ჭიდაობა

18:39 | 10.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ რომაულ-ჭიდაობაში: ორი ნახევარფინალისტი პირველივე დღეს

იტალიის დედაქალაქ რომში დღეს სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში და საქართველოს დელეგაციას პირველივე დღე ორი ნახევარფინალსტი ჰყავს.

55 კგ წონით კატეგორიაში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია წარმატებით ასპარეზობს. ქართველმა მოჭიდავემ პირველ წრეში ავსტრიის სახელით მოასპარეზე სარგის გევორგიზიანი აშკარა უპირატესობით 8:0 დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში იგივე ანგარიშით მოლდოველ არტიუმ დელანუს სძლია. წურწუმია ნახევარფინალში რუს ვიტალი კავალოევს დაეჭიდება.

ასევე ნახევარფინალში იჭიდავებს 130 კგ წონით კატეგორიაში ლევან არაბული, რომელმაც თავდაპირველად იტალიელი ელ მაჰდი როკარო 9:0 გაანადგურა, ხოლო შემდეგ ამავე ანგარიშით გერმანელი იელო კრამერი დაამარცხა. ფინალის საგზურისთვის არაბული ფინელ არვი მარტინ სავოლაინენს დაუპირისპირდება.

63 კგ წონით კატეგორიაში ლევან ქავჟარაძემ სომეხ საჰაკ ჰოვანესიანს 8:0 აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალში ნორვეგიელ სტიგ-ანდრე ბერგთან 2:7 დამარცხდა. ქავჟარაძეს რეპეშაჟში ასპარეზობის უფლება და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი იმ შემთხვევაში ექნება თუ ფინალში ნორვეგიელი მოჭიდავე გავა.

77 კგ წონით კატეგორიაში საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველივე შეხვედრა წააგო დემურ ქავთარაძემ, რომელიც რუს ისლამ ოპიევს (1:3) ვერ გაუმკლავდა, რომელიც თავის მხრივ მეოთხედფინალში დამარცხდა და ჩვენებურმაც მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.

87 კგ წონით კატეგორიაში საწყის ეტაპზე თორნიკე ძამაშვილმა მსოფლიო ჩემპიონი, სომეხი მაქსიმ მანუკიანი 3:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი რუს ალექსანდრ კომაროვთან 2:6 წააგო და ახლა ბრინჯაოს მედლისთვის შანსს ელოდება და ნახევარფინალში რუს მოჭიდავეს უნდა უქომაგოს.

აქვე გეტყვით, რომ ფინალური ბლოკი დღეს, თბილისის დროით 21:00 საათიდან დაიწყება.

0.118167