ფეხბურთი

18:37 | 21.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჩხეტიანი: "გუნდის ძირითადი ბირთვი გამოკვეთილია და ყველა ფეხბურთელი ერთნაირად მნიშვნელოვანია"

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ ახალწვეულები წარადგინა. წარდგენის შემდეგ კი, მედიის წარმომადგენლების კითხვებს მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა და ზაზა დოლიძემ ამომწურავად უპასუხეს.

„თურქულ შეკრებიდან ერთი მომენტი გვაკლია, ახალი ფეხბურთელების დამატებასთან დაკავშირებით, რომ გზადაგზა გვემატებოდნენ, მაგრამ მანამდე ვერც მოხერხდებოდა. ვფიქრობ, ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა. პირველ შეკრებაზე გუნდი ცოტა მოუმზადებელი იყო, რადგან რამდენიმე ფეხბურთელბი ვირუსით წავიყვანეთ, მაგრამ სპარინგების გაუქმება არ შეიძლებოდა. მეორე შეკრებაზე გუნდი უკვე მზად იყო, თამაშებიც უფრო ხარისხიანიც გამოგვივიდა. კონკურენცია ყველა პოზიციაზე საკმაოდ დიდია, ამიტომ ეს თითოეული ფეხბურთელისთვის დამატებითი მოტივაციაა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, სამუშაო და ნელ-ნელა ყველაფერი კარგად იქნება.

უნდა ვიბრძოლოთ, რამდენად ვართ მზად ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად დრო გვიჩვენებს. ახალი გუნდი ვართ, ახალი სისტემით და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ცოტა გამართლების მომენტიცაა, თუ ისეთი გუნდებიც შეგხვდება, რომელთა დამარცხება შესაძლებელი იქნება. ვნახოთ, ყველა ერთად შევეცდებით ამის გაკეთებას და ოცნების ახდენას.

ვფიქრობ, თამაშიდან თამაშამდე გუნდი უმატებდა. თავიდან ამხანაგურ მატჩებში წაგება ლოგიკური იყო. 100%-ით მზად ნამდვილად არ ვართ, ბევრი გვაქვს სამუშაო და საფეხბურთო ასპექტები დღითიდღე გვაქვს გამოსასწორებელი. გუნდში გამოცდილი და ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს და ყოველდღიურად მუშაობით ვვითარდებით. ვარჯიშზე კეთედება ის ყველაფერი, რაც თამაშზე შეიძლება დაგვჭირდეს და მადლობას ვუხდი ბიჭებს. საქმეში ჩართულობა მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ჩვენი თამაში უკეთესი გახდეს.

დაკომპლექტებას რაც შეეხება, ამ ეტაპისთვის რაც შესაძლებელი იყო, დავიმატეთ. მოვიძიეთ მაქსიმალური ინფორმაცია და მოთამაშეები ისე დავიმატეთ. პირველი წრე, როდესაც დამთავრდება, გამოჩნდება რომელ პოზიციაზე დაგვჭირდება გაძლიერება. ეს სამუშაო პროცესია და ყოველთვის სჭირდება გუნდს გაძლიერება. რაც შეეხება შულაიას, მოსვლისთანავე პირველი მას ვესაუბრე, რომ გუნდში დარჩენილიყო, 6 თვე კიდევ აქვს კონტრაქტი. მას სურდა, რომ გუნდი დაეტოვებინა და ევროპაში წასულიყო. ჯერჯერობით ეს ყველაფერი არ გამოდის და ეს დრო ტყუილუბრალოდ დაკარგა. ვისურვებდი, რომ ასეთი სწრაფი ფეხბურთელი ჩვენთან იყოს, მითუმეტეს დასაკარგი მოთამაშეები არ გვყავს. კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება და იმედი გვაქვს დარჩება. უმჯობესი იქნებოდა შეკრებამდე მოგვარებულიყო ეს სიტუაცია, მაგრამ თუ პრობლემებს ხელმძღვანელობასთან მოაგვარებს, მე სიამოვნებით დავაბრუნებ და ძირითად გუნდთან ერთად გააგრძელებს ვარჯიშს.

ლევან მჭედლიძეს ტრავმა ჰქონდა, ახლა კი გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მის შეცვლაზე საუბარი არაა, რადგან კონტრაქტი აკავშირებს. ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ ძველი ფორმა დაიბრუნოს, მაგრამ ამას დრო სჭირდება. კონკრეტულ თამაშში ვინც იქნება უკეთეს ფორმაში ის იქნება ძირითად შემადგენლობაში. ლევანი, როგორც ჩვენი გუნდისთვის, ისე ნაკრებისთვის გამოსადეგარი ფეხბურთელია. ამდენი ტრავმების ფონზე უკვე ფსიქოლოგიური პრობლემებიც გამოიწვია და ვუთხარი, რომ საკუთარი თავი დააჯეროს, რომ აღარაფერი არ ტკივა და კარგად თამაში შეუძლია.

გუნდის ძირითადი ბირთვი გამოკვეთილია და ეს არის დღევანდელი გუნდი, ნებისმიერი ფეხბურთელი, რომლებიც დარწმუნებული ვარ ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. ყველასი ძალიან მეიმედება და ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია.

ფეხბურთელი, რომელსაც შევხედავ, რომ ისეთ გუნდში მიდის, სადაც ვერ განვითარდება, უგზო-უკვლოდ, პირველი ხელს მე შევუშლი, მაგრამ თუ კარგ წინადადებას მიიღებს, რომელიც პირადად მას, ეროვნულ ნაკრებს წაადგება, რა თქმა უნდა ხელს არ შევუშლით და პირიქით, ხელს შევუწყობთ. ღმერთმა ინებოს, რომ ჯგუფში მოვხვდეთ, მერე ყველა ფეხბურთელის ფასი აიწევს და ბევრად უკეთესი გუნდებისგან ექნებათ წინადადებები.

ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ტიტული და ბედნიერი ვიქნები თუ სუპერთასს მოვიგებთ. „საბურთალო“ ძალიან კარგი გუნდია, იქაც ცვლილებები მოხდა, მაგრამ ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშებით და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

ერთა ლიგას რაც შეეხება, უპირატესობა გვაქვს, რომ სახლში ვთამაშობთ, მაგრამ ვფიქრობ, შანსი 50-50-ზეა, რადგან ძალიან რთული თამაში გველოდება. ყველა ფეხბურთელის ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ ყველა ითავისებს იმ აზრს, თუ რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის. ვფიქრობ, ყველაფერს გაიღებენ ბიჭები და ჩვენც ყველანი მათ გვერდით ვიქნებით. უფლის წყალობით საქართველოს ნაკრები მიაღწევს წარმატებას და ყველა ერთად გავიხარებთ“, - განაცხადა ჩხეტიანმა,

„დინამოში“ არსებულ ვითარებაზე და სატრანსფერო პოლიტიკაზე გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ ისაუბრა:

„გუნდის სელექციის სისტემა მთლიანად შეიცვალა. ძალიან ცოტა დრო გვქონდა, მაგრამ სელექციის პროცესი გაგრძელდება, რომელ პოზიციაზეც გამოჩნდება, რომ გაძლიერება დაგვჭირდება, იმის მიხედვით პარალელურ რეჟიმში ვიმუშავებთ. ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვცდილობთ გუნდის გაძლიერებას. რაც შეეხება შულაიას, სწორად აღნიშნა ბატონმა კახამ მას კონტრაქტი აქვს „დინამოსთან“, მაგრამ სურვილი ჰქონდა ევროპაში მოესინჯა ძალები, შევთავაზეთ გაუმჯობესებული კონტრაქტი, მაგრამ მაინც წასვლა უნდოდა, თუმცა შესაბამისი გუნდი ვერ მოძებნა. რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელია თავის არჩევანში თავისუფალია, ამის მიუხედავად ჩვენი წინადადება ისევ ძალაშია და მას ძალიან ვაფასებთ, ვთვლით, დიდი ძალაა ჩვენი გუნდისთვის, მაგრამ მისი გადასაწყვეტია დარჩება თუ არა ჩვენთან. ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ, მოვიყვანეთ მის პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელიც, რადგან კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვანია. მასაც და გუნდსაც აქვთ თავიანთი პოზიცია, თუ ის მოძებნის გუნდს ხელს არ შევუშლით.

ვინ უფრო კარგი სატრანსფერო პოლიტიკა აწარმოა, ამას დრო და საქმე აჩვენებს, რომელიც 23 თებერვლიდან დაიწყება. მანამდე რთულია შეფასება ვინ უფრო გაძლიერდა ამ სატრანსფერო პერიოდში. დარწმუნებული ვარ სუპერთასზე ძალიან კარგი თამაში იქნება, ტიტული მნიშვნელოვანია და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ნინუას რაც შეეხება, მსურველები არ აკლია, მას კონტრაქტი აქვს ჩვენთან 2021 წლის ბოლომდე და გუნდში რჩება“, - აღნიშნა დოლიძემ.

შეგახსენებთ, „დინამო“ სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს 23 თებერვალს, „საბურთალოსთან“ საქართველოს სუპერთასის ეგიდით ჩაატარებს.

0.156395