენინელებმა გლაზგოში შოტლანდიას 37:17 სძლიეს.

2008- ინგლისის ლიგის თასის ფინალში “ტოტენჰემმა” დამატებით დროში 2:1 “ჩელსის” სძლია.

2013- დიუსელდორფის “დიდი პრიზის” მეორე დღე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ამირან პაპინაშვილისა (60 კგ) და შალვა ქარდავას (66 კგ) დარად, გერმანულ კვარცხლბეკზეავთანდილჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (ორივე 81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური (ორივე 90 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) ავიდნენ. ორი მათგანი სულაც უმაღლეს საფეხურზე შედგა და ამ შედეგით ირაკლი უზნაძის გუნდმა მამაკაცთა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

2013- პსჟ-ს რიგებში ბექჰემმა პირველად ითამაშა. პსჟ-“მარსელი” 2:0.

2013- უელსურმა “სუონსიმ” თავის ისტორიაში პირველად მოიპოვა ინგლისის ლიგის თასი. „სუონსი“ – „ბრედფორდი“ 5:0

2013- უნგრულ სომბათჰეიში ჩატარებულ სეზონის მეორე ოქროს გრან-პრიზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩინებულად გამოვიდა საქართველოს ნაკრები. ქართველმა მოჭიდავეებმა ოთხ წონით კატეგორიაში ფინალში იასპარეზეს, ჯამში კი 15-კაციანმა დელეგაციამ 8 მედლის (1 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) მოპოვება შესძლო და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.საუკეთესო შედეგი მიხეილ ქაჯაიას ჰქონდა, რომელმაც 96 კგ-ში ყველა ორთაბრძოლა მოიგო და ოქროს მედალი არავის დაუთმო.

ამ დღეს დაიბადნენ

1872- ჯონ ჯარვისი. ლეგენდარული ინგლისელი მოცურავე. მოგებული აქვს 108 ტიტული.

1906- ვერა მენჩიკი. ქალთა შორის მსოფლიოს პირველი ჩემპიონი ჭადრაკში. მამამისი ჩეხი იყო, ხოლო დედა ინგლისელი. 15 წლამდე მოსკოვში ცხოვრობდა, შემდეგ ინგლისის ქალაქ ჰასტინგსში გადავიდა. როგორც უცხოელს, ინგლისში ქალთა ტურნირებში ასპარეზობა აკრძალული ჰქონდა, ამიტომ მამაკაცთა შეჯიბრებებში გამოდიოდა. 1927 წელს ლონდონში ჩატარებულ ქალთა მსოფლიოს პირველ ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მაინც დართეს. მენჩიკმა 11 შესაძლებლიდან 10.5 ქულა მოაგროვა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რასაც სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა. ვერა მენჩიკი 1944 წელს ტრაგიკულად დაიღუპა ლონდონის ავიადაბომბვის დროს.

1928- პაულ ელვსტრიომი. დანიელი აფროსანი. 1948, 1952, 1956 და 1960 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.

1931- ლუდმილა ეგოროვა. რუსი ტანმოვარჯიშე. მხატვრულ ტანვარჯიშში მოპოვებული აქვს გუნდური ოლიმპიური ჩემპიონობა.

1934- ფლემინგ ნილსენი. დანიელი ფეხბურთელი. 1960 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი.

1934- ფრენკ შეპო. ამერიკელი ცხენოსანი. 1960 და 1972 წლების ოლიმპიადებზე მოიპოვა ორი ვერცხლის მედალი.

1940- დენის ლოუ. შოტლანდიელი ფეხბურთელი. 1960 წლიდან “მანჩესტერ სიტიში თამაშობდა, ხოლო 1962 წელს ბრიტანული ფეხბურთისთვის სარეკორდო თანხად, 115 ათას გირვანქად “მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა. დენის ლოუმ ამ გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 409 მატჩში, 236 გოლი გაიტანა. 1963 წელს მოიპოვა ინგლისის თასი, 1965 და 1967 წლებში ჩემპიონობა. 1968 წელს “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად დაეუფლა ჩემპიონთა თასს. 1964 წელს, დენის ლოუ ევროპის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. აღიარებულია შოტლანდიის ყველა დროის უძლიერეს ფეხბურთელად.

1940- ჯიმი ელისი. მოკრივეთა შორის სუპერმძიმე წონით კატეგოერიაში, 1968-1970 წლებში ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს (ჭBA).

1952- ტომ ბურლესონი. ამერიკელი კალათბურთელი. 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი. ოლიმპიადის ისტორიაში ყველაზე მაღალი სპორტსმენი (224 სმ).

1955- ალენ პროსტი (ალენ მარი პასკალ პროსტი). “ფორმულა-1”-ის ფრანგი პილოტი. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი (1985, 1986, 1989, 1993). მასზე მეტჯერ ჩემპიონობა მხოლოდ მიხაელ შუმახერსა და ხუან მანუელ ფანხიოს აქვთ მოპოვებული.

1968- კენდალ კროსი. ამერიკელი მოჭიდავე. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 1992 და 1996 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.

1970- გია ჩხაიძე. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების, თბილისის “დინამოს,” “გურიას,” ქუთაისის “ტორპედოს,” “სამტრედიას,” სოხუმის “დინამოს” მცველი. საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი. ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 3 მატჩი.

1973- ალექსი კოვალიოვი. რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და NHL-ის კლუბ “პიტსბურგ პინგვინზის” ფორვარდი.

1976- ბრედ მაკგი. ავსტრალიელი ველოსიპედისტი. 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1977- ფლოიდ მეივეზერი. ამერიკელი მოკრივე. 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. პროფესიონალთა შორის გადასვლის შემდეგ სხვადასხვა წონაში 6-ჯერ მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. 40 ორთაბრძოლიდან 40-ივე მოგებული აქვს, მათ შორის 25 ნოკაუტით. 1998 და 2007 წლებში დაასახელეს პლანეტის საუკეთესო მოკრივედ.

1980- რომან სლუდნოვი. რუსი მოცურავე. ბრასის სტილით ცურვაში მსოფლიოს ჩემპიონი და რეკორდსმენი.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1926- ედი პლენკი. ბეისბოლისტი. 17 წლის განმავლობაში 327 თამაში აქვს მოგებული. გარდაიცვალა 51 წლის ასაკში.

1990- ტონი კონიგლიარო. ბეისბოლისტი. პნევმონიით 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1993- ბობი მური. ინგლისის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. თამაშობდა “ვესტ ჰემში,” “ფულჰემში,” “სან ანტონიო ტანდერში” და “სიეტლ საუნდერზში”. ინგლისის ეროვნულ გუნდში გამართული აქვს 108 მატჩი (1962-1973).

0.119494