ფეხბურთი

21:07 | 8.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

არცერთი ქართველი ძირითადში, კაჭარავას საგოლე პასი და ლიდერობის დაკარგვის საფრთხე (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის XIX ტურში ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ნიქოზიის „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრა და ძალზე მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. თემურ ქეცბაიას გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის და ფეხის დაცდენის დრო ნამდვილად არ ჰქონდა, მაგრამ დაუცდა.

პირველი ტაიმი „ანორთოსისმა“ გორდონ შილდენფელდის ავტოგოლით წააგო, ხოლო 90-ე წუთზე მეორეც გაუშვა. მართალია საპასუხო შეტევაში მიხალ დურისმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მეტისთვის უბრალოდ დრო აღარ იყო - 1:2. სლოვაკს ასისტენტობა კაჭარავამ გაუწია.

მიუხედავად ქართველთა სიმრავლისა, ფამაგუსტელთა ძირითად შემადგენლობაში არცერთი ჩვენებური არ ყოფილა. უფრო სწორად გიორგი ლორია უნდა ყოფილიყო, თუმცა მატჩისწინა გახურებისას ცხვირიდან სისხლი წასკდა და თამაში ვერ მოახერხა. გიორგიმ ცხვირი სამი დღის წინ „აპოელთან“ მატჩში დაიზიანა, მაგრამ მას შემდეგ ვარჯიშებზე პრობლემა არ შექმნია, ახლა კი, გახურებისას იჩინა თავი დაბრკოლებამ და სამწვრთნელო შტაბმა მისი დასვენება გადაწყვიტა.

თორნიკე ოქრიაშვილი და მურთაზ დაუშვილი განაცხადში არ ყოფილან. პირველი ისევ ტრავმირებულია, ხოლო მეორე ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიკაციას იხდიდა.

თადარიგში იყვნენ ჯანო ანანიძე და ნიკა კაჭარავა. ქეცბაიამ მეორე ტაიმში ორივეს მისცა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა, ანანიძე 62-ე, ხოლო კაჭარავა 76-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე, მაგრამ საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნეს.

ეს წაგება დიდი ალბათობით, „ანორთოსისს“ ლიდერობის დაკარგვად დაუჯდება, რადგან ამ წუთისთვის 40 ქულა აქვს და „ომონიას“ ორი ქულით კი უსწრებს, მაგრამ ნიქოზიელები ხვალ ჩემპიონატის აუტსაიდერ „ახნასს“ უმასპინძლებენ და გამარჯვების შემთხვევაში თავად გალიდერდებიან.

0.069434