ფეხბურთი

23:51 | 22.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზეს გასაჭირი

დღის გვიან მატჩში „სიტიმ“ მნიშვნელოვანი გამაჯვება მოიპოვა უშუალო კონკურენტ „ლესტერთან“ და შვიდი ქულით გაუსწრო. მნიშვნელოვანიო ვთქვით, მაგრამ თუ უეფა ორი სეზონით მართლა მოკვეთს „ქალაქელებს“ ევროთასებიდან, მაშინ რაღა აზრი აქვს ადგილს?

მაგრამ თეორიულად ისინი ჯერ კიდევ შეიძლება ლიდერ „ლივერპულს“ დაეწიონ. თანაც, ვაიდა უეფამ აკრძალვა გააუქმოს? მოკლედ, ჩახლართული ამბებია.

„კინგ პაუერზე“კი შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თუმცა გამარჯვება სტუმარ მანჩესტერელებს უფრო ეკუთვნოდათ. აკი აგუერომ პენალტიც გააცუდა. მაგრამ ბოლოს გვარდიოლას შეცვლამ გაუმართლა, აგუეროს ნაცვლად მინდორზე ჟეზუსი გაიყვანა და სამ წუთში გაბრიელმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

ფრენკ ლამპარდმა ყოფილ დამრიგებელ ჟოზე მოურინიუს მეორედ მოუგო ამ სეზონში (პირველად 22 დეკემბერს, პირველი წრის მატჩში, სტუმრად 2:0).

„ჩელსიმ“ წინა ტურში „მანჩესტერთან“ წაგების შემდეგ (0:2), საკუთარი მაყურებლის წინაშე თავი აღარ შეირცხვინა და დამსახურებულად გაიმარჯვა ჟირუსა და ალონსოს ეფექტური გოლებით.

53-ე წუთზე იყო მომენტი, როცა ტოტენჰემელი ლო ჩელსო ძალიან უხეშად ეთამაშა მასპინძელ ასპილიკუეტას. ეპიზოდი ვიდეოარბიტრმაც გადაამოწმა და არგენტინელს მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენეს. არადა, აშკარად გასაგდები იყოო - ამტკიცებენ ექსპერტები. მათი აზრით, VAR-ი სასარგებლო სიახლეა, მაგრამ ტექნიკას ჯეროვნად ვერ ფლობენ ისინი, ვინც ამ სისტემას მართავს. ამიტომ ახლავს მას ხშირად გაუგებარი გადაწყვეტილებებიო.

და ჟოზე? მოურინიუს „ტოტენჰემს,“ ჩემპიონთა ლიგის წინა მატჩის არ იყოს (0:1 „ლაიპციგთან“), არც ამჯერად ეტყობოდა ნაპერწკალი. მართალია, ერიკსენისა და სონის არყოფნამ დიდად იმოქმედა „დეზების“ თამაშზე, მაგრამ მაინც.

ხომ არ დაბერდა? ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ ფაქტია, წინა მატჩში ის 32 წლის ნაგელსმანმა დაამარცხა, ამჯერად 41 წლის ლამპარდმა. ჟოზე კი იანვარში 57-ის გახდა. აქ ალბათ, ასაკზე უფრო ფეხბურთის თანამედროვე ხედვებზეა საუბარი.

ინგლისი

პრემიერლიგა. 27 ტური. 22 თებერვალი

ჩელსი - ტოტენჰემი 2:1

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“ 40 608

1:0 ჟირუ (15), 2:0 ალონსო (48), 2:1 რიუდიგერი (89 საკ. კარში)

ჩელსი: კაბალიერო, რიუდიგერი, კრისტენსენი, ასპილიკუეტა, ალონსო, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი, ჯეიმსი, ბარკლი (ვილიანი 77), ჟირუ (აბრაჰამი 71), მაუნტი

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

ტოტენჰემი: ლორისი, ალდერვეირელდი (ორიე 78), ვერტონგენი, სანჩესი, უინკსი, ლო ჩელსო, ნდომბელე (ლამელა 63), დევისი, ტანგანგა, ბერგვეინი (ალი 78), მოურა

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: კრისტენსენი (65); უინკსი (23), ლო ჩელსო (81)

ლესტერი - სიტი 0:1

ლესტერი. „კინგ პაუერი.“ 32 068

0:1 ჟეზუსი (80)

62-ე წუთზე აგუერომ ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

ლესტერი: შმაიხელი, სეიუნჯიუ, ევანსი, ფუხსი (პერესი 90+2), ჩილუელი, პერეირა, ტილემანსი, პრატი (ჯეიმსი 85), მედისონი, იჰეანაჩო (ბარნსი 46), ვარდი

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

სიტი: ედერსონი, მენდი, ლაპორტი (ოტამენდი 58), ფერნანდინიო, უოკერი, როდრი, გიუნდოგანი, დე ბრუინი, ბერნარდუ სილვა, მაჰრეზი, აგუერო (ჟეზუსი 77)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

მსაჯი: პოლ ტირნი

გაფრთხილება არ ყოფილა

ბარნლი - ბორნმუთი 3:0

1:0 ვიდრა (53), 2:0 როდრიგესი (60 პენ), 3:0 მაკნილი (88)

კრისტალ პალასი - ნიუკასლი 1:0

1:0 ვან ანჰოლტი (44)

გაძევება: ლაზარო (90+5 ნიუკასლი)

საუთჰემპტონი - ასტონ ვილა 2:0

1:0 ლონგი (8), 2:0 არმსტრონგი (90+5)

შეფილდი - ბრაიტონი 1:1

1:0 სტივენსი (26), 1:1 მოპე (30)

0.14381