კალათბურთი

21:14 | 20.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

უმძიმესი გამარჯვება შვეიცარიასთან

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაიწყო. თავიდანვე განვმარტოთ, რომ ილიას ზუროსის გუნდს ფინალური ეტაპის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, როგორც მასპინძელს და ეს შესარჩევი ციკლი მისთვის ფორმალობაა, შეუძლია მოსამზადებლად გამოიყენოს.

თუმცა, თბილისის სპორტის სასახლეში ჯგუფის აუტსაიდერ შვეიცარიასთან ქართველებს დიდი ნერვიულობა მოუწიათ. არადა, თამაში ისე დაიწყო, თითქოს მარტივ გამარჯვებას წინ არაფერი დაუდგებოდა. პირველ პერიოდში დაცვაში ჩინებული თამაშის ხარჯზე შვეიცარიამ მხოლოდ რვა ქულა ჩააგდო და მთლიანობაში დიდ შესვენებაზე საქართველო 13-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

აი, რაც ნაანტრაქტევს მოხდა, რთული ასასხნელია. შვეიცარიამ საქართველოს ნაკრების ფარქვეშ სრული დომინაცია დაამყარა და ამის ხარჯზე, ჩამორჩენის გაბათილება დაიწყო. სტუმრებმა შეტევაში ბურთი 23-ჯერ მოხსნეს, რაც ცხადია საოცრად დიდი მაჩვენებელია და შედარებისთვის საქართველომ დაცვაში ამ კომპონენტში მხოლოდ 33-ჯერ იყოჩაღა.

შვეიცარია მესამე-მეოთხე პერიოდში შეუდარებლად ირჯებოდა, მაგრამ მატჩის მიწურულს ბექა ბურჯანაძის სამქულიანმა თითქოს მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. თუმცა, ასე არ ყოფილა, საქართველო ორ ქულას იგებდა და ზედ საფინალო სირენამდე 0.01 წამით ადრე შვეიცარიამ ორქულიანი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა - 79:79. სხვათა შორის, სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში, ზუროსის გუნდის ფარზე შვეიცარიელებმა ერთ შეტევაში ბურთი ზედიზედ სამჯერ მოხსნეს და საბოლოოდ, თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა მოახერხეს.

შედეგად, გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი დაინიშნა, სადაც ისევ სტუმრებმა დაიწყეს უკეთ, მაგრამ დასკვნითი სამი წუთი უკვე ქართველების კარნახით წარიმართა. გიორგი შერმადინის ორი ჯარიმა, ბექა ბურჯანაძისა და მიხეილ ბერიშვილის სამქულიანების შემდეგ შვეიცარია გატყდა და ზუროსის გუნდმა 96:88 იმარჯვა.

ცხადია, მატჩი ჩვენთვის პრაქტიკულად საკონტროლო ხასიათზე ატარებდა, გუნდის ლიდერები (თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე) გვაკლდა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შვეიცარიასთან ასეთ თამაშს და მეტწილად დაცვაში, გამართლება ნამდვილად არ მოეძებნება.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო 16 ქულით, 13 მოხსნითა და 4 პასით. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა. ბექა ბურჯანაძე მას მცირედით ჩამორჩა (24 მარგი ქმედების კოეფიციენტი), თუმცა ქულებით თანაგუნდელებში გამორჩეული გახლდათ - 21 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი. თად მაკფადენმა 18 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, ათქულიან ზღვარს კიდევ ორი ჩვენებური, დუდა სანაძე (14 ქულა) და მიხეილ ბერიშვილი (11 ქულა) გადასცდნენ.

შვეიცარიის ნაკრებში შეუჩერებელი იყო ჯონათან კაზადი, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა - 22 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი და რა გასაკვირია, რომ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 30 აღმოჩნდა. პატრიკ ბალდასარე კი თავის გუნდს 18 ქულით შეეწია.

ამრიგად, საქართველომ შესარჩევი ეტაპი უმძიმესი, მაგრამ გამარჯვებით დაიწყო, ხოლო მომდევნო შეხვედრას ჯგუფის ფავორიტ სერბეთთან სტუმრად 23 თებერვალს გამართავს.

საქართველო - შვეიცარია 96:88 ო.ტ (17:8, 25:21, 16:24, 21:26, 17:9)

მატჩის სტატისტიკა

0.144629