ფეხბურთი

1:10 | 24.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გოლი, საგოლე პასი, მოპოვებული პენალტი და ბევრი დადებითი - ქართველების გამოყენებული შანსი (+VIDEO)

დიდი ხანი ველოდით, რომ იეს თორუპი „გენტის“ ძირითად შემადგენლობაში ორივე გიორგის, ჩაკვეტაძე-ქვილითაიას გაამწესებდა და აი, ეს დღეც დადგა. იუპილერ ლიგის XXVII ტურში „გენტმა“ „სენტ ტრუიდენს“ უმასპინძლა და დანიელმა სპეციალისტმა ინება ჩვენებურებისთვის ნორმალური სათამაშო დროის მიცემა.

ვეჭვობთ, თავადაც კმაყოფილი დარჩებოდა გაკეთებული არჩევანით, რადგან მისმა გუნდმა ადვილად, 4:1 მოიგო. მართალია, გამარჯვების მთავარი შემოქმედი მაინც კანადელი ფორვარდი ჯონათან დავიდია, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა, მაგრამ ჩვენებსაც არ დაუკლიათ არაფერი.

მეათე წუთზე ქვილითაია საჯარიმოში წააქციეს და პენალტი დაინიშნა, ბურთთან დავიდი მივიდა და გაიტანა. ოთხ წუთში ქვილითაიამაც იხეირა, ქართველმა ფორვარდმა თავით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში და იუპილერ ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა (21 თამაში, 789 წუთი). მეტი სიზუსთვის ისიც ვთქვათ, რომ ბელგიის თასზე ორჯერ აქვს თავი გამოჩენილი.

26-ე წუთზე კი, „გენტმა“ მესამე გაიტანა, დავიდს დუბლის შესრულებაში ჩაკვეტაძე დაეხმარა, რომელიც ტრავმის შემდეგ პირველად მოხვდა ძირითად შემადგენლობაში. გიორგიმ მიმდინარე სეზონში მეორე საგოლე პასი მიითვალა. ნაანტრაქტევს დავიდმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და საბოლოოდ, „გენტმა“ 4:1 მოიგო.

ქართული მონაგარი კი გოლი, საგოლე პასი და გამომუშავებული პენალტი აღმოჩნდა. ორივემ შეუცვლელად ითამაშა და კიდევ შეეძლოთ თავის გამოჩენა, განსაკუთრებით 36-ე წუთზე, როდესაც ჩაკვეტაძის დრიბლინგს ქვილითაია აგვირგვინებდა, მაგრამ მეკარემ არ დაანება გატანა.

„გენტი“ 27 ტურის თავზე 55 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა, მომდევნო მატჩი კი ევროპა ლიგაზე ხუთშაბათს, „რომასთან“ ელოდება, რომელთანაც სტუმრად 0:1 წააგო.

0.12996