კალათბურთი

22:47 | 7.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა

სუპერლიგაში ლიდერი შეიცვალა – “ბათუმმა” “დინამო” დაამარცხა და თუკი ამ ტურის ხვალიდნელ შეხვედრაში თსუ “მგზავრებს” ვერ მოუგებს, ლიდერობას შეინარჩუნებს.

გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ბათუმმა დღეს დაწყებული მე-12 ტურის მატჩში “დინამოს” უმასპინძლა და უშუალო კონკურენტი დამაჯერებელი სხვაობით – 98:85 (სტატისტიკა) დაამარცხა. ზღვისპირელები პირველივე წამებზე რომ დაწინაურდნენ, დარჩენილ დროში ლიდერობა აღარ დაუთმიათ. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი დინამო, რომელიც პირველი წრის შემდეგ მეორე ადგილზე იყო და ბოლო 2 მტჩის წაგებით მეოთხემდე დაქვეითდა, ეროვნული ნაკრების წევრ გიორგი ცინცაძითა და კიდევ 2 ამერიკელი ლეგიონერით გაძლიერდა. თუმცა ცინცაძე ტრავმირებულია, ემილ ჩუკაკას გათავისუფლების ფურცელი არ მიუღია, ხოლო მესამე ახალწვეულმა ტაირელ ჯონსონმა დღევანდელ მატჩში 15 წუთში 10 ქულა ჩააგდო.

ბათუმელებმა პირველ პერიოდში 25:17 აჯობეს დინამოელებს, თუმცა სტუმრებმა მეორე ათწუთეულის მოგებით დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს და წარმატების იმედი მიეცათ. ნათქვამია, ვინც იგებს მე-3 პერიოდს, ის იგებს მატჩსო და ეს აზრი ამ შეხვედრაშიც გამართლდა. აღნიშნული მეოთხედი ბათუმელებმა 27:16 მოიგეს, 16-ქულიან ლიდერობას მიაღწიეს და შეხვედრის ბედიც გადაწყვიტეს. დარჩენილ დროში მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილმა დინამოელებმა მხოლოდ იმას მიაღწიეს, რომ დასრულებამდე 7 წუთით ადრე მეტოქეს 9 ქულით მიუახლოვდნენ. ეს იყო მათი მაქსიმუმი.

მასპინძელთა გამარჯვება ლოგიკური იყო, რადგან გუნდის წამყვან პოზიციებზე გამწესებულმა კალათბურთელებმა – გამთამაშებელმა ნიკოლაოს დიპლაროსმა და ცენტრმა იკოლა ვუიოვიჩმა – უბადლოდ ითამაშეს. ამას დაუმატეთ ფრთის პოზიციაზე მყოფი კოლინ მალკოლმის ჩაგდებული 27 ქულა და ბათუმელთა გამარჯვება გაუსაჩივრებელი იქნება.

ბათუმელებს სოლიდური პროგრესი აქვთ და მეორე წრეში მოპოვებული 2 გამარჯვების შემდეგ დამსახურებულად არიან პირველ ადგილზე. სუპერლიგის მე-12 ტურის მორიგი 2 შეხვედრა შაბათს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, ტურის დარჩენულ ორ მატჩს კი რუსთავი და ქუთაისი კვირას უმასპინძლებენ.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11383