კატალონიის „ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა ერიკ აბიდალთან ლიონელ მესის მომავლისა და ახალი კონტრაქტის შესახებ ისაუბრა. ფრანგის განცხადებით, ასეთი კალიბრის მოთამაშესთან ხელშეკრულების გახანგრძლივება ადვილი არაა.
„მესის მომავალი? ეს კითხვა მას უნდა დაუსვათ, იმედი მაქვს, ჩვენთან დარჩება. ყოველთვის ამბობდა, რომ „ბარსელონა“ მისთვის ყველაფერია, რაც ნიშნავს, რომ დარჩენა უნდა. ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელზე და ასეთი ტიპის ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმება ადვილი არასდროსაა“, - თქვა აბიდალმა.
შეგახსენებთ, რომ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა არსებული პუნქტის თანახმად გუნდის დატოვება დამდეგ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსითაც შეუძლია.
რამდენიმე დღის წინ არგენტინელმა აბიდალი საჯაროდ გააკრიტიკა, რის შემდეგაც დაირხა ხმები, რომ მესის კატალონური გრანდის დატოვება უნდა.