ბლოგი

14:05 | 16.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

რატომ არ მიყვარს რუსეთის ჩემპიონატი

არ მიყვარს რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატი, მაგრამ როდესაც რუსეთში მობურთალი ქართველი ფეხბურთელი იქაურებსსისხლს უშრობს და დარტყმულ ბურთებს მატროსოვივით ეფარება, რაც არ უნდა რუსებზე გამწყრალი კაცი იყო, მაინც გიხარია. ბოლოს და ბოლოს, ასეთი კარგი ამბები ქართველი ფეხბურთელების თავს იმდენად იშვიათად ხდება, რომ დიდი კი არა, სულ პატარა სასიხარულო ინფორმაციასაც კი ერთი ამბით ვხვდებით ხოლმე.

მთელი რიგი მიზეზების გამო, რუსული კლუბების ჩემპიონთა ლიგაზე გამართული საშინაო მატჩები სხვა თამაშებზე ადრე იმართება ხოლმე და ბუნებრივია, ამ თამაშების ცქერა რუსული კომენტატორის მოსმენის თანხლებით გვიწევს.

საქართველოში ბევრს მოსწონს რუსულად კომენტირებული მატჩები, მაგრამ მე იმ მცირედ გამონაკლისს მივეკუთვნები, რომელსაც რუსი კომენტატორის ყვირილის და მავანი რიჟიკოვის ქების მოსმენას, თუნდაც ჩემთვის გაუგებარ ენაზე მოსაუბრე (იყოს, პოლონელი, ჩეხი, ხორვატი, თუნდაც ანდორელი...) წამყვანის მოსმენა, ანდა სულაც ტელევიზორისათვის ხმის დაწევა მირჩევნია, მაგრამ ყოველთვის ვერ გექნება თამაშის მარტო – ტელევიზორის ხმადაწეულად მოსმენის და ცქერის ბედნიერება. ქართველი იმის ქართველია, რომ ყველას ანგარიში უნდა გაუწიოს და მეგობრის ხათრით არც რუსულად კომენტირებულ თამაშზე უნდა თქვას უარი.

ევროპაში ძველი, თუნდაც ბრწყინვალე გამარჯვებების გადაფასება ძალიან მარტივად ხდება, რადგან ევროპელები მუდამ დღევანდელობით ცხოვრობენ და კლუბები მათი დღევანდელი შესაძლებლობებით უფრო ფასდება, ვიდრე მათ დიდების მუზეუმებში მტვერწაყრილი ძველი თასებით. მაგრამ სულ სხვა ამბავია რუსეთი, რომლებიც მიღწეულ გამარჯვებასა და ფრეს, შოვინისტური იდეოლოგიის ნაწილად აქცევენ და ვთქვათ ყაზანის სტადიონზე აფრიალებული აფხაზეთის სეპარატისტული დროშა რომ დროშაა, ისიც კი თავის ადგილს დაიკავებს ამ იდეოლოგიურ აბდაუბდაში.

რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატი ერთი დიდი უცნაურობების ფოერვერკია თავისი ე.წ. ქომაგებითა და კლუბის პრეზიდენტებით, რომლებიც რეალურად ხელისუფლების მიერ იძულებით დანიშნული ბიზნესმენები არიან და მათ როგორც იტყვიან “შეწერილი“ აქვთ გარკვეული თანხის დახარჯვა. ასეთ ფსევდოპრეზიდენტებს ხშირად ფეხბურთი საერთოდ არ უყვართ და იმ დღის გახსენებაც კი სძულთ, როდესაც საფეხბურთო კლუბზე პასუხისმგებლობის აღება აიძულეს.

ასეთ ქვეყანაა რუსეთი და ასეთი იყო მუდამ. რუსეთი სხვა ვისი მოკავშირე შეიძლება იყოს, თუ არა ვენესუელასი, ნიკარაგუის, კუბის... რუსეთისდა სამწუხაროდ, აფრიკაში კაციჭამია პრეზიდენტები აღარ არიან, თორემ მოსკოვის სტადიონის ტრიბუნაზე, რუსეთის დროშა, თავზე ადმიანისძვალდამაგრებულ ხალხსაც ეჭირებოდა. რა გასაკვირია?!...

0.123083