ფეხბურთი

18:30 | 4.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ანორთოსისს" "აპოელთან" პრინციპულ თამაშში ანანიძე და ოქრიაშვილი ვერ დაეხმარებიან

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ხვალ კვიპროსის ჩემპიონატში უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს და ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ „აპოელს“ ნიქოზიაში ესტუმრება.

აღსანიშნავია, რომ თემურ ქეცბაია აღნიშნულ შეხვედრაში ორ ქართველს, თორნიკე ოქრიაშვილსა და ჯანო ანანიძეს ვერ დაიხმარს. ოქრიაშვილი ტრავმირებულია და ხვალინდელი მატჩისთვის გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო.

რაც შეეხება ფამაგუსტელთა ახალწვეულ ანანიძეს, მას ტრავმა არ აწუხებს, უბრალოდ ამ თამაშში მონაწილეობის უფლება არ აქვს. საქმე ისაა, რომ „აპოელი“ – „ანორთოსისის“ შეხვედრა ჯერ კიდევ 2019 წლის 5 ოქტომბერს, მეხუთე ტურში უნდა გამართულიყო, თუმცა თამაში გადაიდო და ხვალ ჩატარდება.

სწორედ ამიტომ, რადგან გადადებული მატჩია ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დამატებულ ფეხბურთელებს თამაშის უფლება ადგილობრივი რეგლამენტით არ აქვთ. ანანიძის გარდა, იგივე ვითარებაა დემეტრის ხრისტოფის შემთხვევაშიც, რომელიც ქეცბაიას კრებულს ახალხან შეუერთდა.

შეგახსენებთ, „ანორთოსისი“ „აპოელს“ ცოტა ხნის წინაც, 12 იანვარს შეხვდა და 1:0 დაამარცხა. ფამაგუსტელები 39 ქულით ლიდერობენ გათამაშებას, უახლოეს მდევარ „ომონიას“ ქულით, ხოლო „აპოელს“ ხუთი ქულით უსწრებენ.

0.118255