ერლინგ ჰოლანდისთვის მნიშვნელობა არ აქვს მეტოქეს, თამაშის ხასიათს, დროს - უგოლოდ მოედნიდან არ გადის. ბუნდესლიგის XXIII ტურში ნორვეგიელმა თავი ისევ გამოიჩინა, ოღონდ ისაა, რომ მხოლოდ ერთხელ...
„დორტმუნდი“ ბრემენში „ვერდერს“ ესტუმრა, რომელთანაც ორი კვირის წინ გერმანიის თასზე წააგო, მაგრამ ახლა შეცდომა არ დაუშვია და ნაანტრაქტევს გატანილი ორი გოლით მშრალად მოიგო. ჯერ ზაგადუმ გაიტანა, მერე კი ცხადია ჰოლანდმა. ნორვეგიელმა სეზონში უკვე 40 გოლი მიითვალა, ხოლო უშუალოდ „დორტმუნდის“ რიგებში 8 მატჩში უკვე 12 გოლი დაუგროვდ, რაც არანორმალური შედეგია. „ბორუსიამ“ ამ გამარჯვებით 45 ქულას მოუყარა თავი და „გლადბახს“ გადაასწრო.
იმ „გლადბახს“ რომელიც პირველი წრისგან განსხვავებით ძველებურად კარგად ვერ ირჯება და მორიგი ქულები შინ „ჰოფენჰაიმთან“ გაანიავა. არადა, „ბორუსია“ მთელი თამაში იგებდა და ბოლოსკენ გაუშვა, რის გამოც მხოლოდ ფრეს გამორჩა. შედეგად, უკვე ლიდერს 6 ქულით ჩამორჩა.
სამაგიეროდ, ლიდერ „ბაიერნს“ არ ჩამორჩა „ლაიფციგი“, რომელიც აგრძელებს ჩვენს გაოცებას და მორიგი შოუ შემოგვთავაზა. ამჯერად, გელზენკირხენში, სადაც თითქოს ასე მარტივი არაა 3 ქულის მოპოვება, მაგრამ ეს იულიან ნაგელსმანის გუნდს არ ეხება - 5:0! ნათელია, რომ „ლაიფციგი“ „ვერცხლის სინისთვის“ მიმდინარე სეზონში ბოლომდე იბრძოლებს და „ბაიერნს“ მოსვენებას არ მისცემს.
სხვათა შორის, დღეს „ლაიფიციგი“ ერთადერთი გუნდი არ ყოფილა, რომელმაც სტუმრად 5 უპასუხო გოლი გაიტანა და ისე იმარჯვა. იგივე „კიოლნმა“ გააკეთა, რომელმაც ბერლინში „ჰერტა“ დაარბია. საერთოდ, დედაქალაქელებს მძიმე დროება უდგათ, „თხები“ კი ამ მოგებით გასავარდნ ზონას მოსცილდნენ.
„გლადბახი“ – „ჰოფენჰაიმი“ 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 გინტერი (11), 1:1 რიბეირო (90)
„ჰერტა“ – „კიოლნი“ 0:5 (0:3)
გოლები: 0:1 კორდობა (4), 0:2 კორდობა (22), 0:3 კაინცი (37), 0:4 კაინცი (62), 0:5 უტი (69)
„ფრაიბურგი“ – „დიუსელდორფი“ 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 ჰოფმანი (37), 0:2 ტომი (61)
„ვერდერი“ – „დორტმუნდი“ 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 ზაგადუ (52), 0:2 ჰოლანდი (66)
„შალკე“ – „ლაიფციგი“ 0:5 (0:1)
გოლები: 0:1 ზაბიცერი (1), 0:2 ვერნერი (61), 0:3 ჰალსტენბერგი (67), 0:4 ანხელინო (80), 0:5 ფორსბერგი (89)